შაბ. აპრ 27th, 2024

სენაკის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი საკრებულოს მიერ გამოცხადებულ იმპიჩმენტს მის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ კამპანიად მიიჩნევს.

ჯიშკარიანის განცხადებით, საკრებულოს წევრებს გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიაღებინეს და ამ ყველაფრის უკან სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას მოიაზრებს.

ჯიშკარიანი ამ „მასკარადის“ უკან შონიასთან ერთად სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მისაბიშვილსაც მოიაზრებს. ხოლო ბოლო დროს მის მიმართ წამოწყებულ ამ ბინძურ კამპანიას საპარლამენტო არჩევნებამდე მისი, როგორც სერიოზული კონკურენტის ჩამოშორებით ხსნის. რადგან თვლის, რომ ბოლო პერიოდში მის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტებისა და მოქალაქეებთან ხშირი შეხვედრების გამო მისი რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა, რაც საპარლამენტო არჩევნების წინ გურამ მისაბიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ჯიშკარიანს ამ მოსაზრებას ის ფაქტიც უმყარებს, რომ რამდენიმე დღის წინ სპეციალურად სენაკში ჩამოსულმა „ქართული ოცნების“ წევრმა დიტო სამხარაძემ, მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

იმპიჩმენტის კენჭისყრაში მონაწილე დეპუტატები თავს არიდებენ იმ გარემოებებზე საუბარს, რამაც მათ აღნიშნული გადაწყვეტილება მიაღებინა. მათგან განსხვავებით, კი განცხადებებს არ ერიდებიან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და მას „ქართული ოცნების“ მიერ დადგმული „მასკარადი“ უწოდეს. ისინი ამას „ქართულ ოცნებაში“ არსებულ შიდაპარტიული დაპირისპირებით ხსნიან.

ჯიშკარიანის მოსაზრებას გუბერნატორის ამ საქმესთან კავშირზე იზიარებს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ინგა ქარდავაც. მისი განცხადებით, თავმჯდომარის იმპიჩმენტის საქმეში არამარტო სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი არამედ ჩართულები იყვნენ სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მისაბიშვილი, საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა და სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე.

თითოეული მათგანი უარყოფს ჯიშკარიანისა და ქარდავას ბრალდებებს და გამორიცხავენ რაიმე სახის კავშირს თავმჯდომარის გადაყენებასთან დაკავშირებით. ჯიშკარიანი კი დეპუტატების გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.