შაბ. აპრ 27th, 2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის მკვიდრი, სოციალურად დაუცველი ეკა გულორდავა ძველი ხიბულის საჯარო სკოლის დირექტორს ზვიად ღვინჯილიას ფულის მითვისებაში ადანაშაულებს. გულორდავა სკოლაში დამლაგებლის პოზიციაზე ორი წელია მუშაობს და მისი ხელფასი 50 ლარია. როგორც გულორდავა ამბობს, დირექტორი, ზვიად ღვინჯილია კუთვნილ ხელფასს მამამთილის ხელით უგზავნიდა და არ იცოდა, რომ სახელფასო ბარათი გააჩნდა. ეკა გულორდავას ოჯახი წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებდა, რამდენიმე წლის წინ ოჯახს დახმარება მაღალი ქულების გამო მოუხსნეს.

გულორდავამ წელს კვლავ მიაკითხა სოციალურ სააგენტოს, სადაც გაირკვა, რომ მის სახელზე სახელფასო ანაზღაურება 190 ლარი ირიცხებოდა და, ამდენად, მას სოციალური დახმარება არ მიეცემოდა: ,,ჩემი ქმარი სეზონურ სამუშაოზე თურქეთში დადიოდა. მეგონა, დახმარება ამ მიზეზით მომიხსნეს. თურმე ოთხი წელი და ორი თვეა გაფორმებულ ვარ დამლაგებლად. მე კი ორი წელია, ვმუშაობ და ისიც 50 ლარს მიგზავნის მამამთილის ხელით სკოლის დირექტორი”.
გულორდავას თავის დროზე სამსახური სწორედ დირექტორმა შესთავაზა, “ხელფასის” მსგავსად აქაც მამამთილი იყო შუამავალი: ,,ზვიადს უთქვამს, თუ დამლაგებლის შტატი გაიხსნა, შენმა რძალმა იმუშაოს, საქმეაო. მამამთილმა ჩემი პირადობა დირექტორს მიუტანა, მერე ხობში რაღაც საბუთზე მომაწერინეს ხელი და მერე ეს თეთრი ქაღალდი, რომელშიც რაღაც იყო გახვეული, ჩემმა დედამთილმა წაუღო ღვინჯილიას. სკოლის ხელფასი 22-23 რიცხვშია, ჩემი მამამთილი ფულს 25-26 რიცხვში მაძლევდა”- გვიამბობს გულორდავა.

ეკა გულორდავა თავად ყოველდღე სკოლაში დადიოდა, ღვინჯილია რატომ მას არ აძლევდა ხელფასს, გულორდავას ამაზე პასუხი არ გააჩნია: ,,არ ვიცი, ჩემთვის არასდროს მოუცია ხელზე ხელფასი. ყოველთის მამამთილს მოჰქონდა. მეუღლეს გულის პრობლემები აქვს, ზოგჯერ თურქეთში დადის სეზონურ სამუშაოზე, რომ შვილებს საჭმელი მაინც ქონდეთ, მაგრამ ის ფული წამლებსაც არ ყოფნის”.

გულორდავამ ძველი ხიბულის დირექტორის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ის დღემდე სკოლაში მუშაობს, თუმცა თანასოფლელებისა და სკოლის თანამშრომლებისაგან არაერთხელ მოუწია საყვედურების მოსმენამ, როგორ ვერ გაიგო ამ ხნის განმავლობაში, თუ ასეთი რამ ხდებოდა. საყვედურობენ, სკოლის დირექტორის წინააღმდეგ საქმის აღძვრის გამოც, მაგრამ, როგორც ამბობს, მას არაფერი მოუგონია და ყველაფერი ფაქტია.

გულორდავას იმედი აქვს, რომ სასამართლოს გზით დაიბრუნებს კუთვნილ ხელფასს.

msnews.ge დაუკავშირდა ძველი ხიბულის დირექტორს ზვიად ღვინჯილიასაც, რომელიც თავიდან მოკლე პასუხით შემოიფარგლა: “ეს ყველაფერი ინსცენირება, დადგმული სპექტაკლი გახლავთ ნაციონალური პარტიის წევრების მიერ და ამ საკითხზე ნუ დამიკავშირდებით”. როცა გაიგო არცერთ მხარეს არ წარმოვადგენდით, კითხვებზე გვიპასუხა:

,,ეს ყველაფერი ჭორია. დამლაგებლის კი არა, ბავშვის 20 თეთრიც კი არ მაქვს აღებული. მე ვარ ალალ-მართალი ადამიანი და ყველგან გავიმართლებ თავს. მინისტრთანაც გახლდით. დაგიყენებთ მასწავლებლებს, ბავშვებს და მათ ილაპარაკონ ჩემზე. განერვიულებული ვარ, ახლახან სოციალურ გვერდზე ვნახე არასამთავრობოების მიმართვა, თუ რატომ არ ვიყავი ამ დრომდე დაჭერილი. მაგათ ჩავსვამ ციხეში მე კარგად – ჯერ იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც არასწორი ინფორმაცია გაუშვეს, შემდეგ სუკის აგენტებს და მერე მათ მომყოლებს. ჩემი ადგილი გაიყიდა 3 000 ლარად და გულორდავა გამოიყენეს საზარბაზნე ხორცად. მე ვარ დამსახურებული დირექტორი”.

ღვინჯილიამ როგორც გვითხრა, თავად აპირებს სარჩელის შეტანას, რათა პასუხი აგებინოს ცილისმწამებლებსა და მორალური ზარალის მიმყენებლებს: ,,იმ შვიდეულს, რომელშიც მოიაზრებიან ია ჯიშკარიანი (საკრებულოს წევრი ნაციონალური პარტიიდან) და ის ჟურნალისტები 599 88 75 39, რომლებსაც ჩემი შეურაცხყოფის და მსოფლიოს წინაშე ჩემი მორალური იმიჯის შელახვისათვის აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა. დადგმულ სცენარში უჩვენეს დანგრეული სახლი, უფრო სწორედ ბეღელი სახლად, მეუღლე თითქოს ინვალიდი მაშინ, როდესაც მისი მეუღლე თურქეთში დღეში 700 კგ ჩაის კრეფს. როგორ შეიძლება საღ-სალამათ კაცს, საჭიროებისამებრ, უწოდო ინვალიდი?”

ორივე დაპირისპირებული მხარეების ოჯახების ყველა წევრი დაკითხვაზე დაიბარეს. ღვინჯილიას თქმით, გულორდავას მამამთილ-დედამთილი და მაზლიც მის სიმართლეს ადასტურებენ.

ღვინჯილია იხსენებს, რომ გულორდავა ხშირად თავის მოვალეობას არ ასრულებდა. ბუფეტში იყო ხოლმე, შენიშვნის მიცემაზე ღიზიანდებოდა და პასუხობდა, ჩემს მეზობელს ვეხმარებიო.Dდირექტორი ცნობილ გამოთქმას იშველიებს: ,სწორედ ჩემზეა ნათქვამი – “ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო”. ,,ოჯახის თითქმის ყველა წევრი დასაქმებული მყავს. მამამთილმა მომიტანა ყველას, მათ შორის რძლის, პლასტიკური ბარათები. მითხრა, რომ არ იცოდნენ გამოყენება და მთხოვა, დახმარება ხელფასის აღებაში. შაქარიც მომიტანია, პურიც და ჩეკებიც. რა დავაშავე? მე კუთვნილ ხელფასს მამამთილს ვაძლევდი, დანარჩენი არ ვიცი”.

დაპირისპირებული ორივე მხარე სიმართლის დადგენას ახლა სასამართლოსგან ელის.

სიმართლის დადგენას ასევე ელოდება ხობის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბეატრისა რუსიაც, მისი განმარტებით, ,,საქმეს შესაბამისი სამსახურები სწავლობს და იმედია სიმართლე დადგინდება: “ამის გამოძიება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცდება. ჩვენ შევისწავლეთ საქმე, თუმცა დარღვევა ვერ აღმოვაჩინეთ. ქუჩაში გაგონილ ჭორებს ვერ ავყვებით და ამის საფუძველზე ვერ მოვცხებთ ჩირქს ადამიანს. არსებობს შესაბამისი სამსახური, რომლებიც გამოიძიებს აღნიშნულ საკითხს. რთულია ამ თემაზე ზერელედ საუბარი. ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტია”.