დღეს ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” ფოთის მედიაცენტრის ორგანიზებით ფოთის ცენტრალურ ბაზარში საინფორმაციო აქცია გაიმართა
_ ,,დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას”. პროექტის მხარდამჭერი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო გახლავთ.
საინფორმაციო აქცია მიზნად ისახავდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებას, ასევე არჩევნებში ქალი კანდიდატებისა და ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობას.
აქციამ დადებითი რეაქცია გამოიწვია, თუმცა, ქალთა პოლიტიკაში გააქტიურებას წინააღმდეგებიც გამოუჩნდა. მათი აზრით, ქალების გააქტიურების შემდეგ ოჯახი უყურადღებოდ დარჩება, უმრავლესობა კი ამ აზრს არ ითვალისწინებს და ქალების პოლიტიკაში მოსვლას იმედის თვალით უყურებს.
,,ქალს მამაკაცზე მეტის გაკეთების უნარი შესწევს. აუცილებლად მივალ არჩევნებზე და ჩემს არჩევანს ქალ კანდიდატზე შევაჩერებ. დღემდე თვითმმართველობაში უმრავლესობა მამაკაცები გვყავდა, რა გაგვიკეთეს? რომელი პრობლემა მოგვიგვარეს? იქნებ ახლა ქალებს დაუთმონ ასპარეზი. დარწმუნებული ვარ ქალები უკეთესი მმართველები იქნებიან”- აღნიშნა ერთ-ერთმა ბაზარში მოვაჭრე ქალმა ნაზი გეგენავამ.
,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” ფოთის მედიაცენტრის დირექტორის ინგა გვასალიას თქმით ,,აქციის მიზანი გახლდათ გაიზარდოს საზოგადოების მხრიდან ქალი კანდიდატების მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. საქართველოში ამომრჩეველთა 53 % ქალია და სწორედ მათი ხმები წყვეტენ არჩევნების ბედს”.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას დაურიგდა საიმფორმაციო ბროშურები.