პარ. მარ 29th, 2024

ჩვენი გაზეთის ამ რუბრიკის წყალობით ძალიან ბევრ წარმატებულ თანაქალაქელ ქალბატონს შეხვდი, რომლებიც რეალიზებულნი და წარმატებულები არიან საყვარელ საქმეში. ამ ქალებმა დაამსხვრიეს სტერეოტიპები ქალის პროფესიებთან დაკავშირებით, თუკი ასეთი არსებობს. არ არსებობს საქმიანობა, რომელშიც წარმატებას ვერ მიაღწევს ქალი. ეს ძალიან ბევრმა ქალმა დაამტკიცა თავისი წარმატებული საქმიანობით.

ბევრ წარმატებულ და ძლიერ ქალებს შორისაა ხათუნა ქაცარავა, რომელიც დაიბადა ფოთში და მთელი მისი ცხოვრება ამ ქალაქს უკავშირდება, რომელიც უსაზღვროდ უყვარს. ხშირი მოგზაურობის მიუხედავად, მუდამ თავის ქალაქს უბრუნდება, მშობლიურს და არაჩვეულებრივს, მართლაც თავის ქალაქს, რომელიც სავსეა უამრავი მოგონებით. მისთვის ყველაზე საყვარელი საქმეა ადამიანებთან ურთიერთობა. როგორც თვითონ ამბობს, სამსახური, სადაც დღეს არის დასაქმებული, აძლევს „განებივრების“ საშუალებას: „სამსახურებრივი საქმიანობებიდან გამომდინარე, მიწევს ყველა ასაკის და ეროვნების ადამიანთან ურთიერთობა, დაწყებული 3-4- წლის ბავშვებით და დასრულებული ხანდაზმული ადამიანებით. ჰობი კი ბევრი მაქვს, გამოვყოფდი სხვადასხვა ადგილების მონახულებას, შესაბამისად, სხვადასხვა კულტურის, ტრადიციების, სამზარეულოს და რა, თქმა, უნდა, ხალხის გაცნობას“.

პროფესიით ეკონომისტი გახლავთ და ამავდროულად დამთავრებული აქვს უცხო ენების (ინგლისურ-იტალიური) ფაკულტეტი. როგორც თავად გაგვიმხილა, პედაგოგობაზე არასოდეს უოცნებია, მაგრამ მოხდა ისე, რომ მიიღო შეთავაზება EშM-ისგან (მართვის ევროპული სკოლა) რომელმაც 2003 წელს გახსნა სკოლა სენაკში. გახსნიდან პირველ კვირას სკოლაში მხოლოდ 10 მოსწავლე ირიცხებოდა, აქედან გამომდინარე სკოლის ავტორიტეტი და ზრდა ბევრად იყო დამოკიდებული გამართულ სასწავლო პროცესსა და მასწავლებლების პროფესიონალიზმზე. „თვითდამკვიდრება სრულიად ახალ გარემოში, სადაც მანამდე ერთი ნაცნობიც კი არ მყავდა, გამოწვევად ჩავთვალე და დაგეგმილი 2 წლის ნაცვლად 4 წლის განმავლობაში ვიმუშავე ინგლისური ენის პედაგოგად. სკოლა ძალიან მალე გახდა ავტორიტეტული და მოსწავლეთა რაოდენობაც მალე გაიზარდა. ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო 4 წელი ჩემს ცხოვრებაში. ყოველდღიურად 70 კმ-ის გავლა მართლა ღირდა იმად, რომ ურთიერთობის ბედნიერება მქონოდა არაჩვეულებრივ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. ყველაზე ამაყი ვარ, როდესაც ჩემი მოსწავლეები ძალიან წარმატებული ადამიანები არიან და სხვადასხვა სფეროებში წარმატებით მოღვაწეობენ. დღეს ბევრ ჩემს საუკეთესო მეგობრებს შორის ჩემი ყოფილი მოსწავლეებიც არიან“.

EშM ლიცეუმის შემდეგ იყო 2 წელი ფოთის #7 საჯარო სკოლაში, რომელიც მისთვის ძალიან დასამახსოვრებელია. ამ პერიოდში მთარგმნელ-რეფერანტად მუშაობდა, ხოლო 2008 წლიდან კოლხეთის ეროვნულ პარკში, ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. 2016 წელს დააფუძნა „კოლხეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაცია“, რომლის დირექტორიც გახლავთ ამჟამად. ორივე ორგანიზაცია ძალიან აქტიურად მუშაობს ეკო-საგანმანათლებლო კუთხით. „წლების წინ ვოცნებობდი, ფოთელ მოსწავლეებსაც ჰქონოდათ ეკო-ბანაკებში მონაწილეობის შესძლებლობა, ვინაიდან სამეგრელოს რეგიონში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, არ ტარდებოდა ეკო-ბანაკები. 2016 წლიდან მოყოლებული, მშვიდობის კოპრუსის ფინანსური მხარდაჭერით, 4 ეკო ბანაკი უკვე განვახორციელეთ კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე (3 ფოთში და 1 ანაკლიაში). ეს გახლდათ როგორც შემეცნებითად, ასევე სპორტული აქტივობებით დატვირთული ბანაკები, სადაც მოსწავლეებმა ბევრი რამ ისწავლეს და დაუვიწყარი მოგონებები წაიღეს თან. ვთვლი, რომ ბავშვებს უფრო მდიდარი შინაგანი სამყაროს ჩამოსაყალიბებლად, აუცილებელია ჰქონდეთ ურთიერთობა ცოცხალ ბუნებასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი კი „კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩი ელჩებია“, რომელსაც აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ. პროექტის ხანგრძლივობა 1 წელია და მასში ფოთის ყველა სკოლიდან 21 ფანტასტიური მოსწავლეა წარმოდგენილი”- სიამაყითა და სიხარულით გვესაუბრება ხათუნა ქაცარავა თავის პროექტებზე.

პირადი ცხოვრების და წარმატებული კარიერის შეთავსება ცოტა რთულ საკითხად მიაჩნია. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ შეუძლებელი არაფერია. მის გვერდით არის ადამიანები, რომლებიც ძალიან დაეხმარნენ ერთადერთი შვილის აღზრდაში, რომელიც უკვე 22 წლისაა. მის ცხოვრებაში თავისუფალი დროის დეფიციტია, რის გამოც ოჯახის წევრებისაგან და მეგობრებისგან ხშირად ისმენს საყვედურებს.

რაზე ოცნებობს – „ზოგადად, ვთვლი, რომ „მეოცნებე“ ადამიანი ვარ. უამრავი ოცნება მქონია. ბავშვობიდან ვოცნებობდი, მქონოდა ისეთი სამსახური, სადაც მაქსიმალურად დავიტვირთებოდი და შევძლებდი საკუთარი თავის რეალიზებას. ვთვლი, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი არის ის ადგილი, სადაც ადამიანი მუდმივად ვითარდება. ეს არის მუდმივად დატვირთული, მაგრამ ძალიან საინტერესო სამსახური, სადაც ყოველდღიურად უამრავ საინტერესო ხალხთან, როგორც ქართველებთან, ასევე უცხოელებთან მიწევს ურთიერთობა. ბავშვობისას ასევე ძალიან მინდოდა სხვადასხვა კონტინენტზე მემოგზაურა და იქაურ კულტურას, ტრადიციებს გავცნობოდი, მენახა ღირსშესანიშნავი ადგილები, ეს ოცნება უკვე რეალობად ვაქციე. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემი ერთ- ერთი ყველაზე დიდი ახდენილი ოცნება ჩემი მეგობრებია, რომელიც მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში მყავს. სამწუხაროდ, ჯერაც ვერ მომიხერხებია ჩემი ქვეყნის ყველა კუთხის ნახვა, „აუხდენელ ოცნებად“ მექცა თუშეთში წასვლა, სადაც უამრავი მეგობარი მყავს. როდესაც ამას მოვახერხებ, მერე ძალიან მინდა ვიმოგზაურო პერუში, სადაც უახლოესი მეგობარი მყავს და ვნახო მაჩუ პიქჩუ”.

-ისტორია რომელიც მუდამ თან ახლავს…

-ტრაგედია, რომელიც მთელს ჩემს ცხოვრებას გასდევს, ორი ბიძის დაღუპვაა სამამულო ომში, მათ შორის პატარა ბიძა ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. მთელი ბავშვობა მეგონა, რომ ერთ დღესაც გამოჩნდებოდა. გამუდმებით ვეძებდი ინტერნეტითაც. მხოლოდ 10-ოდე წლის წინ შევიტყვეთ მისი მეგობრისაგან, რომ ფრონტზე დაღუპულა, მასვე დაუსაფლავებია და 60 წელზე მეტი ინახავდა საიდუმლოდ მისი დაღუპვის ამბავს. ხშირად მიფიქრია, ბავშვობა ბევრად უფრო ლამაზი იქნებოდა, ისინი რომ მყოლოდნენ. მათგან მხოლოდ ფრონტის ხაზიდან გამოგზავნილი სამკუთხა ბარათები დაგვრჩა, რომელსაც ახლაც ხშირად ვკითხულობ.

– სად წარმოგიდგენია წლების შემდეგ თავი?

-ძნელია განვსაზღვრო სად ვიქნები წლების შემდეგ, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში დაუგეგმავად მოხდა. თუ ჩავთვლით, რომ ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს, მინდა წლების შემდეგაც აქ ვიყო და ჩემი გამოცდილება და ენთუზიაზმი ისევ ჩემს ქალაქს მოვახმარო.

-რჩევა ქალბატონებს…

-ჩემი რჩევა ქალბატონებისადმი იქნება ის, რომ ხშირად გაიღიმონ და იყვნენ მაქსიმალურად პოზიტიურები. მართალია, დღევანდელობა ძალიან დატვირთულია უამრავი პრობლემით და ქალებსაც ძალიან ბევრ სიძნელესთან უწევთ გამკლავება, მაინც ნურასოდეს დაკარგავენ პოზიტიურ განწყობას და მომავლის იმედს. როგორც იტყვიან, გაიღიმეთ და ყველაფერი კარგად იქნება“.