პარ. მარ 29th, 2024

დღეს ფოთში საკრებულოს სააქტო დარბაზში „ნადირობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
კანონპროექტი 2016 წელს სამინისტროს მიერ იქნა შემუშავებული და ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეროვნულ დონეზე შერულებას.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა “ნადირობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი ფოთელ მონადირეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა.

როგორც პრეზენტატორმა კარლო ამირგულაშვილმა შეხვედრაზე განმარტა კანონის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი ნადირობის ჩამოყალიბებას და ამავდროულად აწესრიგებს გარეულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად სარგებლობისა და ნადირობის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

ახალი კანონპროექტით განსხვავებულ სისტემაზე გადადის სანადირო ტერიტორიები. ამ კუთხით, სამინისტრომ საერთაშორისო პრაქტიკა გაითვალისწინა. განიხილება მონადირეთა ფედერაციის შექმნის შესაძლებლობაც. ამირგულაშვილის განმარტებით შემოდის სამონადირეო ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნადირობის განხორიციელებაზე მართვის უფლება მიენიჭება. შესაბამისი უფლებები და მოვალეობები კანონში იქნება გაწერილი. ასევე გამოიყოფა სამონადირეო ტერიტორიები.
ტერიტორიის მოცულობა არ უნდა იყოს ისეთი მცირე, რომ იქ შეუძლებელი იყოს, სანადირო სახეობების მდგრადი მართვა და სარგებლობა.

სწორედ ამ პრეზენტაციამ გამოიწვია მონადირეთა უკმაყოფილება. ემოციური იყო ერთ-ერთი მეთევზის გოჩა კვაჭაძის გამოსვლა:

„გახსნით მეურნეობებს და თქვენ ინადირებთ ისევ, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ნადირობაში ფული გადავიხადოთ, 7 შვილის მამას ნავი წაართვა გარემოს დაცვის ინპექტორმა და 1000 ლარიანი ჯარიმა დააწერა. ვინ ხართ თქვენ, საიდან მოხვედით? ჩამობრძანდეს აგუაშვილი აქ. პალიასტომზე არ ითევზაო, ფიჩორზე არ ითევზაო, დაგვრჩა სადმე სანადირო და სათევზაო ადგილი? ამას არ კითხულობთ? თურქ მეთევზეებს არავინ არაფერს ეუბნება. დაგვახვრჩვეთ ქემაინც ფოთელები. ერთი პალიასტომი გვაქვს ფოთელებს და ესეც წაიღეთ თბილისში. გაფორმებული პატარა ნავი მქონდა, გდი-მ მცირე გემი ჩამიწერა, არ გრცხვენით, ნავზე გემი რომ ჩამიწერეთ?“

მონადირეებმა სხვა მრავალ პრობლემებთან ერთად კოლხეთის ტრადიციული გამოყენების ზონაში 500 მეტრიანი ბუფერული ზონის გაუქმება მოითხოვეს. მათი თქმით არ არსებობს ტერიტორია, სადაც თავისუფლად შეძლებენ ნადირობას. არსებულ პრობლემაზე მონადირეთა კავშირის თავმჯდომარემ გიგი ხომერიკმაც ვრცლად ისაუბრა.

შეხვედრა იმდენად ხმაურიანი გახლდათ, რომ თავად მერს უწევდა წესრიგის დამყარება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსის ნონა ხელაიას განმარტებით:

„სამინისტრომ შეიმუშავა ნადირობის შესახებ ახალი კანონის პროექტი, რომელიც დაარეგულირებს ნადირობის სფეროს, რადგან კანონი ნადირობის შესახებ არ არსებობდა. კანონი ახლებურად აყალიბებს ბევრ საკითხს მატ შორის ნადირობის ტერიტორიების გამოყოფას და მის გადაცემას მსურველებისათვის. ჩვენი მიზანია ეს მოდელი გაგვეცნო მონადირეებსთვის, ჩვენ დავდივართ ყველაგან და ვინიშნავთ შენიშვნებს რათა კანონში გათვალისწინებული იქნას მონადირეთა ინტერესები“.

სამინისტროს წარმომადგენლები ფოთელ მონადირეებს დაპირდნენ, რომ ყველა მათ პრობლემას განიხილავენ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო „ნადირობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის საჯარო განხილვას ყველა რეგიონში გეგმავს.