დღეს 26 მარტს,საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მოიგო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართოს მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა მეტალურგიული ქარხნის შპს ,,მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“-ს ყოფილი თანამშრომლის ამირან გამზარდიას მიერ ამავე კომპანიის წინააღმდეგ წამოწყებული შრომით დავასთან დაკავშირებული სარჩელი დააკმაყოფილა და საწარმოს ადმინისტრაციას ნაცდურის ანაზღაურება 5200 ლარით დააკისრა.
მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციამ ამირან გამზარდია მიმდინარე წლის 15 აპრილს შრომის შინაგანაწესისა და შრომის კონტრაქტის დარღვევის საფუძვლით გაანთავისუფლა სამსახურიდან. ამირან გამზარდიას მტკიცებით კი, ადმინისტრაციის ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან ცვლის უფროსის მიერ მოყვანილ ფაქტთან მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის.
გამზარდიას მისი სამსახურიდან განთავისუფლების მოტივად სხვა გარემოება მიაჩნია, რადგან ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც 2013 წლის გაფიცვაში მონაწილეობდა და დღემდე შემორჩა საწარმოში.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოპასუხის მიერ სასამართლო პროცესებზე მოყვანილ სამივე მოწმეს მომხდარში ამირან გამზარდია არ დაუდანაშაულებია. მიუხედავად ამისა, გამზარდიას სარჩელი რამდენიმე თვის წინ ფოთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გამზარდია სასამართლო პროცესზე ნაცდურის ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას ითხოვდა. თავის მხრივ კი ადმინისტრაცია ზარალის ანაზღაურებას. გამზარდიას იცავდა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის იურიდიული სამსახურის თანამშრომელი, იურისტი თამარ სურმავა.