ოთხ. აპრ 24th, 2024

ფოთის #11 საჯარო სკოლის ყოფილმა პედაგოგმა ზოია მარგველაშვილი-გრაფიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და სკოლის დირექტორი და მოადგილე მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში დაადანაშაულა. ყოფილი პედაგოგის თქმით, 2014 წელს მის წინააღმდეგ შედგა ყალბი ოქმები, რის საფუძველზეც მას მოუწია სამსახურის დატოვება: ,,35 წელი ვიმუშავე #11 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ წლების განმავლობაში ვიყავი წარმატებული პედაგოგი, რაზეც მოწმობს ჩემი სიგელები და დიპლომები. ასევე, თამამად შემიძლია ვთქვა ისიც, რომ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან მქონდა არაჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა, რასაც დღემდე ვინარჩუნებ. დამთავრებული მაქვს გორის ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი. მას შემდეგ, რაც 2014 წელს სკოლის დირექტორად დაინიშნა სოფიო ჭაჭია, ხოლო მის მოადგილედ ირმა გვასალია, მათი მხრიდან შეიმჩნეოდა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი დამოკიდებულება ჩემს მიმართ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ადგილი ქონდა ჩასაფრებას, საგაკვეთილო პროცესებში შემოჭრას, მოსწავლეების წინაშე შენიშვნის მოცემას. ამას ვაპროტესტებდი. არაერთხელ მივმართე რესურსცენტრსაც, სადაც მითხრეს, გამეგრძელებინა ჩემი საქმე და მეც ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. რამდენჯერმე სკოლის დირექტორმა და მოადგილემ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დამიწერეს, თითქოს მქონდა დისციპლინარული გადაცდომა. აშკარა იყო ჩემი მიზანმიმართული დევნა, რაც დამთავრდა ჩემი სამსახურიდან გაშვებით. ეს მოყვა შემდეგ ფაქტს – ერთ-ერთმა მოსწავლემ რამდენჯერმე დაარღვია ქცევის წესები და ხელს უშლიდა საგაკვეთილო პროცესს, გამოვიყენე კანონით გათვალისწინებული უფლება (კანონი განათლების შესახებ, 19 მუხლი),  გავაძევე გაკვეთილიდან და ჩავაბარე მანდატურს. მანდატურმა, თავის მხრივ, შეადგინა ოქმი, რამაც შეაშინა ბავშვი და ტირილი დაიწყო, რაც პირადად მითხრა კიდეც – იმიტომ ვიტირე, ვიცი, ოქმი ცუდიაო.  ატირებული ბავშვი მანდატურმა დირექტორის მოადგილესთან მიიყვანა. ამ უკანასკნელმა მოახდინა ბავშვის პროვოცირება. კითხა, მასწავლებელმა ხელი ხომ არ დაგარტყაო და ბავშვმაც დაუქნია თავი. სასწავლო ნაწილის გამგემ ჩემგან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადასცა დისციპლინარულ კომიტეტს, რაც გახლავთ დარღვევა. ჩემი ახსნა-განმარტების გარეშე დისციპლინარული საბჭოსთვის ფაქტის მიწოდება არ უნდა მომხდარიყო. მე ჩვეულებრივად ვაგრძელებდი მუშაობას. ბავშვები დაუკითხავთ, როდესაც არ ვიმყოფებოდი სკოლაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვებს არ უთქვამთ ის, რაც შემდეგ ოქმებში მოხვდა. ამდენად, ოქმები აბსოლუტურად ფალსიფიცირებულია. Mმოსწავლეებმა არც კი იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ, დაბნეულები იყვნენ. შემდეგ კი ოქმი შედგა ისე, როგორც დირექციას აწყობდა. ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდნენ დირექტორი, მოადგილე და დისციპლინის კომიტეტის თავმჯდომარე. Mმეგონა, საქმე ასე არ გართულდებოდა, რადგან არანაირი დანაშაული და დარღვევა არ ჩამიდენია. ბავშვი თავად ამბობს, რომ მას ფიზიკურად არ შევხებივარ.

მხოლოდდამხოლოდ დავატოვებინე გაკვეთილი უსაქციელობის გამო. მოგვიანებით პროკურატურამაც დაადგინა, რომ მე დანაშაული არ ჩამიდენია. მიუხედავად ამისა, სკოლიდან მაინც გამათავისუფლეს. საქმეში დევს სკოლის სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ვიდეოც, სადაც ნათლად ჩანს, როგორ მაქვს ხელი შემოხვეული მოსწავლისათვის და გამყავს ოთახიდან, თუმცა, არც ეს ფაქტი გაითვალისწინეს“- ამბობს გრაფიშვილი. Mმისივე თქმით, სასამართლო პროცესზე მოსწავლის მამა თავად ცდილობდა დაეცვა პედაგოგი და აღიარებდა მის უდანაშაულობას, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა ,,დაზარალებულის“ პოზიცია.

ყოფილი პედაგოგი როგორც ამბობს ფინანსური პრობლემების გამო დაგვიანდა სააპელაციო სასამართლოში საქმის გასაჩივრება, შესაბამისად, გრაფიშვილი სკოლის გარეთ დარჩა.

გრაფიშვილი სკოლის მხრიდან დისკრიმინაციად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მისი მიღწევები და წარმატებები სათანადოდ არ ფასდებოდა: ,,მაშინ, როდესაც სხვა მასწავლებელს ლამის წითელი ხალიჩით ხვდებოდნენ, ჩემს იგივე მიღწევაზე დირექციას არანაირი რეაგირება არ ქონდა”.

გრაფიშვილი იმავე მოსწავლესთან დაკავშირებულ ინციდენტს იხსენებს, რომელიც სკოლის დირექციის მხრიდან ყურადღების მიღმა დარჩა, განსხვავებით მისი საქმისა: ,,ერთ დღეს სკოლაში დავრჩი გაკვეთილების შემდეგ. ყველა ბავშვი წასული უნდა ყოფილიყო, ამ დროს დერეფანში სიცივისგან აკანკალებული მოსწავლე ვნახე. როგორც გავარკვიე, იგი დასვენებაზე დერეფანში ცეკვავდა, მასწავლებელმა ახალი ნაყიდი ქუდი წაართვა და ოთახში ჩაკეტა. შემდეგ კი დაავიწყდა ბავშვიც და ქუდიც. როდესაც მასწავლებელს ვკითხე, რატომ წაართვა ქუდი და ჩაკეტა ოთახში, მიპასუხა – გააღოს და წაიღოსო. კარი ბოქლომით იყო დაკეტილი. გავყევი ბავშვს, გამოვიტანეთ ქუდი და აკანკალებული ბავშვი გავაცილე. ეს ხომ ნამდვილად ბავშვზე განხორციელებული ბულინგია? ჰქონდა კი მასწავლებელს უფლება, მოსწავლეს ასე მოქცეოდა და შემდეგ დავიწყებოდა ეს საქციელი? სხვისი უფლებების დამცველი მე თავად გავხდი მსხვერპლი”.

2018 წლის 15 თებერვალს ზოია გრაფიშვილმა ამჯერად  პროკურატურას მიმართა #11 საჯარო სკოლის დისციპლინალური კომიტეტის ოქმის სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით. პროკურატურამ გამოძიებით დაადგინა, რომ ზოია გრაფიშვილს მოსწავლისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მაგრამ ამავე დროს პროკურატურამ არ სცნო ბათილად დისციპლინარული კომიტეტის ოქმები, რომლის საფუძველზეც  გრაფიშვილი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ყოფილი პედაგოგი როგორც ამბობს, მე-7 კლასელი მოსწავლეები დაკითხეს მშობლებისა და ადვოკატის გარეშე, რაც დარღვევაა და პროკურატურამ არც ეს ფაქტი გაითვალისწინა.

გრაფიშვილმა დახმარებისათვის ასევე მიმართა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს, თუმცა, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა გვასალია და იურისტი უჩა ბაკურაძე ამბობენ, მომართვა დაგვიანებული იყო: ,,ქალბატონმა ზოიამ დაგვიანებით გაასაჩივრა, სამწუხაროდ გასაჩივრების ვადა დარღვეული იყო. მას ავუხსენი რომ ხანდაზმულობის ვადა ამ შემთხვევაში აღდგენას არ ექვემდებარება, ამიტომ თუ გსურთ დეტალურად გამოვიკვლიოთ ეს საკითხი შეგიძლია გამომიგზავნოთ სასამართლო განჩინება- მეთქი, მაგრამ არ გამოუგზავნია. ამით დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. არც ჩამოსვლის პრობლემა მქონია, არც იმის, რომ არ იყო ჩვენი ორგანიზაციის წევრი. არაერთ არაწევრ პედაგოგს დავხმარებივართ სამართლის ძებნაში, როცა თხოვნით მომმართავენ, არასდროს მიკითხავს, არის თუ არა ჩვენი წევრი. ამ შემთხვევაში ერთადერთი პრობლემა გახლდათ ხანდაზმულობის ვადა.

გულდასაწყვეყვეტია, როდესაც საქმის მოყვარული პროფესიონალი პედაგოგი სკოლის გარეთ რჩება, მას რომ დროულად მოემართა, არ გვექნებოდა ვადებთან დაკავშირებული პრობლემები. ჩემი პრაქტიკის განმავლობაში გასაჩივრების ვადის დაგვიანების შემთხვევა არ მქონია.ა რ ვიცნობ საქმეს დეტრალურად, მაგრამ როგორც ქალბატონმა ზოიამ ამიხსნა, საქმეში იკვეთება რამდენიმე ცდომილება – დისციპლინარულ კომიტეტს პედაგოგის ახსნა-განმარტების გარეშე არ უნდა გადასცემოდა საქმე“- გვითხრა იურისტმა ბაკურაძემ.

Msnews.ge  დაუკავშირდა ფოთის #11 საჯარო სკოლის დირექტორს სოფიო ჭაჭიას, რომელმაც აღნიშნა, რომ გრაფიშვილმა ვერ წარმოადგინა გამამართლებელი ვერანაირი საბუთი: ,,ქალბატონი ზოიას საქმის წარმოების დროს, სკოლის მიერ დისციპლინარული კომიტეტის მიერ შედგენილ ოქმებში არ ფიქსირდება გადაცდომა, ეს დაადასტურეს სასამართლომ და პროკურატურამ. ვალდებულება ქალბატონი ზოიას სკოლაში აღდგენის თაობაზე, სკოლას არ აქვს არც სასამართლოსგან და არც პროკურატურისაგან“.

Msnews.ge ასევე გაესაუბრა მოსწავლეებს და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ესწრებოდა გრაფიშვილის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს. გამოკითხულები მხოლოდ დადებითად აფასებდნენ პედაგოგს.

რთული სათქმელია, რატომ ვერ შეძლო გრაფიშვილმა სიმართლის დადგენა, თუმცა ფაქტია, რომ სერთიფიცირებული პედაგოგი, ღირსების ორდერის კავალერი, სამი კრებულის ავტორი, ი. გოგებაშვილისა და დ. ყიფიანის პრემიების ლაურეატი, რამდენჯერმე წლის საუკეთესო მასწავლებელის ტიტულის მფლობელი, პატრიოტული ლექსების კონკურსის “ხერთვისი-2007” გამარჯვებული (პრემირებული 3000 ლარით), დღეს საყვარელი საქმის გარეშე უსახსროდაა დარჩენილი და სამი წელია სამართალს ეძებს, ,,მე ვარ ამაყი, უდანაშაულო პედაგოგი, რომელიც ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას, სკოლაში ჩემს დაბრუნებას და განაცდურის ანაზღაურებას”.