პარ. აპრ 26th, 2024

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგებს მოძიებული აქვთ კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერი და დადგენილია წყაროც. ასევე იმ პირთა რიცხვი, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ინფიცირებული. მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევაზე უფრო მეტი დეტალი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

“ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა დადგენილია როგორც წყარო, ასევე იმ შესაძლო პირთა რიცხვი, რომლებიც შეიძლება იყვნენ ინფიცირებულნი. ისინი იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

უფრო ადრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ თქვა, რომ პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა. წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ სპორტსმენს 16 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთა ნაწილი კარანტინშია გადაყვანილი, ნაწილი კი ახლა გადაჰყავთ. ჩხოროწყუში კი განმარტეს, რომ პირდაპირი კონტაქტი მუნიციპალიტეტთან არ ჰქონია და ჯერ ჩაღრმავებული ეპიდკვლევის პასუხი ცნობილი არ არის. ხოლო ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას ინფორმაციით, პაციენტს მუნიციპალიტეტში სამი კონტაქტი ჰქონდა.