პარ. აპრ 26th, 2024

უკვე რამდენი წელია, გაზეთი “მთავარი თემა სამეგრელოში” გამოდის და ობიექტურად, მიუკერძოებლად აშუქებს ამა თუ იმ მოვლენას. 2014 წელი,როგორც წინა წლები, დატვირთული და მრავალფეროვანი იყო.

მოკლედ შეგახსენებთ ამ წლის მნიშვნელოვან და ხმაურიან ამბებს. ეს წელი ჩვენი გაზეთისთვისაც მნიშვნელოვანი გახლდათ – გაზეთი დასახელდა გამარჯვებულად პოლონელების მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რის შედეგადაც გაზეთის რედაქტორმა რეგიონული გაზეთების 4 რედაქტორთან ერთად გაირა რამდენიმე კვირიანი სტაჯირება პოლონეთში. იმავე პოლონური ორგანიზაციის დახმარებითა და მხარდაჭერით შეიქმნა ჩვენი გაზეთის ვებგვერდი www. msnews.ge.

ქალაქში მოხდა ბევრი სკანდალური და საინტერესო ამბები, ჩატარდა მერის არჩევნები, რომელსაც ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. გაიმართა არჩევნების მეორე ტური, იყო სკანდალური განცხადებებიც, ბევრი გაფიცვა და საპროტესტო აქციები, ყველაზე ხმაურიანი გახლდათ დევნილების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქცია, რომელიც ეხებოდა ბინების განაწილებას ახალ დასახლებაში. აღსანიშნავია, აგრეთვე ექიმების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქცია.

ისინი აპროტესტებდნენ არახელსაყრელ სამუშაო პირობებს, შელახულ უფლებებსა და დაგვიანებულ ხელფასებს, ხელფასების დაგვიანებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხნის „ვუდინპექსის“ თანამშრომლების ახლახან გამართული პროტესტი, რომლებიც რამდენიმე თვის ხელფასებს ითხოვდნენ. საბოლოოდ კი, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აღნიშვნის ღირსია გადამზიდი ტრაილერების მძღოლების საპროტესტო აქციები, რომლებიც პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ.

მნიშვნელოვანია ამ წელს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმატებები – გაიმართა მრავალი პრემიერა. ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიდნენ და გაიტანეს ქალაქის სახელი.
ფოთელი სპორტსმენების მიღწევებიც საკმაოდ მრავალფეროვანი იყო წელს. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია ფოთელი მოკრივის ლევან ღვამიჩავას ამერიკული წარმატება. მან ძალიან მძიმე ორთაბრძოლა გამართა მექსიკელ ჯონათან გარსიასთან, რომელსაც 15 ბრძოლიდან არც ერთი წაგება არ აქვს, ჩვენმა ლევანმა კი ბეჭებზე დადო ტატამზე.

რაც შეეხება აქტუალურობას, როგორც ყოველთვის, წელსაც ფოთის აგრარული ბაზარი ინარჩუნებს. წელსაც მრავალჯერ დაიწერა ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ბაზრის, გარევაჭრობისა და უსაფრთხოების პრობლემებზე.
ჩვენს გაზეთს დაემატა ახალი თანამშრომლები და ეს ფაქტი ჩვენთვის აღსანიშნავია.
ვაცილებთ ძველ ახალ წელს და სრულიად ახალი იმედებით ვხვდებით ახალ 2015 წელს.

იმედია, მომავალი წელი მშვიდი, მდიდარი, ლამაზი იქნება და ჩვენი გაზეთი მხოლოდ სასიამოვნო ამბებს გააშუქებს. მრავალ შობა ახალ წელს დაესწარით, საყვარელო ფოთელებო.