შაბ. აპრ 27th, 2024

,,აქ შენდება საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც ითვალისწინებს კონტეინერების გადაზიდვას და არა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ტვირთების გადამუშავებას“ – ეს განმარტება გააკეთა ფოთში, ნაბადის უბანში, ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ აქციის მონაწილეებთან ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მამუკა პაპასკირმა, რომელიც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა აქციაზე..

„მოვედი რათა გამეგო თუ რა პრობლემა აწუხებდა მოსახლეობას , შევახვედრე კომპანიის წარმომადგენელი. ჯერ-ჯერობით შეთანხმება არ შემდგარა, მაგრამ მოსახლეობას აინტერესებს კონკრეტულად რა ტერმინალი შენდება, ვინ აშენებს, რომელი ქვეყანაა წარმომადგენელი . ამჟამად მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და მშენებელ კომპანიას ყველა შესაბამისი დოკუმენტი აქვს. საუბარია იმაზე , რომ ქუჩიდან გადავინაცვლოთ სადმე სივრცეში, სადაც ინვესტორი შეძლებს ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენას, თან გეგმავს რომ პრეზენტაცია გამართოს, რათა ადგილობრივებმა იცოდნენ რა აშენდება სამომავლოდ,“- განაცხდა მამუკა პაპასკირმა.

აქციის მონაწილეები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან და დაშლას არ აპირებენ. მათ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებების არ სჯერათ და მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 მარტს სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლებმა მათი სახლების სიახლოვეს მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტეს. შეკრებილებმა გადაკეტეს ცენტრალური საავტომობილო გზა. ისინი აცხადებენ, რომ მშენებლობის გამო გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერმინალზე სახიფათო ნარჩენების გადამუშავება იგეგმება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიამრთეს, თუმცა ამ დრომდე მათ არავინ გამოხმაურებია. მოსახლეობა მშნებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვდა და  წინაააღმდეგ შემთხვევაში პერმამენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებოდნენ.