პარ. აპრ 26th, 2024

ამ დროისთვის ფოთში, ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. თუმცა, ცალკეული კერები კვლავ არსებობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თამაზ უბილავას თქმით, ხანძრის ჩასაქრობად 9 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

შემთხვევის ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გუბერნატორის შეფასებით, ვითარება ძალიან მძიმეა. როგორც მან დაზარალებულებს განუცხადა, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს.

ფოთის ბაზარში სავაჭრო ცენტრს ხანძარი დღეს დილით გამთენიისას გაუჩნდა, დამწვარია დაახლოებით 50-მდე მაღაზია. მოვაჭრეების ნაწილმა საქონლის გატანა მოახერხა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. დაზარალებული მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს.