ოთხ. მაი 8th, 2024

,,ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო მიმართულება,ფოთთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები გვაქვს,ეს არის ისტორიული ქალაქი,

რომლის პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ“- განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ფოთში ვიზიტისას.

პრემიერ მინისტრმა და მთავრობის წევრებმა ფოთის მალთაყვის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მალთაყვის სანაპიროზე უკვე მოწყობილია 3 კილომეტრიანი ბულვარი, პროექტის დასრულების შემდეგ ფოთს 7 კილომეტრიანი კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლი ექნება.

პრემიერის განცხადებით ფოთი მნიშვნელოვანი საკურორტო ქალაქი გახდება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.

მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პროექტის ღირებულება 18 500 000 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადამიანი. პროექტი 2018 წელს დასრულდება.

პრემიერი ფოთს ზუგდიდში ვიზიტის შემდეგ ესტუმრა, სადაც C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა, პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები ზუგდიდის ტექნოპარკსაც ესტუმრნენ, სადაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ადგილობრივ მოსწავლეებს შეხვდა. პრემიერმა ასევე დაათვალიერა ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები.