პარ. აპრ 26th, 2024

ფოთის ახალ რაიონში #18 და #20 საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ. აღნიშნულ სახლში ორიოდე თვის წინ კიბის საფეხურები სწორედ მაშინ ჩამოინგრა,

როცა ამავე სახლში მცხოვრები ქალბატონი პატარასთან ერთად კიბეზე ჩამოდიოდა.
მაშინ, შემთხვევის ადგილზე თავად დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გახლდნენ მისულები და დახმარებებზე დაპირებებიც უხვად გასცეს.

შეპირების მიუხედავად აღნიშნული პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. როგორც დევნილები ამბობენ, ამ ხნის განმავლობაში არაფერი შეცვლილა და შიშით უხდებათ კიბეზე ჩამოსვლა. მომხდარით შეშფოთებული დევნილები კიბის საფეხურის ჩამონგრევას თავის დროზე სახლების უხარისხოდ და სწრაფი ტემპით მშენებლობას უკავშირებენ.

,,ყოველ წუთს მოველით უბედურ შემთხვევას. აქ ბავშვები დადიან. მაიცდამაინც ადამიანის სიცოცხლე უნდა ემსხვერპლოს, რომ სათანადო ყურადღება მოგვაქციონ? ოთხივე სადარბაზოს იგივე პრობლემა აქვს. მინისტრმა კი დაავალა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ უშედეგოდ აქამდე არავინ მოსულა“- გვითხრა საცხოვრებელი სახლების კორდინატორმა ნაზი ჩიხრაძემ

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის ზვიად შუბითიძის თქმით:

,,ხარვეზების გამოსწორებაზე პასუხისმგებელი სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც ააშენა ეს სახლები”.

რამდენჯერმე ცდის მიუხედავად სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელ ზაზა კარტოზიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

დევნილები კიბის სასწრაფო რეაბილიტაციას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ.