პარ. აპრ 26th, 2024

წლებია, გარე ვაჭრობა გადაულახავ ბარიერად ექცა ადგილობრივ ხელისუფლებას. ვაჭრობის აკრძალვა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ყოველ ჯერზე მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება და მოვაჭრეები ისევ უბრუნდებიან ჩვეულ ადგილს, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ არ იქნებიან წინააღმდეგნი, თუ აკრძალვა უკლებლივ ყველა გარემოვაჭრეს შეეხება.

ზედამხედველობის სამსახური რადიკალური ზომების გატარებისგან თავს იკავებს. ამდენად. ამ ხნის განმავლობაში გარევაჭრობის აკრძალვა მხოლოდ სურვილად რჩება, თუ არ ჩავთვლით გამონაკლისს – ფარნავაზ მეფის ქუჩაზე რამდენიმე მოვაჭრის მიმართ გატარებულ მკაცრ ზომებს. საქმე იმაში გახლავთ. რომ რამდენიმე ხნის წინ ფარნავაზ მეფის ქუჩის მოვაჭრეებს, რომლებიც ქუჩაზე დადგმულ დახლებზე ვაჭრობდნენ, პოლიციის თანხლებით დაატოვებინეს სავაჭრო ადგილები. აღნიშნული ფაქტის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებსაც კი მოვაჭრეები აგრესიულად დაგვხვდნენ, არც სიტყვიერ შეურაცხოფას მოერიდნენ და ცდილობდნენ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასაც. ესოდენ გაბრაზებულ-გაღიზიანებული მოვაჭრეების აგრესიის მიუხედავად, გავარკვიეთ, რომ ისინი მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში გააფრთხილეს. მოვაჭრეების თქმითვე, ზედამხედველობის სამსახური მათ 15 სექტემბრამდე ალტერნატიულ ფართს დაპირდა, მაგრამ არანაირი ალტერნატიული ფართი არ არსებობს. მოვაჭრეები კი ითხოვენ, თუ გარევაჭრობა არ იკრძალება მთელ ტერიტორიაზე, მაშინ მათაც დართონ ნება ახალი წლის დღესასწაულებამდე მაინც ივაჭრონ მითითებულ ადგილებზე.

არქიტექტურის, სივრცითი კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურის წინამორბედი უფროსების მსგავსად თენგიზ შონიაც ამტკიცებს, რომ გარევაჭრობის პრობლემების მოგვარება არ შეწყდება: ,,გარევაჭრობა კანონითაა აკრძალული. ჩვენ სახელმწიფო მოხელეები ვართ და ვცდილობთ დავემორჩილოთ კანონს. არსებობს შენობები, სადაც უნდა იყონ განთავსებული მოვაჭრეები. გარეთ მუნიციპალური ტერიტორიებია და აკრძალულია ვაჭრობა. სამი თვეა, ამ მოვაჭრეებს ვაფრთხილებთ. ჩვენ მოველაპარაკეთ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული პავილიონის მფლობელს, რომელიც დაგვთანხმდა, რომ სამი თვე უფასოდ დაუთმობდა ადგილს. ასევე, 6 თვე უფასოდ აყენებს მის ტერიტორიაზე შპს ,,ლუკას” მფლობელიც, სოციალურად დაუცველები კი ერთი წლით გათავისუფლდებიან გადასახადისაგან”. გავრცელებული ხმები, თითქოს პავილიონის მფლობელი მოვაჭრეებისაგან პირველადი გადასახადის სახით 1000 ლარს ითხოვს, შონიამ უარყო: ,,ტყუილია. ეს სიცრუეა და არ შეესაბამება სინამდვილეს. ყველამ იცის, რომ ეს ქალბატონები იქ ისე არ ვაჭრობენ, ამხელა თანხის გადახდა შეძლონ”. შონიამ ასევე ისაუბრა ქალაქსა და შპს ,,ლუკას” შორის გაფორმებულ მემორანდუმზე და ,,ლუკა” პირობების დარღვევაში დაადანაშაულა:  ,,არსებობს მემორანდუმი შპს ,,ლუკასა” და ქალაქს შორის, სადაც გაწერილია პირობები და რომელიც არ სრულდება ,,ლუკას” მხრიდან. მემორანდუმის ფარგლებში მოსაწესრიგებელია გზები, საკანალიზაციო არხები, მყიდველს მოუვლელ ადგილებში და სიბინძურეში უწევს პროდუქტის ყიდვა. ბაზრის ტერიტორიაზე არის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე, რომლებიც თავად დასვამენ ამ ტერიტორიაზე მოვაჭრეებს და მერე როცა უნდათ ,,აყრიან”, ფულსაც თავადვე კრეფენ. ის რომ, გარკვეული ტერიტორია ეკუთვნის მათ, არ ნიშნავს, გზა არ დატოვონ და იქ მოვაჭრეები დასვან, იმ გზით სარგებლობს როგორც თავად, ასევე მოვაჭრე და მყიდველიც. როდესაც კანონი იძლევა ამის საშუალებას, უნდა მოვაწესრიგოთ ბაზრის ტერიტორია, მაგრამ ერთბაშად ამის მოწესრიგება რთულია. ჩვენ გვქონდა შეხვედრა შპს ,,ლუკასთან” და შევთანხმდით, რომ მისი შენობის ირგვლივ, რომელიც ბაზრის მესამედს შეადგენს, მოაწესრიგოს გარევაჭრობა, შეიყვანოს შიგნით მოვაჭრეები და შემდეგ დაიწყოს გზის დაგება. როდესაც შპს ,,ლუკა” მის ტერიტორიაზე აკრძალავს გარევაჭრობას, ჩვენ ავუხსნით მოვაჭრეებს, რომ მიმდინარეობს ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგება და ჩვენც გაგვიადვილდება მუშაობა. მაგრამ შპს ,,ლუკა” არღვევს მემორანდუმით დადებულ პირობებს”.

თავის მხრივ ადგილობრივ ხელისუფლებას გარევაჭრობის დაშვებასა და საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს შპს ,,ლუკას” დირექტორი ნოდარ კორსანტია. როგორც იგი ამბობს: ,,მემორანდუმის უპირველესი დანიშნულებაა, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან ერთად განხორციელდეს მონიტორინგი და გარემოვაჭრეების დემონტაჟი. არაერთი წერილი გავაგზავნე მერიასა და საკრებულოში. ბოლო წერილი 19 აგვისტოს გავაგზავნეთ. საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართეთ თხოვნით – აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ქალაქის მერმა გასცა ბრძანება და გარემოვაჭრეებს მისცა სრული უფლება. მოვაჭრეები გადავიდნენ მუნიციპალურ გზაზე და ფაქტიურად გადაკეტეს მოძრაობა. ქალაქის მერის წინდაუხედავ სიტყვაზე მოვაჭრეებმა შეწყვიტესა თანხის გადახდაც, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც ბაზარს, ისე ქალაქის ბიუჯეტს. ვთხოვეთ საკრებულოს, გამოეყო კომისია, რომელიც შეისწავლის ბაზრის ტერიტორიის უკანონო სიტუაციას, რადგან ბაზარი ქალაქის სახეა, მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ისე ტურისტებისათვის, მაგრამ არანაირი მხარდაჭერა ქალაქის მხრიდან არ არის. ყველაფრის პასუხად, მომივიდა წერილი, რომ გარევაჭრობაზე კონტროლი ევალება მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისრტაცილი ზედამხედველობის სამსახურს, რომელიც ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს. თუ გადაწყვეტენ, გაწყვიტონ ჩვენთან მემორანდუმი, მოუწევთ გაკეთებული სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების დაბრუნება, რაც მათივე შედგენილ მემორანდუმში უწერიათ. მემორანდუმს აქვს ვადა 10 წელი, რაც ჯერ გასული არ არის. მემორანდუმში სამუშაოების ეტაპების ვადები არ გახლავთ მითითებული. დღეისათვის ჩვენ ვაგრძელებთ სამეგრელოს სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოებს. მე, ჩემი მხრივ, ავკრძალე ჩემს კუთვნილ ადგილებში გარევაჭრობები იმ მოტივით, რომ წინამდებარე კორპუსი ავარიულია და იქ მოვაჭრეებიც და ვაჭრებიც დაუცველნი არიან, მაგრამ ავარიული შენობის ქვევითაც გარევაჭრობა არ შეწყვეტილა. ვაჭრებმა ერთი კვირა იცადეს, მაგრამ როდესაც სხვა ადგილებზე არ აიკრძალა, ისინიც დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილს. თუ აკრძალვაა, აკრძალვა უნდა იყოს და არა შერჩევით ხალხის აყრა. ამ მეთოდით არაფერი გამოვა”.

მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური თავის მხრივ არ აპირებს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე გარევაჭრობის დაშვებას, ხოლო ბაზრის ტერიტორიაზე თანდათანობით აკრძალვას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი უკვე აპრობირებულია და შედეგი ჯერ არ მოუტანია. როგორც ადრე, ახლაც გარემოვაჭრეები აკრძალვის წინააღმდეგნი არიან: აფხაზეთიდან დევნილი ნანული თოფურია სოლიდური ასაკის მიუხედავად ბაზარში ვაჭრობს: ,,75 წლის პენსიონერი ქალი ვარ, კარგი ცხოვრება რომ მქონდეს, აქ დავდგები? რძალი მძიმე ავადმყოფი მყავს, ბიჭს ორი ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, მაგრამ უმუშევარი სახლში ზის. პატარა მაგიდა მედგა და 5-6 ლარს ვვაჭრობდი დღეში. ახლა რა ვქნა, რიონში გადავვარდე? ტროტუარზე არ ყიდულობს არავინ და შიგნით შემოვა ვინმე? ისედაც არავინ დადის, დაიცალა ქალაქი. დაგვახრჩონ მაინც, გადაგვყარონ მდინარეში. პენსიონერს მიზერული პენსია ეძლევა, ისიც ორი-სამი დღის სამყოფი, მაგრამ ახალგაზრდებს სულ არ აქვთ შემოსავალი. ევროპა, ევროპაო გაიძახიან. ევროპაში უმუშევრებს მეტი ფული ეძლევა, ვიდრე აქ დასაქმებულს. ეს არ უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ? რისთვის გინდა ეს ლამაზი ტროტუარი, თუ შენი ხალხი თუ არ იქნა? მალე ქალაქი მოხუცების ქალაქად იქცევა, ყველა გაიქცა აქედან. სირცხვილია 2 მილიონი ხალხისთვის საჭმელი ვერ უჭმევია ხელისუფლებას, მაგრამ ვინ უნდა აჭამოს ხალხს, ჯერ ჯიბეები ხომ უნდა დაისქელონ. თავად ფეშენებელურ სასახლეებში უნდათ ცხოვრება და ჩვენ ლუკმაპურის საშოვნელად ქუჩაშიც არ გვაყენებენ. ვის არ უნდა მისი ქალაქი ლამაზი იყოს, მაგრამ ჩვენს მდგომარეობას მეტი არაფერი შველის. ჩვენი მოთხოვნაა, როგორმე დაგვაყენონ ეს ზამთარი, ახალ წლამდე მაინც, შენ თუ მაძღარი ხარ, გადახედე მშიერსაც“.

გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი შესთავაზეს, მაგრამ  გადასახადის სიდიდის მომიზეზებით მოვაჭრეები ახალ აშენებულ პავილიონებში არ შედიან და ამბობენ, რომ შესვლის საფასურად 1000 ლარს ითხოვენ, შემდეგ გადასახი 100 ლარს შეადგენს. ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა. გამოკითხულ გარემოვაჭრეთა მოთხოვნა ერთიდაიგივეა და ისინი ნებართვას თუნდაც ახალ წლამდე ითხოვენ.