პარ. აპრ 26th, 2024

2020 წლიდან საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების ავტორიზაცია დაიწყება. მოთხოვნები, რაც საბავშვო ბაგა-ბაღმა უნდა დააკმაყოფილოს ავტორიზაციის მისაღებად,ძალიან მაღალია და მოიცავს კვების, ჰიგიენის, საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურულ სტანდარტებს. საბავშვო ბაღების შენობის ავტორიზაცია განხორციელდება ეტაპობრივად. რაც შეეხება ავტორიზაციის საგანმანათლებლო მხარეს, გადამზადდებიან პედაგოგები, ჩააბარებენ გამოცდებს და გახდებიან სერთიფიცირებული აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებსაც ანაზღაურებაც შესაბამისი ექნებათ. ავტორიზებულ ბაღებში იმუშავებენ მხოლოდ სერთიფიცირებული პედაგოგები.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების უფროსი მაკა ზარანდია როგორც ამბობს: ,,მომავალი წლიდან იწყება სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებისათვის. ავტორიზაციის პროცესი მოიცავს როგორც შენობა-ნაგებობის ძალიან მაღალ სტანდარტებს, ასევე სასწავლო კომპონენტს პედაგოგებისათვის. ავტორიზებულ ბაღში მუშაობის უფლება ექნება მხოლოდ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ტრენინგ მოდულ გავლილ სპეციალისტებს. პედაგოგებისათვის აღნიშნული ტრენინგ მოდულის უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადამიანი შეარჩია, რომელთაც შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდათ და მიენიჭათ ტრენერის სტატუსი. დატრენინგებული სპეციალისტი საბავშვო ბაღის პედაგოგებს გადაამზადებს და მოამზადებს გამოცდებისათვის, რათა შეძლონ აკრედიტებულ ბაღებში აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობა. ფოთიდან ტრენერის სტატუსი მიიღო მირანდა სვანიძემ, რომელიც ფოთის საბავშვო ბაღის აღმზრდელებს უტარებს ტრენინგებს, რომელიც ოთხ ეტაპიანი გახლავთ და სამი ეტაპი უკვე გაიარეს. დღეისათვის ტრენინგი უტარდება 75 პირველი და მეორე ცვლის პედაგოგსა და დამხმარე 10 პედაგოგს. ყველა მათგანისათვის მომზადებულია ცალ-ცალკე პორტფოლიო, რომლებსაც აგზავნის განათლების სამინისტროში. ტრენინგების პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ განათლების სამინისტრო შეარჩევს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან იმ ტრენერებს, რომლებიც ფოთში ჩაატარებენ გამოცდებს. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტი გამოცდების ხარჯებს ანაზღაურებს და სააკრედიტაციო გამოცდები აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მაძიებელი აღმზრდელებისათვის იქნება უფასო, ხოლო მას, ვინც პირველ ეტაპზე ვერ ჩააბარებს სააკრედიტაციო გამოცდებს, ხელმეორედ ცდისას მოუწევს ანაზღაურების გადახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აკრედიტებული პედაგოგები აღსაზრდელებთან იმუშავებენ დილიდან საღამომდე და ანაზღაურებაც ექნებათ შესაბამისი. ყველა ბაღში მივედი და გავაცანი მათ, რა გამოწვევების წინაშე დგანან. იმედი მაქვს, ყველა აღმზრდელი გაივლის სერთიფიცირებას. ბაღების ინფრასტრუქტურული მოწყობისათვის ბიუჯეტიდან გამოიყო 2 700 000 ლარი. კაპიტალურად გადაიხურა 5 საბავშვო ბაღი, ხოლო 10 ბაღში შეყვანილია გაზი”.

რაც შეეხება საბავშვო ბაღის შენობისათვის ავტორიზაციის მინიჭებას. ამისათვის მუნიციპალიტეტი შეარჩევს საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ჯანდაცვის, სურსათის უვნებლობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად გაუწევენ ზედამხედველობას შენობის სტანდარტებთან მოყვანას.

ზარანდიას თქმითვე, პირველი ეტაპისათვის ავტორიზაციას გაივლის ის ბაღები, რომელთაც მინიმალური თანხები სჭირდებათ ინფრასტრუქტურული მოწყობისათვის. ავტორიზაციის მიღების შემდეგ, ბაღში იმუშავებს მხოლოდ სერთიფიცირებული აღმზრდელ-პედაგოგები. მანამდე მაძიებელი აღმზრდელები ჩვეულებისამებრ განაგრძობენ მუშაობას.

დღეისათვის ფოთში 15 საბავშვი ბაღი ფუნქციონირებს. გასულ წელს ბაღების რაოდენობა ერთით მეტი იყო, მაგრამ #8 და #17 ბაღები გაერთიანდა. #8 ბაღი, შენობის ამორტიზაციის გამო, 4 წელია შეხიზნულია #17 საბავშვო ბაღ ,,მერცხალში“. როგორც ბაღების გაერთიანების დირექტორი ამბობს, #17 ბაღის ფართი იძლეოდა შესაძლებლობას, #8 ბაღი თავისი აღსაზრდელებითა და ბაღის პერსონალით იქ გადასულიყო. რაც შეეხება ყოფილი #8 საბავშვო ბაღის შენობას, გარემონტდება და კვლავ განთავსდება იქ საბავშვო ბაღი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს მოხდება 2020 წელს. შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და ყავს დარაჯი, რათა არავინ დაეპატრონოს თვითნებურად”.

როგორც გავარკვიეთ საკრებულოს კანონის შესაბამისად, ამ დროისათვის მიღებული აქვს შემდეგი სამართლებრივი აქტები: აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #478 დადგენილება), ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი, მათ შორის სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #488 დადგენილება) დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური-რეგლამენტი (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #485 დადგენილება) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი; (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #487 დადგენილება) აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტი (განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება 192/ნ), აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები (განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება 97/ნ (2018 წლის 29 ივნისი).

ვის ეძლევა სასერთიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება, ამას კანონის მიხედვით მუნციპალიტეტი ადგენს. როგორც პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტი უჩა ბაკურაძე ამბობს,  მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა, თუ ვინ გავა გამოცდაზე: ,, შესაძლებელია ყველა რეგიონსა და ქალაქში სხვადასხვა კრიტერიუმები იქნეს. ეს შეიძლება იყოს დიპლომიანი აღმზრდელები, სათანადო დიპლომის მქონეები თუ საბავშვო ბაღში მომუშავე უდიპლომო ნებისმიერი თანამშრომელი. მაგალითად, აქამდე აღმზრდელად მომუშავე პირს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება ეძლევა ჩააბაროს პედაგოგის სტატუსის მისანიჭებელი გამოცდა. ჩაბარების შემთხვევაში გახდებიან აღმზრდელ-პედაგოგები, მაგრამ თუ ვერ ჩააბარებენ გამოცდებს, მუშაობას გააგრძელებენ მანამდე დაკავებულ პოზიციაზე. გამოცდის მიზანი არაა ბაღებიდან გაფილტვრა, არამედ გამოცდის მიზანია მოიპოვონ აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი“.

იურისტმა ასევე განგვიმარტა, რომ ახალი კანონი არ ითვალისწინებს გამოცდებზე ჩაჭრილი პირების სამსახურებიდან დათხოვნას. პირიქით, ასეთ პირებს განმეორებითი ცდის საშუალება აქვთ და რჩებიან სამსახურში. ზოგიერთი დასაქმებულისთვის სწორედ ეს იძლევა ეჭვის საფუძველს – ხომ არ გახდება გამოცდები საბავშვო ბაღების გამგეების, გაერთიანებების უფროსების ან ხელისუფლების წარმომადგენლების პერსონალის ბაღებიდან დათხოვნის საბაბი. ამის საშიშროებას პროფკავშირების იურისტი ვერ ხედავს, როგორც ამბობს: “რა მოხდება პრაქტიკაში, ამის წინასწარმეტყველება ძნელია და ხარვეზის არსებობის შესაძლებლობასაც არ გამოვრიცხავ”.

სპმთპ-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა გვასალია როგორც ამბობს, მსგავსი კანონის არსებობა მისასალმებელია, მაგრამ მის განხორციელებას შესაძლოა, გარკვეული ხარვეზი და წინააღმდეგობა მოყვეს: “რა წინააღმდეგობაზეა საუბარი. საქმე იმაში გახლავთ, რომ კანონის მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს უფლება განსაზღვროს კრიტერიუმები, ვის მისცემს გამოცდაზე გასვლის უფლებას. თუ ეს იქნებიან მხოლოდ შესაბამისი განათლების მქონე პირები, ანუ პედაგოგები. სიმართლე ის გახლავთ, რომ რაოდენ სამწუხაროდDუნდა მოგვეჩვენოს, ჩვენს ბაღებში, რეალურად, შესაბამისი დიპლომის მქონენი ძალიან ცოტანი არიან. და ეს არა მარტო ჩვენს ქალაქში, არამედ სრულიად ქვეყანაში ასე გახლავთ.Aამის ერთ ერთი მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ქვეყნის არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში, წლებია, აღარ არსებობს სკოლამდელი აღზრდის ფაკულტეტი. ამდენად, იმის მოთხოვნა, რომ მხოლოდ შესაბამისმა დიპლომიანებმა გაიარონ გამოცდები, წინააღმდეგობას წარმოშობს და იმედია, ამას გაითვალისწინებენ და დღეს დასაქმებულ ნებისმიერ დიპლომიან ან მრავალი წლის ნამუშევარ გამოცდილ კადრებს მისცემენ გამოცდაზე გასვლის უფლებას. ჩვენი ორგანიზაცია ჩართულია ამ პროცესებში ჩვენი წევრების უფლებების დაცვისა თუ Mმათი პირობების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ჩვენ ჩვენს წევრებს საგამოცდოდ, სრულიად უფასოდ, ჩავუტარებთ მოსამზადებელ ტრენინგებს ისევე, როგორც სკოლების პედაგოგებს უტარდებათ. გარდა ამისა, ჩვენი ორგანიზაცია თავისი იურიდიული სამსახურების ჩართულობით, ვცდილობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დასაქმებულებზე მორგებული და მათი უფლებების დამცავი კანონი იქნეს მიღებული.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, განათლების სამინისტრო გაზაფხულზე გამოაქვეყნებს სქემას, სადაც გამოიკვეთება ის მოთხოვნები, რაც უნდა დააკმაყოფილოს მაძიებელმა პედაგოგ აღმზრდელმა და ამავე დროს ცნობილი გახდება ტრენინგ მოდულები, რომელთა მიხედვითაც უნდა მომზადდნენ გამოცდაზე გასვლის მსურველები. სწორედ ამ ტრენინგ მოდულების მიხედვით ჩვენც ჩავერთვებით ჩვენი წევრების მომზადებაში”.