შაბ. აპრ 27th, 2024

რამდენიმე ხნის წინ, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი საქართველოში ერთადერთი თეატრალური პრემია “დურუჯის” ლაურეატი გახდა, თანაც ორგზის. საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის ერგო პრემია თეატრის მსახიობს გიორგი სურმავას, ხოლო მეორე პრემია გადაეცა დავით გაბუნიას 2013-14 წლებში საუკეთესო თანამედროვე პიესის დადგმისთვის “ჰოლანდ ჰოლანდი”.

როგორც მოგეხსენებათ, ფოთის თეატრის ახალგახსნილ შენობაში ჯერ სპექტაკლი არ ჩატარებულა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალი სცენისთვის დასი საკმაოდ ამბიციური სპექტაკლით ემზადება. ეს გახლავთ უილიამ შექსპირის `ჰამლეტი”, რომელსაც, სავარაუდოდ, ფოთელი მაყურებელი ივლისის შუა რიცხვებისთვის იხილავს. მთავარ როლს ითამაშებს გიორგი სურმავა. რეპეტიციები ახალ შენობაში მიმდინარეობს, მზადდება დეკორაცია და კოსტიუმები, მანამდე კი  მაყურებელს შესაძლებლობა ექნება კიდევ ერთხელ იხილოს დურუჯზე წარდგენილი ორი სპექტაკლი ”ალუბლის ბაღი-რეპეტიცია” და “ჰოლანდ ჰოლანდი”, კულტურის სახლის პატარა სცენაზე, სადაც ბოლო ცხრა წელია ფოთელი მსახიობები მუშაობენ. ამით ისინი დაემშვიდობებიან მცირე დარბაზს და ახალმოსახლეობას იზეიმებენ. თეატრის მმართველი თენგიზ ხუხია ულოცავს ყველას კონკურსზე წარმატებას და მადლობას უხდის ყველა თანამშრომელს: “ძალიან მიხარია, რომ თეატრმა, რომლის არსებობაც კი ეჭვქვეშ იყო დაყენებული, მოიპოვა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო თეატრის ტიტული, მარჯანიშვილის, რუსთაველის თეატრებს შორის და გახდა “დურუჯის” პრემიის მფლობელი. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს თანამშრომელს ამისთვის. როცა სხვა თეატრებს ჰქონდათ ჩვენზე ბევრად უკეთესი პირობები შექმნილი წარმატებისთვის, ვერ მიიღეს ასეთი შედეგი, ეს ჩვენი გამარჯვება, ქალაქის გამარჯვებაა. ძალიან ამაყები ვართ ამით. თეატრს შემოემატა რამდენიმე ახალი სახე, რაც ძალიან მახარებს. ახალ სივრცეს სჭირდება ათვისება, ჩვენ უნდა მოვემსახუროთ ყველა თაობის მაყურებელს. მაშინაც კი, როცა პატარა სივრცე გვქონდა, ვცდილობდით მოზარდ მაყურებლებისთვის, ყველა გემოვნების მაყურებლისთვის შეგვექმნა პროექტი და შეგვეთავაზებინა. რა თქმა უნდა, ახალ შენობაში ამის მეტი შესაძლებლობაა იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს უფრო დიდი სივრცე, საჭიროა მეტი ადამიანური რესურსი, უნდა გაიზრდოს დაფინანსებაც. ხოლო, რამდენად შეგვიძლია ჩვენ დავდოთ ხარისხიანი პროდუქტი, ადასტურებს ბოლო წარმატებაც”.

გასულ წელს ფოთის თეატრმა ჩაატარა საბავშვო თეატრალური კონკურსი, რომელშიც ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მსგავსი და სხვა პროექტების განხორციელებას თეატრი მომავალშიც გეგმავს. თეატრის მთავარი რეჟისორია პაატა ციკოლია, სცენოგრაფი ქეთი ნადიბაიძე. იქიდან გამომდინარე, რომ თეატრი წელს ახალ შენობაში გადადის, იგეგმება სპექტაკლები თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში. თეატრში თვლიან, რომ სწორედ ასეთი რეჟიმის და თავგანწირვის შედეგია მათი წარმატება. ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ, შესაძლოა, გაიზარდოს ბილეთის ფასიც, თუმცა გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და ფასი იქნება მათვის ხელმისაწვდომი, რათა მაყურებელმა შეძლოს თეატრში სიარული და მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება. როგორც თეატრის დასი გვპირდება, იქნება უამრავი სიურპრიზი და საინტერესო სანახაობა. 27-28 ივნისს ჩატარდება პრემიერა “ბრემენელი მუსიკოსები”, რომელიც თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგის ზაზა ჭანტურიას ინიციატივით ტარდება. ეს სპექტაკლი იმით არის განსაკუთრებული, რომ მასში მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.