პარ. მარ 29th, 2024

სახელმწიფო რწმუნებულის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით,
დარგის სპეციალისტებისა და საზოგადოების უშუალო ჩართულობის შედეგად, ქალაქ ზუგდიდის მიწათსარგებლობის გეგმა შემუშავდება, რომელიც მოიცავს როგორც ურბანული განვითარების კონცეფციას და ამავე დროს აუცილებელი რეგულაციების დაწესებას მიწათსარგებლობის მხრივ.

ინიციატივის მიზანია, სრულად გამოირიცხოს სხვა ქალაქებში არსებული მავნე პრაქტიკა ქაოტური მშენებლობების სახით, მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნას ქალაქის არქიტექტურული იერსახე და ამავე დროს, მისი ურბანული განვითარება გადავიდეს ახალ ეტაპზე, რომელიც აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.

ამასთან, გენერალური გეგმის დოკუმენტის დამტკიცება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეებისა და დარგის სპეციალისტების ერთობლივი ხედვისა და კონსენსუსის შედეგად.

ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის შემუშავებისათვის, 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნება შესაბამისი ფინანსური რესურსი.

აღსანიშნავია, რომ ქ.ზუგდიდში მნიშვნელოვნად იმატა ინვესტიციის მსურველ კომპანიათა რიცხვმა. მათ შორის, მნიშვნელოვანია დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონების “საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტის კონცეფცია, რომელიც კომპანიამ 25 ნოემბერს საზოგადოებას წარუდგინა. ღონისძიება ჩატარდა ზუგდიდის ცენტრში, სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პრეზენტაციას დაესწრნენ m²-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ზუგდიდის მერიის, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია და მედია. სასტუმროს კონცეფციის წარდგენის შემდეგ, 18:00 საათზე ზუგდიდის მცხოვრებლებისთვის m² -ის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა სტეფანეს კონცერტი.

განხორციელების შემთხვევაში, ახალი სასტუმრო პირველი საერთაშორისო ბრენდი იქნება ზუგდიდში. ამასთან, სასტუმროს კონცეფცია თავსებადია ზუგდიდის არქიტექტურასთან და გამოირჩევა მისი მდებარეობით. პროექტი 130 თანამედროვე აღჭურვილობის და დიზაინის ნომერს აერთიანებს. უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გეგმა, რომლითაც სასტუმროს ოპერირებისთვის 200-ზე მეტი სამუშაო ადგილია განსაზღვრული. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება კი 30 მილიონი ლარია.

„ეს იქნება პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქალაქში. პროექტი უმნიშვნელოვანესია რეგიონის ეკონომიკური განვითრებისთვის და უპირობოდ მნიშვნელოვანი ტურისტების მოსაზიდად. ზუგდიდი ქალაქია, რომელსაც განვითრების დიდი პოტენციალი აქვს. ამავდროულად, ცხადია 30 მილიონი ლარის ინვესტიცია დასაქმების გაზრდის გარანტია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დღეს, მაშინ როდესაც სასტუმროს მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ჩვენი კორპორატიული კულტურიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალეთ კონცეფცია გაგვეცნო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რადგან თითოეული პროექტის დაწყებამდე მიღებული უკუკავშრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.“ – ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m2 – გენერალური დირექტორი.

აღნიშნული სასტუმროს პროექტის დეტალებზე მსჯელობა ქალაქის გენერალური გეგმის ფარგლებში გაგრძელდება. მისი მშენებლობა, ისევე როგორც სხვა ახალი არქიტექტურული პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნება. ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ.