შაბ. აპრ 27th, 2024

საქართველოში წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება დაცარიელებული სოფლების რიცხვი. ეს განსაკუთრებით მთიან რეგიონებს ეხება, მაგრამ არც ბარის სოფლები გახლავთ გამონაკლისი. გამალებული მიგრაცია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მიგრაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთაც არ შეჩერებულა. მეტიც, ექსპერტების თქმით, მთავრობის მიერ განხორციელებულ სოფლის მეურნეობის აღორძინების პროგრამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია და სოფლები ისევ ცარიელია ან თითო ოროლა მოსახლის იმედითღა არსებობს. ეს პროცესი წლებია გრძელდება. ვითარებას ყველაზე მეტად ის ფაქტი ართულებს, რომ არ არსებობს რეგიონებიდან მიგრაციის ზუსტი სტატისტიკა და პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავართ შეიძლება უფრო ღრმა და ფართო იყოს,

სოფლების მოსახლეობისგან დაცლის უმთავრეს მიზეზად სუსტი თვითმმართველობა სახელდება. არ არსებობს პირობები, რომლებიც ახალგაზრდებს სოფელში დარჩენის სურვილს გაუჩენს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზამთარში, იკეტება გზები და თითქმის შეუძლებელია გადაადგილება, მოსახლეობას შეფერხებით ან საერთოდ არ მიეწოდება წყალი, გაზი და ელექტროენერგია. ახალგაზრდებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ დასაქმდნენ და მიიღონ განათლება. ეს უკანასკნელი პრობლემა კი იმდენად მწვავედ დგას, რომ ბავშვები იძულებულნი არიან მხოლოდ იმის გამო დატოვონ ოჯახები,რომ ისწავლონ და მიიღონ სათანადო განათლება. სოფლებში ახალგაზრდების კლება პირდაპირ გავლენას ახდენს დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც.

საქართველოს სოფლების უმრავლესობაში სახლები დაკეტილია, ბაღები კი გავერანებული. სოფლებში ერის დაბერება აქტიურად მიმდინარეობს, თბილისში კი შიდა მიგრაციის ხარჯზე დღითიდღე იმატებს მოსახლეობის რიცხვი და სამართლიანად შეერქვა დედაქალაქს “თავკომბალა“. სოფლებში შობადობა ძალიან დაბალია, რეალობაა  თითქმის დაცარიელებული სოფლები, რომლებიც მოხუცების იმედადაა და წლების შემდეგ ეს ადგილები ნასოფლარებად გადაიქცევა ისე, როგორც ეს დაემართა სამეგრელოს რამდენიმე სოფელს. ზუგდიდის,  მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში არის სოფლები , სადაც 10-ზე ნაკლები მოქალაქე ცხოვრობს და დაბრუნებასაც არავინ აპირებს, ამდენად, სულ რამდენიმე წელიწადში, თუ სახელმწიფო პოლიტიკა არ შეიცვალა, ეს სოფლები ნასახლარ სოფლებს მიემატება.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში გათანაბრებულა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის რაოდენობა. მას შემდეგ კი დაიწყო სოფლიდან მიგრაცია. სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, კარგად სჩანს თუ როგორ იზრდება მოსახლეობის რაოდენობა ქალაქად და სოფლად კი პირიქით, კლებულობს.

დავათვალიერეთ აბაშის ერთ ერთი ნასოფლარი კედარი, რომელიც საძოვრად გადაქცეულა. სოფელში ეულად დგას ტაძარი, რომელიც მლოცველებს ამაოდ ელის. ამ სოფლის მოსახლეობა წინა საუკუნეში პოლიტიკური მოტივით მთლიანად აუყრიათ და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაუსახლებიათ და დარჩენილა ტაძარი ცარიელ სოფელში.  ეკოლოგიური მიზეზით მიტოვებული სოფელიც არსებობს აბაშის რეგიონში – გამუდმებული წყალდიდობის გამო, სოფელ ტყირის მოსახლეობა აყრილა და სხვა ადგილად დასახლებულა, იქაც დარჩენილა ტაძარი სახნავ სათეს მიდამოებს შორის.

ეკონომიკური მდგომარეობის გამოც უამრავი ადამიანი ტოვებს სამშობლოს და იძულებულია სხვა ქვეყანაში ეძებოს  საარსებო საშუალება. სოფლებიდან მიგრაცია ხორციელდება  ქალაქებშიც. სოფლებს ტოვებს ახალგაზრდობა, რადგან სამუშაოები შრომატევადია და ამავე დროს ძვირი, მოსავალი კი ხშირად  ვერ ფარავს გაწეულ ხარჯებს. ამდენად, გლეხი, მით უმეტეს სოფლელი ახალგაზრდა იძულებულია ქალაქში გადავიდეს საცხოვრებლად და სამუშაოდ, გარანტირებული ხელფასის იმედად.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის მცხოვრები მზია ხელაია სოფელში მძიმე  სამუშაო პირობებზე  გვესაუბრა; „რა გითხრათ, სოფელში გამუდმებული შრომაა, მაგრამ შედეგი არაფერი, ყანა რომ დაამუშაო და მოსავალი მოიყვანო, უზარმაზარი თანხაა საჭირო, ძვირია საწვავი, სასუქი, არ არის საკმარისი  ტექნიკა. იშრომებ, იწვალებ და თუ ამინდმა ხელი არ შეგიწყო, წყალში ჩაგეყრება ყველაფერი. გასულ წელს ისე გაფუჭდა სიმინდის ყანები, საერთოდ ვერ ავიღეთ მოსავალი. ხარჯი კი ხარჯად დაგვრჩა. მე, პირადად, ისევ ვებრძვი მიწას, მაგრამ ბევრია, ვისაც გული აუცრუვდა და უამრავი ნაკვეთი დაუმუშავებელი დარჩა. ახალგაზრდებს არ უნდათ ამაო შრომა, საზღვარგარეთ მიდიან, სადაც ხელფასებია და თავის რჩენას შეძლებენ, ან დიდ ქალაქებში მიდიან, სადაც სამუშაო ადგილები მეტადაა“.

ირინა გეთია სამეგრელოს რეგიონის ერთ ერთ სოფელში ცხოვრობს, მაგრამ რადგან თავისი სპეციალობით სოფელში ვერ დასაქმდა, იძულებულია ყოველ დღე სამსახურში წავიდეს  ფოთში, რომელიც მისი საცხოვრებელი ადგილიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული და სირთულესთან ერთად მისთვის გარკვეულ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული, თუმცა, როგორც ამბობს, „ქალაქში ვმუშაობ, რადგან ჩემს სოფელში ვერ დავსააქმდი. არ არის სამუშაოები. იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ ვხედავ. სამუშაო ნამდვილად მჭირდება, რადგან მხოლოდ სოფლის შემოსავლის იმედად ვერ იქნება ადამიანი. ჩემსავით მრავალი ახალგაზრდაა და ასაკოვანიც. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ახალგაზრდები მოწყდებიან სოფელს და საცხოვრებლადაც  ქალაქში  გადადიან. მართალია, ყველაფერი შრომატევადია, მაგრამ სოფლის მიტოვება არ მინდა ,მიყვარს ჩემი კუთხე, სადაც გავიზარდე“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 736 400-ს შეადგენს, ამავე ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 60.4% ქალაქში ცხოვრობს. ხოლო 39,6% სოფლად.

საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 250 სოფელში 10 და 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ამდენივე სოფელი კი მთლიანად დაცარიელებულია. საქართველოში დაახლოებით 4700 სოფელია.

ინგა გვასალია

ფოთი