პარ. აპრ 26th, 2024

ფოთში საკრებულოს წევრებმა ცენტრალური სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპით განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით მილიონიანი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული და უეფას სტანდარტებს არ შეესაბამება.

საკრებულოს წევრები განსაკუთრებულად საშხაპეებისა და სველი წერტილების მდგომარეობამ აღაშფოთა. ტრუბუნაზეც გადადგილება შეუფერხებლად შეუძლებელია.

„თავიდან ბოლომდე მიუღებელია ეს პროექტი. საშხაპეები წარმოადგენს კატასტროფას. ამ საშხაპეში ფეხბურთელი სრიალით შევიდეს? უნდა გაისაპნოს და ისე შესრიალდეს, სხვანაირად ვერ შევა. სპორტსმენებისთვის 4 საშხაპეა გაკეთებული, როდესაც 11 მოთამაშეა გუნდში, რიგრიგობით უნდა მოიწესრიგონ თავი?!ეს არის ღალატი, როდესაც საუკუნის პროექტი ხორციელდება, ხელისუფლებას ვალდებულება აქვს, რომ მივიდეს და გააკონტროლოს თუ როგორ კეთდება. ეს არის ფლანგვა ბიუჯეტის! ეს არის არასახელმწიფოებრივი ხედვა!“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

ფოთის მერიაში კი საპირისპიროს აცხადებენ. მათი თქმით სტადიონზე ყოველდღიური კონტროლი მიმდინარეობდა.

,,სპეციალური კომისია შეისწავლის არსებულ ხარვეზებს. მისი აღმოჩენის შემთხვევაში მშენებელ კომპანიას გამოვასწორებინებთ. უნდა ჩამოვიდნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, მათ უნდა შეამოწმონ არსებული სამუშაოების სტანდარტებთან შესაბამისობა. ყველაფერს სპეციალისტები დაადგენენ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ყოველდღიურად ვაკვირდებით მშენებლობის მიმდინარეობას და ყველა დეტალი ჩვენთვის ცნობილია“- აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები კი აღმასრულებელ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, არ ჩაიბარონ სტადიონი მანამ, სანამ არსებული ხარვეზები არ გამოსწორდება.

შეგახსენებთ, რომ სტადიონის მშენებლობა 7 წელი მიმდინარეობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტორმა ფირმებმა ავანსის სახით თანხა წინასწარ აიღეს, ტენდერით დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ამჯერად, ქალაქის სტადიონის მშენებლობა, რიგით მესამე კომპანიამ განახორციელა.