შაბ. აპრ 27th, 2024

ბოლო დროს ლარის კურსის დაცემასთან ერთად აგრარულ ბაზარში პროდუქტების ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ფასების მატებასა და ინფლაციაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ

გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით,წინა თვეებთან შედარებით ფასების ზრდა ბევრ რამეს შეეხო. მაგალითად, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1.9%-ით. ხილზე ფასი გაიზარდა 18.6%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4.2%-ით. ხოლო ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები შემცირდა 6.1%-ით.

პურზე ფასმა 10 თეთრით მოიმატა. 30 თეთრით მოიმატა შაქრისა და ზეთის ფასმა. რაც შეეხება წიწიბურას, აქ ფასის ზრდა შედარებით საგრძნობია. სხვადასხვა წარმოების წიწიბურას ღირებულება დაახლოებით 50 თეთრითაა მომატებული.

რეალურად ასეა და სწორია თუ არა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები, ამის გასარკვევად ვესტუმრეთ ფოთის ბაზარს. როგორც გამყიდველები ჩვენთან ამბობენ, დოლარის კურსის მატების შემდეგ ბაზარში მყიდველთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა:

„გამყიდველი უფრო მეტია, ვიდრე მყიდველი“ – ასე “ხუმრობენ” ისინი . ერთ-ერთი დისტრიბუტორის თქმით, ფასმა თითქმის ყველაფერზე მოიმატა 15-20%-ით, მაგალითად ტომატი თუ ღირდა 1.50 ლარი, ახლა ღირს 1,80. ყველა პროდუქტი გაძვირდა 30-40 თეთრით. თუმცა, იგი იმასაც ამბობს, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც შევხდებით პროდუქტზე ძველ ფასებს.

აგრარული ბაზრის შპს “ლუკა”-ს დირექტორ თეა ბელქანიას თქმით, დოლარის მომატება და ფასების ზრდა ყველაზე მეტად ბაზარში აისახება და შეიმჩნევა. ბოლო ორი თვის განმავლობაში, უკვე პასაჟებში 10 მაღაზია დაიკეტა: „მათ მანამდეც ჰქონდათ ცოტა რთული ფინანსური მდგომარეობა და ახლა უკვე ვეღარ გაუძლეს და გადაწყვიტეს დაკეტონ“.

რაც შეეხება სურსათის მაღაზიებს, ბელქანია როგორც ამბობს, არც ერთი მათგანი არ დახურულა, მაგრამ ძალიან უჭირთ მუშაობა, რადგან ხალხი არ დადის ბაზარში: „ყველა პროდუქტი გაძვირდა თითქმის. აბსოლუტურად ყველა მაღაზია იღებს ძალიან ცოტა საქონელს. თავად შევესწარი, როგორ ურჩევდა დისტრიბუტორი გამყიდველს, რომ ცოტა აიღონ პროდუქტები, რადგან დოლარის დაკლებასთან ერთად შესაძლოა, პროდუქტებმაც დაიკლოს“.

ბელქანიას თქმით, არ გაძვირფებულა ქათამი, ხორცი, თევზეული და ყველი. რაც შეეხება ბოსტნეულს, ფასები მოემატა მხოლოდ თურქეთიდან შემოტანილ ბოსტნეულს.

ჩვენ ბაზარში ყოფნისას მყიდველებიც ჩავწერეთ. ყველა მათგანი შეწუხებულია ფასების ასეთი მატებით:

მაია 49 წლის –„რას მეკითხები, შვილო? თავად ვერ ხედავ, ბაზარში ხალხი კანტი-კუნტად დადის, ფული აღარ აქვთ და როგორ იყიდონ რამე? არ ვიცი, მე გამოსავალს ვერ ვხედავ და გავწყდებით ალბათ მალე ყველა. გასაგებია, რომ ლარი გაუფასურდა და ფასებიც ამიტომ იწევს, მაგრამ ეს ხალხისთვის ნაკლები შეღავათია. ისედაც მწირი საოჯახო ბიუჯეტი გვაქვს და კიდევ ასეთი მატება ძალიან ძნელია. როგორ უნდა ვიცხოვროთ? ასე თუ გაგრძელდა, ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ, იმედია, რაღაც გზას გამონახავს მთავრობა ლარის კურსის ასამაღლებლად”.

გურამი 35 წლის: – „ყველგან, ასე ვთქვათ, “გულაობს” დოლარი. ჩვენ კიდე შიმშილით ამოწყვეტა გვემუქრება. სულ არ ვამუქებ, რომ იცოდეთ. არის ოჯახები, სადაც არავინ მუშაობს და როგორ უნდა იცხოვრონ? პურსაც ვეღარ იყიდიან მალე. ძალიან მძიმე სიტუაციაა და ჩვენი მთავრობა ლაპარაკით არ დაიღალა”.

ნანიკო 23 წლის: `მე სტუდენტი ვარ და ჩემს მშობლებს ძალიან უჭირთ. დედაჩემი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ და ასეა ქართველი ქალების უმრავლესობა, გადახვეწილნი არიან, რომ ოჯახს ტვირთი შეუმსუბუქონ. ძალიან გაძვირდა ცხოვრება. მე დედა მინდა ჩემთან იყოს, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოდის”.

ეკა კაცია