შაბ. აპრ 20th, 2024

ქალთა პოლიტიკიური მონაწილეობის ჯგუფმა (Task Force), რომელშიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები შედიან,სავალდებულო გენდერული კვოტირების მოთხოვნით, პარლამენტში ხელმოწერები შეიტანეს. სავალდებულო გენდერული კვოტირების მოთხოვნით პარლამენტში 37 ათასი ხელმოწერა შევიდა.

საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატი იმავე სქესის, რიგით მომდევნო კანდიდატმა მიიღოს.

ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა და მოქალაქეებმა საკუთარი ხელმოწერებით დაადასტურეს გენდერული თანასწორობის იდეის მხარდაჭერა.

საქმე ისაა, რომ სავალდებულო გენდერული კვოტირების მოთხოვნით, საკანონმდებლო ინიციატივით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ჯგუფმა (Task Force) წინა მოწვევის პარლამენტსაც მიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მაშინ ეს საკანონმდებლო ინიციატივა მოიწონა, თუმცა იურიდიულმა კომიტეტმა იდეების დონეზეც კი არ განიხილა და საბოლოოდ გენდერუოლ კვოტირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა წინა მოწვევის პარლამენტმა ჩააგდო.