შაბ. აპრ 20th, 2024

2012 წლის 25 დეკემბერს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, სამუშაო ადგილზე, კერძოდ, შპს „ბარვილ ჯორჯია”-ს საკონტეინერო ტერმინალში მოხდა უბედური შემთხვევა

– სპეციალური საკონტეინერო ტვირთამწე მექანიზმა „ფანტუცი“ ვალერი ჯღენტი, მოიყოლა საბურავში, რის შედეგადაც 19 წლის ახალგაზრდამ მიიღო მძიმე ტრამვა, რის შედეგადაც მან მიიღო მენჯის ძვლის და ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობა, განუვითარდა კომატოზური მდგომარეობა. დღეს ახალგაზრდა ვერ ამოძრავებს კიდურებს და სრულად დაკარგული აქვს შრომისუნარიანობა.

„ბარვილ ჯორჯიაში“ ჯერ კიდევ 2013 წელს ხელფასების გაზრდასთან, შრომითი ნორმების დაცვასთან ერთად უსაფრთხოების ნორმის დაუცველობასა და ტექნიკის გაუმართაობაზე 200-მდე გაფიცული საუბრობდა.

ჟღენტების ოჯახმა შვილისთვის მიყენებული ზიანისთვის მატერიალური ანაზღაურება მოითხოვა კომპანიისგან, მაგრამ როგორც მათ გვითხრეს, კომპანიისგან უარი მიიღეს დახმარების თაობაზე. დახმარებაზე უარის შემდეგ მათ კომპენსაციის მისაღებად სამართლებრივი გზით ბრძოლა გააგრძელეს და სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. დავის საგანი კი გახლდათ შრომითი მოვალეობის შესრულებისას, მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული (მათ შორის მატერიალური) ზიანის ანაზღაურება. ადვოკატ მაგული არველაძის განცხადებით, უბედური შემთხვევის დროს ვალერის გრაფიკით არ უწევდა სამსახურში გამოცხადება, მაგრამ 2012 წლის 24 დეკემბერს მას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა გამშვები პუნქტის ცვლის ოპერატორი და სთხოვა სხვა მუშაკის ნაცვლად სამსახურში გამოცხადება, რომელიც დასტურდება დაზარალებულის სატელეფონო ამონაწერითაც.

სატელეფონო ზარის შემდეგ ჟღენტი გამოცხადდა სამსახურში და შეუდგა მოვალეობრივად იგივე სამუშაოს შესრულებას, რაც მანამდე ევალებოდა (ვის მაგივრადაც იყო გამოძახებული, ეკისრებოდა იგივე მოვალეობა). სწორედ აღნიშნული მოვალეობის შესრულების პერიოდში მოხდა უბედური შემთხვევა. ადვოკატის თქმითვე „იძულებული გავხდით წინამდებარე სარჩელით მიგვემართა სასამართლოსათვის, რადგან მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით გაუარესდა. იგი საჭიროებს არაერთ ოპერაციას და სარეაბილიტაციო მკურნალობას, ხოლო ოჯახი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია“.

ყოველივე ზემო აღნიშნული ფაქტების შემდეგ, ვალერი ჟღენტი, მართალია, ფოთის საავადმყოფოში არ იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, მაგრამ გასინჯვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მისი ურთულესი მდგომარეობა საჭიროებდა შპს “იმერეთის” რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში გადაყვანას, შემდეგ კი თბილისში ერთ-ერთმა მაღალკვალიფიციურმა კლინიკამ ჩაუტარა რამდენიმე ოპერაცია, მაგრამ მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, დაენიშნა სარეაბილიტაციო ხანგრძლივი კურსები, რის ჩატარების შემდეგაც არსებობს იმედი, რომ ახალგაზრდა დაუბრუნდეს ჩვეულ მდგომარეობას. ამ დასკვნას ამყარებს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გასცა შპს „იმერეთის რეგიონალურმა კლინიკურმა საავადმყოფომ. ყველაფერი დაკავშირებულია კოლოსალურ თანხებთან, რაც ვალერის ოჯახს არ გააჩნია. როგორც ვალერი ჟღენტის მამა გვიყვება, სასამართლოს მოგების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი შვილი დადგეს ფეხზე, რადგან ოჯახი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

მურთაზ ჟღენტის თქმით: „ ჩემი შვილი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა. 6 თვე ვიყავით თბილისში მკურნალობის ქვეშ. აქამდე რაც გავუკეთეთ, ყველაფერი უცნობი ადამიანების, ახლობლების, მეზობლების და ვალერის თანამშრომლების დახმარებით შევძელით. ახლა უკვე არაფრის საშუალება არ გვქავს. ბინაც ჩაგირავებული გვაქვს. როგორც სპეციალისტები მეუბნებიან, მას სჭირდება საზღვარგარეთ ოპერაცია, რომლის შემდეგაც შეძლებს წამოდგომას. ამისთვის კი არანაირი საშუალება არ გაგვაჩნია“. როგორც მურთაზ ჟღენტი ამბობს, თავის დროზე დახმარება რომ გაეწია საწარმოს მესვეურებს, დღეს ასე არ გართულდებოდა მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

პირველი სასამართლო სხდომა ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე გაიმართა. სისხლის სამართლის საქმეც აღძრულია ამასთან დაკავშირებით.