პარ. აპრ 26th, 2024

ფოთში 15-25 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.

ფოთში დაგეგმილ ფესტივალთან დაკავშირებით ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახა რუსია ღონისძიების ორგანიზატორ,ნინელი ჭანკვეტაძესთან ერთად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ესაუბრა. ფესტივალის ორგანიზატორი გახლავთ კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი “დღეს”.

საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები.

ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას. პროექტის ფარგლებში უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი პირველად იმართება საქართველოში და მას როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან ყოველწლიური სახე მიეცემა.