პარ. აპრ 26th, 2024

არჩევნებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, თუმცა განსაკუთრებული აქტივობა ჯერ კიდევ არ შეიმჩნევა. საარჩევნო სიებში დარღვევებსა და ზეწოლაზე
ჯერ-ჯერობით მხოლოდ ნაციონალური პარტიის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ლიდერი დარეჯან ცხვიტარია ალაპარაკდა.

ცხვიტარიას თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაყალბებისათვის სამზადისი, ჯერ კიდევ საარჩევნო სიების შედგენისთანავე დაიწყო და არც ზეწოლას ერიდება. ცხვიტარიას განმარტებით:

,,აღმაშენებლის ქუჩაზე ბოლო კორპუსი ნუმერაციით არის 55, სიაში კი, ბოლო კორპუსი 67 ნომერია. 6 კორპუსის დამატება, არც ისე ცოტაა. თუ აღმაშენებელზე ზედმეტი კორპუსები იყო, დევნილების დასახლებაში ამოღებული იყო 2 ა, 6 ა, 10 ა, ამ კორპუსის მცხოვრებლების უმრავლესობა, ჩვენი მომხრე იყო. ჭანტურიას ქუჩას კი, საერთოდ არ აქვს ნუმერაცია, მხოლოდ ქუჩის დასახელებაა შეტანილი. რამდენი ადამიანი უნდა მივიდეს ამ ჭანტურიას ქუჩიდან არ უნდა იყოს მითითებული?! არ ამიტეხია ხმაური, პიარი არ მჩვევია, მივედი საოლქოში და ვთხოვე, გაესწორებინათ სიები, თუმცა დავპირდი არ გამოსწორების შემთხვევაში, ამ ფაქტის დატოვებას ასე მშვიდად არ ვაპირებდი ”. ხარვეზი ნაწილობრივ იქნა გამოსწორებული. კერძოდ, ახალ რაიონში ჩამატებული იქნა ბინების ნუმერაცია.

70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას თქმით, ცხვიტარიას შენიშვნა გამოსწორებულ იქნა. თუმცა, მისი აზრით, საჭიროა პოლიტიკურმა პარტიებმა არასაარჩევნო პერიოდშიც იზრუნონ საარჩევნო სიებზე, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების დროს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.

,,რაც შეეხება დარღვევებს, ჩვენთან მოსული იყო დარეჯან ცხვიტარია. არანაირი კორპუსების დამატება არ მომხდარა, ჩვენ ამ სიას გვაწვდის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ყოველწლიურად მოდის პრობლემური სია, ჩვენ მუნიციპალიტეტში ვრეკათ და ვარკვევთ, რეალურად არსებობს თუ არა, აღნიშნული სახლი თუ კორპუსი. შემდეგ ამ სიას ვუგზავნით ცსკო-ს. იმ მოკლე დროში რაც შეგვეძლო გამოვასწორეთ დარღვევა. დანარჩენ შემთხვევაში, ვერაფერს ვერ ვიზამთ, რადგან ვადები იყო შემჭიდროვებული. კარგი იქნება, არასაარჩევნო დროს დაინტერესდეს ვინმე და დაიწყოს საზღვრებთან დაკავშირებით მუშაობა. მე ვუთხარი ქალბატონ დარეჯანს, რომ აღმაშენებლის ქუჩასთან დაკავშირებით, მიმართოს ცენტრალურ კომისიას. ამ თემაზე ჩვენ არ ვმუშაობთ და აღნიშნულ საკითხზე ჩვენ სხვა პასუხს ვერ გავცემთ”.

ცხვიტარიას განცხადება თითქოს ჭანტურიას ქუჩას ნუმერაცია საერთოდ არ გააჩნია, როდონაიამ უარყო: ,,ჭანტურიას ქუჩა სადაც წერია, იქ იგულისხმება მთლიანად ჭანტურიას ქუჩა და არა კენტი და ლუწი. მათ არ აქვთ წაღებული ახალი ვერსია, რადგან როდესაც დარეჯანი ჩვენთან მოვიდა, საოლქოს საზღვრები ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამტკიცებული. მას ჰყავს საოლქოში წარმომადგენელი და შეუძლია, ახალი ვერსია წაიღოს. ეს არის საჯარო ინფორმაცია და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოითხოვოს და გაეცნოს”.

რაც შეიძლება ზეწოლას, ,,ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ლიდერის თქმით, ხდება მისი კომისიის წევრების დაშინება.

,,15 ადამიანი ამოვარდა კომისიის წევრების სიიდან, კიდევ კარგი მყავს რეზერვი და ბევრი უშიშარი ადამიანი. მისი ნებით მოსული ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, თქვენი იმედი მაქვს და მხოლოდ თქვენს კანდიდატს ვენდობითო, არათუ კომისიის წევრობიდან, არამედ, პარტიიდანაც წავიდნენ, რადგან უთხრეს, რომ ქმარს, შვილს დაატოვებინებდნენ სამუშაოს და იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობა მეფობს, სამსახურის გარეშე დარჩენის შეეშინდათ. თუმცა გასაოცარი ის არის, რომ მათ თავადვე მოიყვანეს შემცვლელები. ამ დონემდე მოგვდევენ, მიუხედავად ზეწოლისა, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ”.

ცხვიტარია აღმოჩენილ დარღვევებსა და ზეწოლაზე, ფოთში ჩამოსულ საია-ს წევრებსა და არასამთავრებო ორგანიზაციებს ესაუბრა. ,,შეხვედრაზე საიასა და არასამთავრებო ოგანიზაციების მხრიდან აღინიშნეს კიდეც, რომ მთელი სამეგრელოს მასშტაბით, თითქმის ყველა პარტია მოვიარეთ და არცერთ პარტიას ასეთი არგუმენტირებული ფაქტები არ ჰქონიაო. ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავით, ამხელა ლაფსუსს შეგვარჩენდნენ? ამ ხელისუფლების სიბინძურით მოსვლას მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება, სწორედ ამიტომ დაამთავრებს ეს ხელისუფლება ამ არჩევნებზე ბოგინს”.

ივეტა პაჭკორია

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.