შაბ. აპრ 27th, 2024

სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების უფროსი, საოცრად საქმიანი, ძლიერი და უბრალოდ ლამაზი ქალბატონი მარგო ჯანიაშვილი დაიბადა 1952 წლის 1 ნოემბერს ფოთში. სწავლობდა #7 საშუალო სკოლაში, სადაც გამოირჩეოდა კარგი აკადემიური მოსწრებით. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა პუშკინის სახელობის ინსტიტუტში პედაგოგიკა- ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. გამორჩეულად კარგად თამაშობდა ხელბურთს. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის ორგზის პრიზიორი გახლავთ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს დედოფლისწყაროს პროფესიულ სასწავლებელში ისტორიის პედაგოგად. ერთი წლის შემდეგ მუშაობა განაგრძო განათლების სამინისტროში, მაგრამ როგორც თავის ქალაქზე უზომოდ შეყვარებული ფოთს დაუბრუნდა და მუშაობა მანქანათმშენებელი ქარხნის ბაღის გამგედ გააგრძელა.

1991 წელს #11 საშუალო სკოლაში, მითოლოგიის, კულტურა-რელიგიის და სპორტის მასწავლებლად განაგრძო. 2007 წელს სკოლამდელ- სააღმზრდელო გაერთიანებაში ჯერ სპეციალისტი გახლდათ, მოგვიანებით დირექტორის მოადგილედ დაწინაურდა.
2014 წლიდან მუშაობა განაგრძო მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას ბიუროს ხელმძღვანელად. როგორც ქალბატონი მარგო გვეუბნება, ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მის ცხოვრებაში: “ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა ეკა ბესელიამ, შემომთავაზა დავბრუნებულიყავი ჩემს უსაყვარლეს ქალაქში და მის ბიუროში მემუშავა. ეს იქნება ჩემი ცხოვრების განმავლობაში დაუვიწყარი დღე“.

რატომ ვერ აეწყო მისი პირადი ცხოვრება – „ყველაფერი ღვთის ნებაა. ცხოვრებას უყვარს რისკი, უნდა გარისკო აუცილებლად, მაგრამ მე ვერ გავრისკე“. მარგო ჯანიაშვილი ძალიან თბილად და დიდი სიყვარულით საუბრობს თავის დისშვილებსა და იმათ შვილებზე. სწორედაც წლების შემდეგ თავის მომავალს მათ უკავშირებს.

გზა რომელიც დღემდე გაიარა მარგო ჯანიაშვილმა – „იყო ტკივილიც, სიხარულიც, ბევრი დასამახსოვრებელი, დაუვიწყარი დღე. წლების შემდეგ გადავაფასე ღირებულებები და ვთვლი, რომ სიყვარულით ნაკეთებ საქმეს არაფერი სჯობს“.
რას უსურვებთ ქალბატონებს? – „ყველა ქალბატონს ვუსურვებ მეტ სითბოს და სინათლეს ოჯახებში, ქალურ ბედნიერებს, კეთიდღეობას, შვილების ჯანმრთელობას, წარმატებას. უყვარდეთ მათ და იყვნენ საყვარელი და სასურველნი“.
მოვდივარ და მომყვება სითბო, რაც მასთან ურთიერთობისას აუცილებლად გადმოგედებათ. მარგო ჯანიაშვილი ძლიერი, საქმიანი და უბრალოდ ულამაზესი ქალბატონი გახლავთ, რომელიც ასე ალამაზებს ჩვენს ქალაქს.