სამ. აპრ 23rd, 2024

ფოთის მერი ირაკლი კაკულია ფოთის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო 800 ლარით დააჯარიმა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ, კანონით დადგენილ ვადაში სახალხო დამცველს არ მიაწოდა ინფორმაცია უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვის შედეგების თაობაზე. მოგვიანებით ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ფეისბუკის გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

-,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას,თვლის,რომ ის ეფუძნება კანონის არასწორ განმარტებას და არ არის საქმის გარემოებების სრულყოფილ შესწავლაზე დაფუძნებული,რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნაა.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის ჯერ კანონიერ ძალაში შესული, ვინაიდან არ დამთავრებულა კანონმდებლობის შესაბამისად მისი განხილვა.

გამომდინარე ზემოთქმულიდან,სასამართლოს მიერ საკითხის სრულფასოვნად შესწავლამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თავს ვიკავებთ სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტირებისაგან’’.