ოთხ. ოქტ 9th, 2024

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა.
msnews.ge დაინტერესდა რას ფიქრობენ ფოთელები ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე ოჯახში თუ პოლიტიკაში. ჩვენ გამოვკითხეთ თითქმის ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანები. უმრავლესობის თქმით ძლიერი ქალი ყველა სფეროს სჭირდება და პოლიტიკაშიც გენდერული ბალანსი მაინც უნდა იყოს დაცული.

გამოკითხულთაგან იყვნენ ისეთი ქალებიც, რომლებსაც მათივე სქესი საჭესთანაც კი აღიზიანებდათ არა თუ პოლიტიკაში. ზოგისთვისაც კი გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაც კი გასაშიფრი გაგვიხდა.

60 წლის დარეჯანი თვლის: ,,ადრე უფრო მოკრძალებულნი იყვნენ ქალები. ქალი საჭესთან, რომ ზის კაცს ვალდებულს ხდის გზა დაუთმოს და ზუსტად მაგათ გამო ხდება ავარიები. კაცს მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ჭკუა აქვს. ქალი უფრო ოჯახში, სამზარეულოში უნდა იყოს”.

20 წლის თიკა მიიჩნევს, რომ: ,,ბალანსი დაცული უნდა იყოს, როგორც ოჯახში, ასევე პოლიტიკაშიც. 21 საუკუნეა და კაცი ვერ ადგამს თავს და ქალი რას იზამს, თუმცა დღეს კაცებსაც ვერ ვუგებ, რაც აშენებული იყო ისიც დაანგრიეს. ქალებიც არიან ჭკვიანები, მაგრამ ქალი მაინც დაბნეულია”.

ქალებისგან განსხვავებით გამოკითხულ მამაკაცთა უმრავლესობა ქალთა აქტივობას პოლიტიკაში დადებითად ხსნის – ,,ქალიც შეიძლება იყოს ჭკვიანი”.

,,მე ნასწავლი კაცი არ ვარ, მაგრამ ქალებიც ჭკვიანები არიან და რა მნიშვნელობა აქვს ქალი იქნება თუ კაცი, მთავარია შეძლოს საქმის გაძღოლა. ქალებიც ჭკვიანები არიან”- გვითხრა 65 წლის, ტაქსის მძღოლმა ვალერი კვარაცხელიამ.
14 წლის ნიკას აზრით: ,,ქალები უკეთ შეძლებენ მართვას, ყოველ შემთხვევაში კაცებზე ნაკლებად არ მართავენ. ვხედავთ კაცები როგორ მართავენ და რატომაც არ უნდა იყოს მეტი ქალი პოლიტიკაში?”

,,რა მნიშვნელობა აქვს ქალს და კაცს, მთავარია ჭკვიანი იყოს. მსოფლიოს ქალები მართავენ. ჭკვიანი ქალი ნებისმიერ სამსახურს ფეხზე დააყენებს”- ასეთია ფოლკლორის ცენტრის მენეჯერის გიგლა თურქიას მოსაზრება.

გამოკითხულთაგან იყვნენ ისეთი ქალბატონებიც, რომლებიც დღესაც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არიან.

ბიბლიოთეკების გაერთიანების უფროსის ნუნუ ჭელიძის განმარტებით:

,,საქართველოში გენდერული ბალანსი აუცილებელია როგორც პოლიტიკაში ასევე მმართველობაში. ამიტომ უფრო მეტი ქალი უნდა იყოს მმართველობაში, ძლიერი მენეჯერი ქალი ყველა სფეროს სჭირდება. საკრებულოში აუცილებელია მეტი ქალი დეპუტატი იყოს, რადგან ქალის გონებას გაცილებით მეტი შეუძლია და ამ პოტენციალის გამოყენება მნიშვნელოვანია. ქალები ძალიან ძლიერები და შორს მჭვრეტელები არიან, ჩემი აზრით ამ მხრივ რაღაც ბალანსი პარლამენტში დაცულია. როგორც საქართველოს უახლოესმა ისტორიამ დაგვანახა ქალები უფრო ძლიერები ვართ.”

კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი კესო კალანდარიშვილი თვლის, რომ ქალები დაჩაგრულები არიან, რადგან მეტი ქალი უნდა იყოს მმართველობაში და პოლიტიკაში. თუმცა იქვე განმარტავს:

“ძნელია ქალი ოჯახში და მაღალ თანამდებობაზე ერთდროულად კარგი მმართველი იყოს, მაგრამ ქალის სიძლიერიდან გამომდინარე ამას შეძლებს“.

სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ნინო ჯაკონია მამაკაცების როლის დაკნინებაზე საუბრობს:

,,კაცის ფუნქციები, რომ დაკნინდა დღეს ეს ნათლად ჩანს. ქალმა აიღო ,,ვერხი“, ქალებმა მოიტანეს დღეს ოჯახი მათი მხრებით. ქალები არიან გადაცვენილები საზღვარგარეთ სამუშაოდ ოჯახის და შვილების სარჩენად. კაცები კიდე სხედან სახლში და ელოდებიან ქალის გამოგზავნილ ფულს და ზოგ შემთხვევაში ცოლის მიერ სიმწრით ნაშოვ ფულს სხვა ქალს ახარჯავენ“.