ხუთ. აპრ 25th, 2024

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა წლების განმავლობაში საჯარო განხილვისა და დებატების თემად არის ქცეული.

2014 წელს ზარ-ზეიმით გახსნილი ახალაშენებული თეატრის შენობა არაერთხელ გახდა საქილიკო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო. ჩვენი გაზეთის ფურცლებზე თეატრის შენობის პრობლემები არაერთხელ გავაშუქეთ. ამჯერადაც, ვეხმიანებით შენობის რეაბილიტაციის მიმდინარეობას. დავინტერესდით რამდენად ხარისხიანად და დროულად მიმდინარეობს სამუშაოები. 

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი აქტიურად გახლავთ ჩართული სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგში და როგორც ამბობს, მისი დანახვა თეატრში მომუშავე მუშებს ნამდვილად არ სიამოვნებს, რადგან ის თეატრალებისთვის დამახასიათებელი ექსცენტრიულობით გამოირჩევა, ხმამაღლა და გაბედულად საუბრობს არსებულ პრობლემებზე. სწორედ მას ვკითხეთ და შევაფასებინეთ მიმდინარე სამუშაოები და იმითაც დავინტერესდით, რა გახდა რამდენიმე ხნის წინ მისი გაღიზიანების მიზეზი…„ქალაქის ხელმძღვანელობა, მაჟორიტარი დეპუტატი და სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ირაკლი მოწერელია მონდომებულნი არიან, მალე მოგვარდეს თეატრში არსებული პრობლემები. ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა იყო პრობლემები, რამაც გამოიწვია ჩვენი პროტესტი. კერძოდ, ნელი ტემპითა და უხარისხოდ მიმდინარეობდა სამუშაოები. დღეისათვის სიტუაცია გამოსწორდა და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  გადახურვის სამუშაოები დასრულებულია უკვე და წყალი აღარ ჩამოდის, რაც მთავარია. ვენტილაციის პრობლემა დგას და გასაკეთებელია. თეატრისთვის მთავარია, დასრულდეს შიდა სარემონტო სამუშაოები, რათა დასმა შეძლოს შესვლა კუთვნილ შენობაში და ნორმალურ პირობებში გააგრძელოს ფუნქციონირება, გაუსაძლისია დღევანდელი მდგომარეობა – „სოროში“ გვიწევს მუშაობა, თუმცა მაინც ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, იანვრიდან მოყოლებული ცხრა პრემიერა გვქონდა, რაც არცერთ თეატრს არ ჰქონია საქართველოში. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი და გვეუბნებიან, იანვარში ახალმოსახლეობას ვიზეიმებთ. ვაცნობიერებთ, როდესაც   დავბრუნდებით, ბევრი რამ დაგვხვდება გაფუჭებული, ვგულისხმობ ტექნიკას, ამდენი ხნის უყურადღებობით. იყო ლიფტის პრობლემა, რომელიც თეატრმა თავისი ხარჯებით შეაკეთა, ასევე კეთდება ადაპტირებული ლიფტი შშმ პირებისთვის, რომ მათ კომფორტულად შეძლონ თეატრთან კავშირი. ამასთან, თეატრის ადმინისტარაციის დიდი სურვილია, გადავიდეთ მზის ენერგიის გამოყენებაზე, რადგან ამით მეტ ეკონომიას გავაკეთებთ. ამაში დახმარებას მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია დაგვპირდა, ვნახოთ რა გამოვა“-გვითხრა რამაზ იოსელიანმა.

ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „იმედის“ წარმომადგენელი პავლე მაღლაკელიძე როგორც ამბობს, მათთვის გასაგებია სამხატვრო ხელმძღვანელის გულისწყრომა: ,,სურს, მალე დასრულდეს რემონტი, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ სიჩქარეში შეიძლება ხარისხი დაიკარგოს. უნდათ, დროზე დამთავრდეს სამუშაოები, მაგრამ ხარისხიანად კეთება დროს მოითხოვს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ყოველდღიურად აკონტროლებს მერიის ზედამხედველობის სამსახური ჩვენს მუშაობას. ექსპერტიზის სამსახურის მხრიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია, სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ია. კედლები ჩვენ არ აგვიშენებია, როგორცაა ისე გაილესება და მიეცემა ნორმალური სახე. სახურავი უკვე ორ თვეზე მეტია მოწესრიგებულია და აქ წყალი არ ჩამოდის. რაც შეეხება მაყურებლის სავარძლებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხარჯთაღრიცხვაში არ იყო გათვალისწინებული, ჩვენი სახსრებით შევფუთეთ. თავიდან ნაჭრით იყო შეფუთული, მაგრამ შემდეგ ქალაქის ხელმძღვანელობის დავალებით, ორმაგად შეიფუთა, ხალიჩებიც დაცულია და დაზიანება გამორიცხულია. ფაქტობრივად, ადმინისტრაციული მხარე დამთავრებულია, ერთადერთი ფოიე გახლავთ დარჩენილი, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს და დარბაზშიც ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია. ვფიქრობ, მიმდინარე სამუშოებს საახალწლოდ დავასრულებთ“. 

ქალაქის ხელმძღვანელობისთვის თეატრის შენობის მოგვარების პრობლემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უპირველესი საკითხი გახლავთ. მუშა პროცესში გამოვლენილ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას ვიცე-მერი კოტე თოფურია: “ხარვეზები, რამაც გამოიწვია დამატებითი სამუშაოები, არის ვენტილაციის სისტემის გაუმართაობა, რომელიც პროექტირებაში ვერ მოხვდა. გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა, დაეშალათ მთელი  კედლები, სადაც იყო განთავსებული. ახლა რომ დავშალეთ, დავინახეთ პრობლემები. შესაბამისად, მოვიძიეთ ძველი პროექტი, რის მიხედვითაც გაკეთდა ვენტილაცია, მივმართეთ შემსრულებელს, რომელმაც შეისწავლა და აღდგება, დამატებითი ხარჯების გაზრდა არ მოუთხოვია. უბრალოდ, ამ პრობლემის მოგვარებამ დროში გაწელა სამუშაოები, თუმცა, პარალელურად, მიმდინარეობდა სხვა სამუშაოებიც. წლის ბოლოს დასრულდება თეატრის რეაბილიტაციის ეს ეტაპი. ამავდროულად, ვემზადებით  გარე ფასადის პროექტირებაზე. საპროექტოს დავალება მიეცა. დიდხანს ვფიქრობდით და ვმსჯელობდით, თეატრს თავდაპირველი სახე დავუბრონოთ ხმალაძის პროექტით. ეს არ იქნება „ბეტოპლანით“ შემოკრული, არამედ მხოლოდ გაილესება კედლები, ნახევარ მილიონ ლარამდეა საჭირო თეატრის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს“.  

ახალაშენებულ თეატრში ჯამში 12 მილიონი ლარი გაიხარჯა, დღვანდელი სარეაბილიტაციო სამუშაოები 790 ათასამდე ლარს შეადგენს, სამუშაოები 2020 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.