შაბ. აპრ 20th, 2024

ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები, msnews.ge -სთან კვლავ მათ გაუსაძლის ცხოვრებაზე საუბრობენ. ისინი აპროტესტებენ თავიანთი სახლების წინ მდებარე მეტალურგიული ქარხნის და “კავკასიან მეტალს ტერმიანალის” არსებობას. ისინი დაბინძურებულ ჰაერზე, მტვერსა და გამონაბოლქვზე საუბრობენ. მოსახლეობის თქმით, ძნელია იცხოვრო მსგავს პირობებში, როდესაც არ იცი რა დროს რა დაგემართება, მათი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დგას. როგორც ამ ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, წლების წინ, როდესაც აქ დასახლდნენ, ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა გარემო იყო შექმნილი, მას შემდეგ კი, რაც ქარხნები გაშენდა, აქ სუნთქვაც კი გაძნელდა.

ხათუნა ლომთაძე ჭავჭავაძის # 173 -ში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, აქ დაბადებული და გაზრდილია, კარგად ახსოვს, წლების წინ არსებული მდგომარეობა. დღეს ის მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, მარტოხელა დედა გახლავთ, და უკვე ბოლო რამდენიმე წელია, ონკოლოგიური ავადმყოფია: ,,სწორედ “მეტალურგიული ქარხნისა” და “კავკასიან მეტალს ტერმინალის” გახსნის მერე აუტანელი გახდა აქ ცხოვრება. ჰაერი დაბინძურებულია, საშინელი სუნი დგას, შავი ღრუბელივით ადგას გამონაბოლქვი “მეტალურგიულ ქარხანას”, ე.წ “ ოქროსქვიშა” დიდი მანქანებით გადააქვთ ღია წესით, რომელიც გადაადგილების დროს იფრქვევა ქუჩაში, მერე წყალს ასხამენ, რომ გადარეცხონ, მაგრამ ყველაფერი ეს ხალხის მოტყუებაა და მეტი არაფერი, იწამლებიან ადამიანები”.

ამ ქუჩაზე მაცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ მათ ჰქონდეთ ორგანიზმში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი. ერთ-ერთი მოსახლის თქმით (რომელსაც არ სურს თავისი ვინაობის გამხელა): “როგორც ვიცი, თბილისში არსებობს ერთი ლაბორატორია, რომელიც ატარებს ანალიზს, ტყვიის მაჩვენებელს განსაზღვრავს ორგანიზმში, საიდანაც ხდება გაგზავნა ანალიზების საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს თბილისში წასვლისა და ამ ანალიზის გაკეთების საშუალება. ძირითადად, 7 დან 8 წლამდე ბავშვებს უტარებენ. რამდენიმეჯერ აიღეს აქ სინჯები, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ პასუხის მიღების შემდეგ დახიეს, ალბათ ისეთი რამ ეწერა, რაც ჩვენს ეჭვს ადასტურებს. ჯანმრთელობის კუთხით ყველას რაღაც აწუხებს, ზოგს თავის ტკივილი აქვს, მე, მაგალითად, კუჭი და გული მაწუხებს, თუმცა, სინამდვილეში, დეტალური ანალიზი არ ჩამიტარებია, ამას რომ დავუკავშირო – ასე საუბარიც არ მინდა”.

ხათუნა ლომთაძის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, როგორც თავად გვეუბნება, მას და მის შვილს წლების წინ დაუდგინდათ ტყვიის რაოდენობა ორგანიზმში 2-3- ჯერ მეტი, როდესაც ლომთაძეს მოვთხოვეთ ამის დამადასტურებელი საბუთი, როგორც ის ამტკიცებს მას დაეკარგა ზემოთ ხსენებული დოკუმენტი. ლაბორატორიაში კი გავარკვიეთ, რომ ლომთაძის ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში, მას ანალიზების პასუხს გადასცემენ.

“ტყვიის რაოდენობა ჩვენთან ფოთში იქნება კატასროფულად მაღალი. მე, პირადად, და ჩემმა შვილმა ანალიზი გავიკეთეთ ტყვიაზე, ლაბორატორია “მრჩეველში”, რომელიც გერმანიაში გაიგზავნა და დაგვიდასტურდა, რომ გვაქვს ორგანიზმში 2-3 – ჯერ მეტი ტყვია, ასე ექნება მთელ მოსახლეობასაც. საკანალიზაციო მილები გაყავთ ჩვენს ქუჩაზე, გადათხრილია გზები და ორმოში რომ ჩავარდება გადამზიდი მანქანა, იყრება ეს ქვიშა, ყველას სახლშია შესული მტვრის სახით. როგორც მოსახლეობას აქვს ინფორმაცია “მეტალურგიულ ქარხანაში” არ აქვთ დაყენებული გამწოვი, ამიტომ იმურება ყველაფერი, სარეცხს ვერ ვფენთ. გამწოვი რომ დააყენონ, არ შეგვაწუხებს. “ ოქროსქვიშა” საშინელებაა, ჩვენთან მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი ყველაფერი გაშავებულია, ბოსტანს ვერ გამოიყენებ. ჩვენი მოსახლეობის თხოვნაა, გადავიდეს სხვა ტერიტორიაზე ქალაქიდან და მოსახლეობისგან მოშორებით, რომ არ მოვიწამლოთ, განსაკუთრებით ბავშვები”- ამბობს ლომთაძე.

“კავკასიან მეტალს ტერმინალის” ყოფილი მუშა იხსენებს, რომ ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელა ამ ე.წ “ ოქროს ქვიშას” ცეცხლი ეკიდება, იმასაც ამბობს, რომ ამ ქვიშას შეუძლია რკინა “შეჭამოს”, მისივე თქმით, ოთხი დღის განმავლობაში ქვიშაში მოხვედრილი რკინა წვრილ მავთულად გადაიქცა.

“ეს ქვიშა შეიცავს სპილენძს, მეტალს საიდანაც გამოყავთ დიდი რაოდენობით სპილენძი და იღებენ დაბალიხარისხის ოქროს, ასევე სხვა და სხვა კონცენტრანტებს, ეს ისეთი მიწაა, დანაკარგი არ აქვს. შემდგომ გააქვთ საზღვარგარეთ, თუ არ ვცდები ავსტრიაში, ჩინეთში”- გვიამბობს “კავკასიან მეტალს ტერმინალის” ყოფილი მუშა.

მოსახლეობამ კარგა ხანია, ამ ორ გვერდიგვერდ მდებარე ქარხანას “მკვლელი ქარხანები” დაარქვა.

როგორც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო განმარტავს, ფოთში ეტაპობრივად ატარებს ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორულ გაზომვებს, რომლის საშუალებით განისაზღვრება ოზონის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების შემცველობები.
მსგავსი გაზომვები ქალაქში 2018 წელსაც განხორციელდა მარტში, ივნისში, სექტემბერსა და ნოემბერში. გაზომვები ტარდებოდა 3 წერტილში (პორტთან, ავტოსადგურთან და ზერაგიას ქუჩაზე). სულ ჩატარდა 20 ინდიკატორული გაზომვა, აქედან აზოტის დიოქსიდის – 12, გოგირდის დიოქსიდის – 2, ხოლო ოზონის 6 გაზომვა. ოთხივე ეტაპის შედეგების მიხედვით ოზონის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების კონცენტრაციების შესაბამის ნორმებზე გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
როგორც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოგზავნილი პასუხიდან ირკვევა, რომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვა არ მომხდარა სწორედ იმ უბანში და იმ ქუჩაზე, სადაც ამის საშიშროება და პრეტენზიებიც არსებობს მოსახლეობის მხრიდან.

გარემოს ზედამხედველობის და ინსპექტირების სააგენტოდან კი საპირისპირო პასუხი მივიღეთ. როგორც განგვიმარტეს: „ ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, 2018 წელს, ფოთში მდებარე შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ (მეტალურგიული ქარხანა) შემოწმდა არაგეგმიურად და გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამო. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ასკ-ის 793 მუხლის პირველი ნაწილით და სასამართლო გადაწყვეტილებით დაჯარიმებულ იქნა 5000 (ხუთი ათასი) ლარით. კომპანიას დაუდგინდება დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადები.

ასევე დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით “შპს „კავკასუს მეტალს ტერმინალი” (სპილენძის კონცენტრატების სასაწყობე ტერმინალი), 2018 და 2019 წლებში ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

msnews.ge შეეცადა დაკავშირებოდა ზემოთ აღნიშნული საწარმოების ხელმძღვანელებს, სამწუხაროდ მეტალურგიული ქარხნის დირექტორი ადგილზე არ დაგვხვდა და არც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობს. ხოლო „კავკასუს მეტალს ტერმინალის“ ამჟამინდელი ხელმძღვანელის ირაკლი კვარაცხელიას თქმით, მოსახლეობა აჭარბებს, საწარმოში მიღებული ნივთიერებები არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.