შაბ. აპრ 20th, 2024

დღეს ეკატერინე ლომინაძეს გაგაცნობთ – ძალიან შრომისმოყვარე და თბილ ქალბატონს, რომლისათვისაც მთავარი პასუხისმგებლობა და საქმის სიყვარულია. იგი მორიდებით საუბრობს თავის ცხოვრებაზე და ვხედავთ, რამდენადაა შეყვარებული თავის საქმეზე.

იგი ფოთში. 1974 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. #1 საშუალო სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ სწავლა თბილისში სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე განაგრძო. პარალელურად სამკურნალო მასაჟს სწავლობდა ინსტიტუტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კათედრაზე, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრში და სერტიფიკატიც აიღო.

ინსტიტუტი წარმატებით დაასრულა და 2000 წლიდან მუშაობდა ექიმ-კონსულტანტად, მასაჟის სპეციალისტად 5 წლის განმავლობაში. 2006-2016 წლებში კომპანია „ავერსის“ რეგიონალური სამედიცინო წარმომადგენლი გახლდათ. ხოლო 2016 წელს გაიარა ტრენინგი „პაციენტების ბინაზე მოვლის პრაქტიკა და უნარ-ჩევები“. კურსის დასრულების შემდეგ დაიწყო მუშაობა ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და რეაბილიტაციის სამსახურის ექიმად. ეს არის „შინ მოვლის“ სამსახური, სადაც ქალბატონი ეკატერინე ბენეფიციარებს ემსახურება და სამედიცინო დახმარებას უწევს ადამიანებს, რომლებსაც არ ჰყავთ ოჯახის წევრი. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ყოფილა შემთხვევა, როცა ქალბატონ ეკას, და არამარტო მას, „შინ მოვლის“ ექთნებსაც პირადი ხარჯებით შეუძენიათ ბენეფიციარებისთვის წამლები და საკვებიც. ხშირად თბილი კერძიც მიუტანით მათთვის. როგორც თვითონ ამბობს, ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც გვერდში უდგას ყოველმხრივ: „მეუღლე მუდამ ხელს მიწყობს, რომ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო“. საყვარელი საქმე კი, როგორც გვეუბნება, თავისი პროფესია და მასთან დაკავშირებული რამეა. მისი ოცნებაა თბილი კომპორტული მოხუცთა სახლი, რომელსაც თავად შექმნის დიდი რუდუნებით. შეიქმნება სახლი, სადაც ოჯახური სითბო, კომფორტი და სიყვარული იქნება უპირატესი.

– ყველაზე მარტივი რეცეპტი წარმატების მოსაპოვებლად

– „სამყაროში ყველაზე მთავარი სიყვარული და მადლიერების გრძნობაა. მადლიერების გარეშე არანაირი წარმატება არ არსებობს. ქრისტიანობაც გვასწავლის: იყავი მადლიერი, თხოვე პატიება და აპატიე. გვინდა თუ არა, გვჯერა თუ არა, მაინც ყოველ წუთს ვწერთ ჩვენი ცხოვრების სცენარს ჩვენი ფიქრებით. ადამიანი თუ ნეგატივშია, თუ ვერ პატიობს, თუ საკუთარი თავის და სამყაროს უკმაყოფილოა, რას შეიძლება ელოდოს მომავლისგან? ცხადია, ის თავის ცხოვრების გზაზე უკმაყოფილო ადამიანებს მოიზიდავს, რომლებიც მუდმივად შეახსენებენ, რომ ცხოვრება საშინელებაა, თავად კი უიღბლო. გარეგანი ასახავს შინაგანს, სამყარო გვირეკლავს და იმას გვაძლევს, რასაც გავცემთ. გავცემთ სიყვარულს? დაგვიბრუნებს სიყვარულს, გავცემთ კმაყოფილებას? გვაძლევს უფრო მეტ მიზეზს კმაყოფილებისთვის“.

– რას ურჩევთ ქალბატონებს?

– “ყოველი დღე დაიწყონ პოზიტიური განწყობით, იყვნენ უფლის მადლიერნი და სიყვარულით აკეთონ ოჯახური თუ საზოგადოებრივი საქმე”.