შაბ. მაი 4th, 2024

„დიოსკურიისა“ და „ოჩამჩირეს“ გადმოცემის ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს.

„საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა და პარტნიორობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. შავი ზღვა მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში აუცილებლად შეასრულებს განსაკუთრებულ როლს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენ მეგობრებს ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

“აილენდის” კლასის ხომალდები – “დიოსკურია” და “ოჩამჩირე” გამორჩეულია თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების სანავიგაციო და კავშირგაბმულობის სისტემებით. აღნიშნული ხომალდები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის ოპერაციულ შესაძლებლობებს, გაზრდის ქვეყნის სანაპირო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხს, ამასთან, ქართულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო საზღვაო მისიებსა და შავი ზღვის აუზის პარტნიორი ქვეყნების საწვრთნელ პროგრამებში მონაწილეობა მიიღოს.

ხომალდების ეკიპაჟის წევრებმა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური, 10-კვირიანი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალტიმორის სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიარეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სანაპირო დაცვის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამკერდე ნიშნით 10 თანამშრომელი დააჯილდოვა. ხომალდების გადმოცემის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მინისტრის მადლობის სიგელები გადაეცათ აშშ-ს სანაპირო დაცვის და საელჩოს თავდაცვის მიმართულების მენეჯერებს.