პარ. აპრ 26th, 2024

,,პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს“- აცხადებს ფოთის საბრძოლო ხელოვნებათა სკოლის დირექტორი ელგუჯა მირგატია, რომელიც ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, მანამდეც არაერთხელ გაუკეთებია ხელისუფლების საწინაარმდეგო განცხადებები, მაგრამ თანამდებობაზე მუშაობას მაინც აგრძელებდა.

ამჟამად, „პაატა ბურჟულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის წევრია და თვლის, რომ ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის: „არაერთხელ მქონია მერიის ადმინისტრაციის უფროს, ზვიად შუბითიძესთან შეხვედრა, რომელიც ამავდროულად „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გახლავთ. ერთხელ დამიბარა – „ფეისბუქზე, რატომ აზიარებ ბესელიაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, იცოდე ეს სამსახურზე იმოქმედებს, დავალება მაქვს შენ ,,მოგხედო“, თუ არადა, სამსახურიდან გაგათავისუფლოო.“ ჩვენი საუბარი უკმაყოფილოდ დასრულდა. ბოლოს ივლისშიც შევხვდით ოფისში და მკითხა, რას ვაპირებდი, ვითანამშრომლებდი თუ არა ,,ქართულ ოცნებასთან“. ვუპასუხე, აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არავის ვუჭერ მხარს-მეთქი. ჩემგან ასეთი პასუხი არ მოეწონა. მითხრა – ამას კარგი ამბავი არ მოყვებაო. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ მომივიდა წერილი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. მანამდე, აუდიტი შემომიშვეს სამსახურში. ამ წელს სამი აუდიტი იყო სხვადასხვა შემოწმებით. აუდიტმაც შენიშვნა მომცა მოსწავლეების ანკეტების უქონლობისა და მერთან საშტატო განრიგის შეუთანხმებლობის გამო“.

მირგატია მანამდეც გამოირჩეოდა ფოთის მაჟორიტარის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით, მაგრამ სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია, რაზეც მას საკუთარი მოსაზრება აქვს – „ქართული ოცნება“ ძალიან დასუსტდა, ახლა დავჭირდი და როცა უარი მიიღეს, გაბრაზდნენ“.

როგორც მირგატია ამბობს, ბურჭულაძის პარტიას შუბითიძესთან საუბრის შემდეგ შეუერთდა, რადგან „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი, კოტე კემულარია საუკეთესო კანდიდატად მიაჩნია.
აუდიტის მიერ გამოტანილ შენიშვნებზეც მირგატიას პასუხები მზად აქვს. მისი თქმით, ქალაქის მერთან შეთანხმების გარეშე, საშტატო განრიგის დამტკიცების უფლება არ ჰქონდა. რაც შეეხება იმ შენიშვნას, რომ დებულებით განსაზღრულ ვალდებულებებს არ ასრულებდა, მისი განმარტებით, მიზეზი ბიუჯეტის უქონლობაა: „რამდენჯერმე მივმართე ხელისუფლებას დაფინანსებისთვის, მაგრამ უარი მივიღე. ოთხივე სკოლის მწვრთნელებთან ერთად არაერთხელ მიმიმართავს, მაგრამ უშედეგოდ. 51 ათასი ლარიდან 45 ათასი სახელფასო ფონდი გახლდათ და დარჩენილი 6 ათასი ოთხივე სკოლაზე უნდა გადანაწილებულიყო, რომელთაც თავის მხრივ, კალენდარული შეხვედრები ჰქონდათ და თანხები არასდროს გვყოფნიდა, რის გამოც,რამდენჯერმე ჩემპიონატზე ვერ გავუშვით ბავშვები, სადაც შეგვეძლო გარკვეული წარმატებები გვქონოდა“.
როგორც მირგატიამ გვითხრა, არ აპირებს, შეეგუოს მის მიმართ განხორციელებულ უსამართლო გადაწყვეტილებას და სასამართლოში განაგრძობს ბრძოლას.

მირგატიას ადვოკატი, ზაურ კინტირაია ამბობს: „მივმართავთ სასამართლოს, სადაც ყურადღებას გავამახვილებთ ამ საკითხებზე. ზვიად შუბითიძემ დაიბარა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და უთხრა -რისთვის და ვისთვის დარბიხარ, როცა ჩვენ გაძლევთ ხელფასსო. ამათ ასე მიაჩნიათ – თუ საჯარო სამსახურში მუშაობ და იღებ ანაზღაურებას, ხელისუფლებას უნდა მისცე ხმა და ემსახურო. უთხრეს, აუდიტის დასკვნით ჩვენს ხელში ხარო. ამით მიანიშნეს, შეგვიძლია სამსახურიდან გაგათაისუფლოთ, თუ არ იმუშავებ ჩვენთანო. რაც აასრულეს კიდეც“.

როგორც ზაურ კინტირაია ამბობს, სწორედ, ამ აუდიტის დასკვნაშია ძაღლის თავი დამარხული: „აუდიტის სამსახური ქალაქის მუნიციპალიტეტის ქვემდებარეა, რომელსაც მიეცა გარკვეული დავალება. ამ სამსახურს სათავეში ისეთი პიროვნება უდგას, რომელზეც ბესელია და ოცნების ხელმძღვანელები ამბობდნენ – დასაჭერია გარაჟების დანგრევის გამოო. დღეს კი, ეს პიროვნება თავად ხსნის ოცნების მიერ მოყვანილ ხალხს სამსახურიდან. აი სად ჩანს „ოცნებისა“ და „ნაცების“ მსგავსება. აუდიტის სამსახურს შემოწმების გეგმაში ისეთი დავალებები ეწერათ, რაც მირგატიას სამსახურის ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუ ბიუჯეტში ამისთვის თანხა არაა როგორ მაწყობდა შეჯიბრებებს, ან მოიზიდავდა ახალგაზრდებს? აუდიტის დასკვნაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია, საშტატო განრიგზე.

წესდებით, მირგატიას უფლება აქვსბშეადგინოს საშტატო განრიგი, რომელიც უნდა შეათანხმოს ქალაქის მერთან. აუდიტის დასკვნაში ერთ-ერთ მინუსად წერია, თითქოს მირგატიამ არ შეათანხმა საშტატო განრიგი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან. დავუშვათ, არ შეათანხმა ორი წლის განმავლობაში. ეს ხალხი მუშაობდა და იღებდა ხელფასებს. სად იყვნენ შესაბამისი სამსახურები აქამდე? ასეთ სამარცხვინო დასკვნას არც გამოვაქვეყნებდი. აშკარად ჩანს, რომ ქალაქის მერი ვერ უზრუნველყოფს მის ქვემდებარე სტრუქტურების ხელმძღვანელობას. მართალია, ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევა მირგატია, მაგრამ მაშინვე არ გაათავისუფლეს, რადგან დღევანდელი ხელისუფლება ძალიან მშიშარაა და შეეშინდათ არ გაეხმაურებინა მათ დანაშაულზე ინფორმაცია. ამიტომ გარკვეული დროის მერე შეუშვეს აუდიტი. ვეკითხები ქალაქის ხელმძღვანელობას, საიდან აძლევდნენ ხელფასს, პარადოქსია – ქალაქის მერი ჭურში ზის და მის გარეშე მტკიცდება საშტატო განრიგი? მასთან შეთანხმების გარეშე ეძლევათ ხელფასი ბიუჯეტიდან? აქ ჩანს არაპროფესიონალიზმი და ქალაქის მერის არაკომპეტენტურობა. ხელმოწერილია საშტატო განრიგი და არანაირი ცვლილება არ შესულა ამ განრიგში“.

ჩვენ დავუკავშირდით ზვიად შუბითიძეს, რომელიც აბსურდულს უწოდებს მირგატიას ბრალდებებს და ამას კემულარიას ავანტურად თვლის: „საერთოდ არ შევხვედრივარ მირგატიას და რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე?! ჩაფლავებული აქვს სკოლა, აუდიტმა რომ შეამოწმა, რამდენიმე შენიშვნა ჰქონდა, რომელიც არ გამოასწორა და გავათავისუფლეთ. კიდევ ერთხელ, მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მირგატიასთან არანაირი შეხვედრა და შეთავაზება არ მქონია. ისე კი, მინდა გითხრათ, რომ საკუთარ თავზე ფრიად გაზვიადებული წარმოდგენა ჰქონია, თუ თვლის, რომ ოცნება მის გარეშე ძალიან სუსტია“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ნათია კაპანაძის განმარტებით, საინტერსოა იყო თუარა სადამსჯელო ღონისძიებად გამოყენებული აღნიშნულ სკოლაში აუდიტის შესვლა. „ საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა, აუდიტის შესვლა აღმოჩნდა თუ არა სადამსჯელო ღონისძიების სახედ. თუმცა კანონში აკრძალვა არსად გვაქვს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, არ შეიძლება შეამოწმონ ესათუ ის სამსახურები. ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს ამის უფლება, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს დასჯის მექანიზმად. როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ შემოწმება მოხდა განგებ და დარღვევებით, ან ეს შენიშვნა, მას არ უკავშირდება და გაზვიადებულია, აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს დასკვნა და მას პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილიც უნდა მოყვეს ღია განცხადების სახით. უნდა გაირკვეს ასევე, იყო თუ არა ეს შემოწმება გეგმიური, თუ არაგეგმიურად ჩატარდა“.
ინგა გვასალია

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.