პარ. აპრ 26th, 2024

გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” მისი უსაყვარლესი ნაწარმოებია, გამორჩეული ფრაზა კი – “დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო“. ქვეყანაში და ჩვენს პატარა ქალაქში ბევრი ქალია, რომლებიც თავის საქმეში თუ პირად ცხოვრებაში რეალიზებულნი არიან. ჩვენი გაზეთის დღევანდელი სტუმარი თეა მიგინეიშვილი გახლავთ. ქალბატონი, რომელმაც შეძლო იდეალურად დაებალანსებინა პირადი ცხოვრება და წარმატებული კარიერა, რაც თავადაც დიდ გამარჯვებად მიაჩნია.

თეა მიგინეიშვილი დაიბადა ფოთში. სკოლის დასრულების შემდეგ 1993-2000 წლებში თბილისის სახელმწიფო აკადემიაში ექიმი-თერაპევტის სპეციალობაზე სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგაც იწყება მის კარიერულ ცხოვრებაში საინტერესო პერიოდი. 2001 წელს მუშაობა დაიწყო შპს ფოთის სამედიცინო დახმარების სამსახურის-03-ის ბრიგადის ექიმად და იქ 2013 წლამდე დარჩა. ამავდროულად 2006-2012 წლებში შპს ფოთის სამედიცინო სამედიცინო დახმარების-03-ის რეანომობილის ბრიგადის ექიმი გახლდათ. 2012-2013 წლებში ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მენეჯერი და ამავე დროს სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“- ს სამეგრელოს რეგიონის კატასტროფის სამსახურის რეგიონალური კოორდინატორი გახდა. 2013 წელს, სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“- შპს ფოთის პირველი პოლიკლინიკის მენეჯერად დაინიშნა. 2013-2014 წლებში საჯარო სამსახურშიც სცადა თავი, იყო შეთავაზება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტიდან და წარმომადგენლად დაინიშნა ფოთის, ხობის და აბაშის რაიონებში. 2013 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ -ს „ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“. 2016 წლიდან ამავე საავადმყოფოში დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა.

ძალიან საინტერესო და დიდი გამოცდილება აქვს შეძენილი მთელი ამ წლების განმავლობაში, რამაც საშუალება მისცა მას კარიერულ წინსვლაში. იყო პერიოდი, როდესაც თავს პრაქტიკოს ექიმად მიიჩნევდა, თუმცა ცხოვრებამ სრულიად დაუგეგმავად მისცა შანსი, ძალები გამოეცადა მენეჯმენტშიც. როგორც თავად აღნიშნავს: „ ბუნებით რისკიანი და ცოტა ავანტიურისტი (რა თქმა უნდა, კარგი გაგებით) ვარ, სიახლეები მიყვარს, მომწონს ახალი გამოწვევები. როდესაც ახალი შანსი გამიჩნდა ცხოვრებაში, მქონდა შემოთავაზება, ვთქვი- რატომაც არა?! თუმცა ძალიან ბევრი ვიფიქრე და ავწონ-დავწონე ყველაფერიი რადგან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამავდროულად, გავრისკე და არც ვნანობ. სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მომცა შანსი, ძალები მომესინჯა მენეჯმენტის მიმართულებით, ახალი უნარები აღმომეჩინა საკუთარ თავში, რისთვისაც მუდამ მადლიერი ვიქნები. ზოგჯერ საკუთარ თავს ხუმრობით ევექსელ „კონკიას“-აც ვეძახი. ეს შეიძლება ჩაითვალოს წარმატებისკენ გადადგმულ პირველ და გამართლებულ ნაბიჯად. ეს იყო მოულოდნელად გამოჩენილი შანსის გამოყენება. შემომთავაზეს სხვა ქალაქში, სხვა რეგიონში გადავსულიყავი, მაგრამ უარი ვთქვი, ვერ შეველიე ჩემს ქალაქს. მინდა საყვარელი საქმე მშობლიურ ქალაქში ვაკეთო.“

ძლიერი ქალი და წარმატებული კარიერის მქონე ქალბატონი თეა ძალიან შეყვარებულია. ბევრს არ საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე-მეუღლეზე,შვილზე, მაგრამ აღნიშნავს, რომ ძალიან ბედნიერი ცხოვრება აქვს.
ოჯახი და კარიერა

„სხვადასხვა ტიპის ქალი გვხვდება ცხოვრებაში: ქალბატონები, რომლებმაც გამოსავალი ნახეს კარიერაში, პირადი ცხოვრება არ გამოუვიდათ, ან პირიქით, პირად ცხოვრებაში ძალიან ბედნიერნი არიან და ვერ გამონახეს დრო კარიერისთვის. ბალანსი ყოველთვის არ ხერხდება. არ ვიტყვი, რომ ან ერთი ან მეორე აუცილებლობაა, მთავარია, რა სურს ქალს, სად გრძნობს თავს ბედნიერად. მე რაღაცნაირად ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა ორივე მიმართულებით. თუ ჩემი პირადი სივრცე არ არის მოწესრიგებული, ჩემი ახლობელი ადამიანები არ გრძნობენ თავს ბედნიერად, ჯანმრთელად, მეც ვერ ვიქნები ბედნიერი. ვიტყვი, რომ ცხოვრებასთან დათმობაზე არ წავსულვარ, მაგრამ ნებაყოფლობითი და ზოგჯერ სასიამოვნო დათმობები იყო. როცა შვილი პატარა მყავდა, მეტი ყურადღება სჭირდებოდა ჩემგან. დროის დეფიციტის მიუხედავად, ვცდილობდი მაქსიმალურად ჩართული ვყოფილიყავი მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებში, მაგრამ ისე, რომ თავისუფლება და არჩევანის უფლება არ შემეზღუდა. ახლა უკვე დიდი გოგოა, 19 წლის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს პოლონეთში, სრული დაფინანსება მოიპოვა. შეიძლება სუბიექტურად გამომდის (ეცინება), მაგრამ, ვთვლი, რომ ძალიან კეთილი და გულისხმიერი გოგოა, მიზანდასახულიცაა და მჯერა, რომ ყველა ოცნების რეალიზებას შეძლებს. ჩემთვის მთავარია, ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, დანარჩენს თავად გადაწყვეტს. პირად ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე მეუღლის სახით, ჩემი ნამდილი მეორე ნახევარი. 20 წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ჩემთვის ერთგული პარტნიორი, თანამებრძოლი, მეგობარი, თანამოაზრე და შეყვარებულია“.

-როგორ შეაფასებდით თქვენს განვლილ გზას დღემდე?

-პირველ რიგში გეტყვით, რომ არაფერს შევცვლიდი. ისევ იმავე საქმეს, პროფესიას ავირჩევდი, თუნდაც პირადი ცხოვრების მიმართულებით, ისევ ამ ადამიანს ავირჩევდი. უბრალოდ ახლა ამ ასაკში, ამ გადასახედიდან და გამოცდილებით, უფრო მეტად ვიქნებოდი დამთმენი, უფრო მეტ ცოდნას შევიძენდი, თუმცა, არც ახლა არის გვიან. მეტ სითბოს გამოვხატავდი საყვარელი ადამიანების მიმართ, მეტ დროს გავატარებდი მათთან. დღეს დროის და ურთიერთობების დეფიციტია, რომელიც ცხოვრების რიტმაც მოიტანა. ნებისმიერი საქმე გულით და სიყვარულით, მაღალი პასუხისმგებლობით უნდა აკეთო, მაშინ ყოველთვის მართალი იქნები საკუთარ თავთან და სინდისთან. ვთვლი, რომ თუ ოდნავ მაინც შეგიძლია ადამიანის მიმართ გამოხატო თანაგრძნობა და თანადგომა ნებისმიერი ფორმით, ეს უნდა აკეთო უშურველად. სიკეთე და სიყვარული, ამ ორი ცნების ირგვლივ ბრუნავს სამყარო“.

-ოცნება რომელიც ჯერ არ განგიხორციელებიათ.

-ორ რაღაცაზე ვფიქრობ: როდესაც მედიცინაში საკუთარ თავს ამოვწურავ, წლების შემდეგ თავი წარმომიდგენია ლიტერატურული კაფის მფლობელად. შევქმნიდი ისეთ გარემოს, სადაც ადამიანები დატვირთული დღის შემდეგ შეიკრიბებიან, გაცვლიან თავიანთ აზრებს, შეხედულებებს, ისაუბრებენ წიგნებზე, მოუსმენენ გემოვნებიან მუსიკას და უბრალოდ სასიამოვნოდ გაატარებენ საღამოს. მეორე, რაზეც დიდი ხანია ვფიქრობ, მოხუცთა თავშესაფარია. თბილი, სიყვარულზე და ოჯახურ გარემოზე ორიენტირებული სახლი. ძალიან მინდა, ქალაქში იყოს ერთი ადგილი,სადაც მოხუცები თავს კარგად და ბედნიერად იგრძნობენ. მიმაჩნია, რომ ქვეყნის განვითარების ხარისხი იმითაც იზომება, რამდენად პატივისცემით და ღირსეულად ვეპყრობით მხცოვან ადამიანებს.

-რას ურჩევთ ქალბატონებს?

-მინდა, მეტად რეალიზებულნი იყვნენ. ქალთა მიმართ ძალადობას მინდა შევეხო. ვეტყვი ქალბატონებს – არ შეეშინდეთ, არ მოითმინოთ ძალადობა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს! ბედნიერება მინდა ვუსურვო და სიყვარული! ჩვენ ხომ ძალიან ლამაზები, ლაღები და ყოვლისშემძლეები ვართ, როცა გვიყვარს.

-ისტორია, რომელიც მუდამ თან დაგყვებათ.

-ვინც მიცნობს, ზოგადად იცის, როგორი ხიფათიანი და ფათერაკიანი ვარ. ამის გამო ბევრი ტრავმა მაქვს მიღებული. ძალიან აქტიური მოზარდი ვიყავი. ყველგან გამოვცადე ჩემი თავი: სპორტში, მუსიკაში, ცეკვაში და ა.შ. „თინეიჯერობის“ პერიოდში ხერხემლის ტრავმა მივიღე, რომელმაც ერთი წელი საწოლს მიმაჯაჭვა. ეს პერიოდი აღმოჩნდა ყველაზე რთული, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად აუტანელი ტკივილების გამო, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ამ შემთხვევის წყალობით უფრო ძლიერი და ამტანი გავხდი. დიდი შრომის და ნებისყოფის ფასად თავიდან ვისწავლე ჯერ ჯდომა, მერე დგომა, მერე სიარული, რასაც თან ახლდა საშინელი ტკივილი. არ ვნებდებოდი და მჯეროდა, რომ აუცილებლად ყველაფერი გამომივიდოდა. ჯერ კიდევ იმ დროიდან მივხვდი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ახლობლების თანადგომას. ვისწავლე, რომ იმედი არასოდეს უნდა დაკარგო. მიზანდასახულობას და შრომას ყოველთვის აქვს შედეგი. მივხვდი, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს არასდროს არ უნდა დანებდე სანამ ცოცხალი ხარ.