ხუთ. აპრ 18th, 2024

საუკუნის პროექტად წოდებული წყალარინების პროექტი, უკვე მერამდენედ,  ისევ შეჩერებულია, შედეგად გადათხრილი ქუჩები და მოუწესრიგგებელი ინფრასტრუქტურა მივიღეთ. მართალია,   ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარეიბის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, რომელიც ფოთში წინაასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა პრემიერ მინისტრთან ერთად, ბოდიშიც კი მოიხადა, მაგრამ, დამეთანხმებით, ეს ვერაფერი შეღავათია ჩვენი ქალაქის მდგომარეობისათვის: „თქვენთვის მთავარი შედეგია, მე კი წარმოვადგენ იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია. ბოდიში იმ უხერხულობოსთვის, იმ დაგვიანებისთვის, რომელიც დღემდე არის, თუმცა გაფორმდა უკვე ხელშეკრულება, შეთანხმება შესაბამის კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელმაც აიღო ვალდებულება ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი ჯარიმების გათვალისწინებით, ყოველგვარი შეღავათის გარეშე. 2021 წლის ბოლომდე აიღეს ვადა, და სამუშაოები სექტემბრიდან განახლდება, წინააღმდეგ შემთხვევაში გვაქვს გეგმა ” ბ “. სამწუხაროა, რომ ასე ხდება, მაგრამ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ფოთს ნამდვილად უზრუნველყოფს წყალმომარაგებით და წყალარინებით” – განაცხადა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია კომპანია, რომელიც ჩაიბარებს შეჩერებულ სამუშაოებს, ამიტომ ფოთის ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის უფროს იაგო რომანაშვილს მივმართეთ, რომლისგანაც პასუხი ვერ მივიღეთ და მერიის საინფორმაციო  სამსახურთან გადაგვამისამართა.  მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შვებულებაში იმყოფებოდა  და ჩვენთვის საინტერესო პასუხის მისაღებად  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან გაგვიშვა, რადგან პროექტის დამკვეთი ხსენებული კომპანია გახლდათ. თან ისიც გვითხრა, რომ ქალაქის მერიასაც არ ჰქონდა ინფორმაცია იმაზე, რაზეც  მინისტრმა ისაუბრა.

სამწუხაროდ ქალაქის მერიაში ვერ ვიპოვეთ პასუხისმგებელი პირი , რომელიც  „საუკუნის პროექტზე“  გვეტყოდა რამეს, ზოგი შვებულებაშია, სავარაუდოდ, არჩევნებთან დაკავშირებით, ზოგი კი უბრალოდ თავს არიდებს  პრობლემაზე  საუბარს.

მას შემდეგ, რაც ფოთის მერიაში ვერაფერი  გავიგეთ, პროექტის დამკვეთ კომპანიას მივმართეთ და შევეცადეთ გაგვერკვია,   რომელი კომპანია ჩაიბარებს შეჩერებულ სამუშაოებს და როდის განახლდება ყბადაღებული „ საუკუნის პროექტი“. გაერთიანებული წყალმომარაგების პრესსამსახურის უფროსმა, ლელა კიკალიშვილმა წერილობით გვიპასუხა. უცვლელად გთავაზობთ წერილის შინაარსს:

 „პროექტის დასახელება: ფოთის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

მშენებარე კონტრაქტორი:  ერთობლივი საწარმო “Lუდწიგ Pფეიფფერ Hოცჰ – უნდ თიეფბაუ GმბH & ჩო. KG“ და „EMIთ Gროუპ – Eრცოლე Mარელლი Iმპიანტი თეცნოლოგიცი შ.რ.ლ.”

დაფინანსების წყარო: აზიის განვითარების ბანკი  ADB

პროექტის შედეგი: აშენდა წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა. ობიექტის, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს, რაც შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს.

პროექტის დასახელება: ფოთის წყალარინების სისტემის მშენებლობა სამუშაოები განახლდა და მიმდინარეობს

მშენებარე კონტრაქტორი: „თAHAL Gროუპ BV“

დაფინანსების წყარო: აზიის განვითარების ბანკი  ADB

მიმდინარე პროექტები ითვალისწინებს 145 კმ ქსელის მოწყობასა და სატუმბო სადგურების მშენებლობას. ინტენსიურ რეჟიმში ჯარიმების ფონზე აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები რამდენიმე დღეში.

პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს ექნება წყალარინების სრულიად ახალი და გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც ფოთში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.”

როგორც კარგად ვხედავთ, კონკრეტული პასუხი ვერც ამ შემთხვევაში მივიღეთ. გაურკვეველია, როდის განახლდება სამუშაოები და რომელი კომპანია იქნება შემსრულებელი. შეგახსენებთ, რომ ფოთის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის რეაბილიტაცია და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. პროექტის ღირებულება 130 მლნ ლარი იყო და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. თავდაპირველ ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია იყო, რომელმაც სამუშაოები უხარისხოდ განახორციელა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მასთან კონტრაქტი შეწყვიტა. მოგვიანებით, უკვე 2018 წელს, ორი ახალი ტენდერი გამოცხადდა (წყალარინების რეაბილიტაცია და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ცალ-ცალკე).  ტენდერში გამარჯვებული ჰოლანდიური და იტალიურ-გერმანული კომპანიები იყვნენ, ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 133 მლნ ლარი იყო და სამუშაოები 2020 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო.

პ.ს. მასალა მზად გვქონდა დასაბეჭდად, როცა ჩვენთვის ცნობილი გახდა წყალარინების რეაბილიტაციის სამუშაოების განახლების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც  იმავე კომპანია განახორციელებს.