პარ. აპრ 26th, 2024

ფოთის ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქში მოძრავ ყველა სამარშრუტო მიკროავტობუსებზე ივლისში კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.

რის შემდეგაც მძღოლები მიიღებენ მგზავრთა გადაყვანის ნებართვას.
ფოთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის დირექტორი თემურ დუნდუა თვლის რომ სასურველია, მიკროავტობუსი იყოს ახალი და გამართული, წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლებს მოუწევთ ახალი მიკროავტობუსების შეძენა.

„კონკურსის პირობებით, მძღოლები ვალდებულები იქნებიან, ყოველ თვე გაიარონ შემოწმების პროცედურა. ამჟამად ქალაქში 80 სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს. 6 თვის შემდეგ უნდა გამოცვალონ მიკროავტობუსები. გაუმართავი ტრანსპორტი ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. თან მგზავრებს სურთ, იმგზავრონ კომფორტულად. მძღოლებიც, გვპირდებიან ავტომანქანების გამოცვლას”.

დუნდუას განმარტებით ხელისუფლება წავიდა დათმობაზე და მძღოლებს გადასახადი გაუნახევრდებათ და 25 ლარს გადაიხდიან.

მისი თქმით კონკურსში გარდა მოქმედი მიკროავტობუსების მძღოლებისა ყველა მსურველს შეუძლია ჩამოიყვანოს სატრანსპორტო საშუალება და კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და აიღოს ლიცენზია, მათთვის სასურველ ხაზე.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას არ უარყოფენ მიკროავტობუსის მძღოლებიც. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ მათთვის კონკურსის პირობები ჯერჯერობით ცნობილი არაა და თუ იქნება მძღოლებისთვის მისაღები მოთხოვნები მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გააპროტესტებენ.

ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ კონკურსის შედეგად შესაძლოა მოქმედი მძღოლები დარჩნენ სამსახურის გარეშე და მათი ჩანაცვლება მოხდეს სხვა გარედან შემოსული მძღოლებით. ასეთ შემთხვევაში შიშობენ, რომ ისინი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.