ხუთ. აპრ 25th, 2024

ფოთში თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო გეზთან ახლოს მდებარე, ჯავახიშვილის ქუჩაზე
სატრანსპორტო მაგისტრალი. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილება, ასევე ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებისა და ნორმების დარღვევით ტრანსპორტირება, გააპროტესტეს.

ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლების თქმით, ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.

,, მძიმე წონიან მანქანებს ტვირთები ისე გადააქვთ, რომ არაა უსაფრთხოების ნორმები დაცული. მთელი ღამის განმავლობაში საშინელი ხმაურია, აუტანელია საყვირების ხმაც. ხალხი იწამლება. რა ნივთიერებები გადაქვთ, არ ვიცით. ყოველ კვირა ერთ მიცვალებულს მივასვენებთ. ფილტვების დაავადებით იღუპებიან. პორტში მუდმივად სხვადასხვა სახის ტვირთი შემოდის. ქარის დროს საშინელი მტვერია და ვიხრჩობით. აქ ცხოვრება გაუსაძლისია. თუ პრობლემას ვერ აგვარებენ, გადაგვასახლონ სხვაგან“- გვითხრა აქციის მონაწილე ვეფხვია გულორდავამ.

აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. ისინი მოსახლეობას ვითარებაში გარკვევას დაპირდნენ.

,,აქ ნორმების დარღვევით მიმდინარეობს თუ არა ტვირთების გადატანა, ამაში ჩვენ კომპეტენტური არ ვართ. მათ მოთხოვნაზე აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებაში. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოსულები იყვნენ, ვითარებას ადგილზე გაეცნენ და შესაბამისი ღონისძიებებიც გაატარეს, თუმცა დასკვნა ჯერ არ გვაქვს მიღებული. მიმდინარეობს საკითხის განხილვა და რეაგირების გარეშე არ დარჩება,“- განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჯგერენაიამ.

აქციაზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსეს.