პარ. აპრ 26th, 2024

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას მტკიცებით, წინასაარჩევნოდ ფოთში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება. მისივე ინფორმაციით, საარჩევნო ბარათები იგზავნება მისამართებზე, სადაც იმ ადამიანებს რეალურად არ უცხოვრიათ და მათი გვარები საარჩევნო სიებშიცაა შეყვანილი. ოპოზიცია მოპოვებული მასალის გასაჯაროებას გეგმავს.

,,ხელისუფლებას არაფერი დარჩა გარდა იმისა , რომ არჩევნები გააყალბოს და ამ პროცესში ყველა საჯარო მოხელე ჩართულია. მათ არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებული აქვთ . გამოყენებულია საჯარო რესურსი, პროცესში ჩართულები არიან საბავშვო ბაღების დირექტორები , აღმზრდელები . საჯარო სკოლის პედაგოგები , ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების თანამშრომლები. დღეს ვითომ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელები საკრებულოს დარბაზში შეკრიბეს და თითქოს ტრენინგები ჩაუტარდათ, რეალურად კი არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრეს და გააფრთხილეს. დანელიას ქუჩიდან ერთი მოქალაქე დამიკავშირდა, რომლის ვინაობას ვერ გავამხელ, რადგან უხერხული მდგომარეობა არ შეექმნას. თურმე ხმების სანაცვლოდ ამომრჩევლებისთვის 150-150 ლარი დაურიგებიათ. სახელმწიფო მანქანა ამუშავებულია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. აი, ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ ყველა მიმართულებით, ყველა ფრონტზე ვიბრძვით. გამოვავლენთ ფაქტებს და ყველა მასალას გამოვაქვეყნებთ, რასაც მოვიპოვებთ. ყველა გზას გადავუკეტავთ , რაც კი არსებობს სიყალბეზე, სიბინძურეზე, ბოროტობაზე. ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, ხალხი გაიმარჯვებს,“- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს ,,ქართული ოცნების” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია.

,,ეს არის აგონიაში მყოფი ადამიანების ბოდვა. ჩვენ მოსახლეობიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ერთად მივაღწევთ გამარჯვებას”- აცხადებს კაკულია.

როგორც გავარკვიეთ ტრენინგი გამგეებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „სოხუმმა“ გამართა თემაზე „ძალადობა ბავშვებში და ბულინგი“.

საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე ბაქარ ერაგიას თქმით: „ ეს არის ყოველგვარ აზრს მოკლებული განცხადება, საკრებულოს წერილობით მომართა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ითხოვდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკრებულო სააქტო დარბაზის გამოყენებას, სადაც ჩაატარებდა ტრენინგს ძალადობასთან დაკავშირებით. არანაირი წინაასაარჩევნო გადამზადება არ მიმდინარეობდა მათი.