ორშ. აპრ 29th, 2024

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამედიცინო პერსონალი ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და მედიცინის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

დიდი ხანია, ფოთელი მედიკოსები არსებულ ვითარებაზე ლაპარაკობენ.ამ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობისა და კატასტროფის მანქანების არარსებობაზე. აღნიშნეს, რომ ამის გამო უწევთ პაციენტი ახლომდებარე რეგიონებში გაგზავნონ, რასაც ხშირად მოსახლეობის პროტესტი მოსდევს. ექიმებმა დაბალი ანაზღაურების პრობლემაზეც და კადრების სიმცირეზეც ისაუბრეს. ისინი აგრეთვე დიდ პრობლემად მიიჩნევენ სადაზღვევო კომპანიების მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობას და ჯარიმის დაკისრებაც მოითხოვეს.

შეხვედრაზე ბევრი კითხვა დაისვა ქალაქის საავადმყოფოსა და ქალაქის ყოფილი 1 პოლიკლინიკის პრივატიზებასთან დაკავშირებითაც.საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გია დარჯანიას თქმით: „მნიშვნელოვანი პრობლემები განვიხილეთ.დიდი ყურადღება გამახვილდა ქალაქის ორი საავადმყოფოს პრივატიზაციაზე. როგორც იქნა, ჯანმრთელობის სამინისტროს ყურადღება ამ თემამაც მიიპყრო.

ამ დაწესებულებების გასხვისება მძიმე პერიოდში მოხდა. დღეს ამ სამედიცინო დაწესებულებების დაბრუნება ადვილი არაა, მაგრამ შეგვპირდნენ რომ შეისწავლიან, რამდენად სწორად მოხდა ამ სამედიცინო დაწესებულების პრივატიზება. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ჯანმრთელობის სამინისტროს დახმარებით ეს საკითხები თანდათან, ეტაპობრივად აუცილებლად გადაწყდება“.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს შეკრებილ ექიმებს და იმედი გამოთქვეს, რომ ფოთში ამ სფეროში არსებული პრობლემები უახლოეს მომავალში მოგვარდება.

თათია ლოლუა