შაბ. აპრ 27th, 2024

ფოთში, საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ,  უამრავი დევნილი გაჩნდა, რომლებიც სრულიად ცარიელ-ტარიელნი საკუთარ სახელმწიფოში, ოღონდ სხვა ადგილას, დამკვიდრებას ცდილობდნენ. იმ პერიოდისთვის ჩვენი სახელმწიფო სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ამ გამოწვევის წინაშე. ამდენად, ქვეყანამ ვერ შეძლო ჯეროვანი დახმარება გაეწია იძულებით გადაადგილებულთათვის, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ თავიდან დაეწყოთ ცხოვრება. თავიანთ ქვეყანაში იძულებითი იმიგრაციის მსხვერპლი დევნილები წლების განმავლობაში სხვის საკუთრებაში იყვნენ შეხიზნულნი – „ტურბაზის“ ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღებსა თუ ქარხნებში.

გარკვეული წლების შემდეგ, ფოთში, “მალთაყვის უბანში” ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულ ოცდაჩვიდმეტ კორპუსში აფხაზეთიდან დევნილი 867 ოჯახი, ანუ 4 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. აქ, ძირითადად, „ადგილობრივი“ დევნილები არიან ჩასახლებულნი, არიან, ასევე, ურეკიდან, ზუგდიდან, ჩხოროწყუდან და წყალტუბოდან ჩამოსახლებულები. ახალ დასახლებას „ახალი რაიონი“ უწოდეს,  როგორც იქ – სოხუმში.

დევნილებმა საკუთრებაში ბინები კი მიიღეს, მაგრამ შესახლების პირველივე დღეებიდანვე უამრავ პრობლემას შეეჯახნენ. მათთვის ახალი თავსატეხი გახდა დაუმთავრებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, ოთახებში დაბზარული კედლები და ალაგ-ალაგ აბერილი თუ აყრილი იატაკი, ამას უწყლობა და უშუქობაც ამძიმებდა. ხსენებული პრობლემები წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემათა ნუსხაში საპატიო ადგილს იკავებდა…

ერთ ჩვეულებრივ  სამუშაო დღეს რედაქციიდან ჩემი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად გამოვედი და ახალი რაიონისკენ ავიღე გეზი.

მზიანი და ლამაზი დღე იდგა ქალაქში, ისეთი, რაც იმედებით  აგავსებას და გახარებს… დევნილთა, ანუ ახალი რაიონი უკვე შეესისხლხორცა ქალაქს და მისი ნაწილი გახდა. ვგრძნობდი,  აქ მცხოვრები ადამიანების სახეებზე აღტაცებასა და ბედნიერებას ვერ ამოვიკითხავდი, მაგრამ თავს ვაჯერებდი, იქნებ რამე უკეთესობისკენ შეიცვალა და ჩვენი მრავალგზის მომზადებული მასალები დევნილთა პრობლემებზე ტყუპისცალივით ერთნაირი არ  იქნებოდა. სტადიონზე ახალგაზრდები ყიჟინითა და შეძახილებით  ფეხბურთს თამაშობდნენ, იქვე პატარებიც დარბოდნენ. ვიღაც მამაკაცი ეზოში ხილის ნერგებს რგავდა. ეს პოზიტიური განწყობა დიდხანს არ გამყოლია და მალევე გამიფუჭდა.

დამინახეს თუ არა, ეზოებში სკამებზე ჩამომსხდარმა  ქალბატონებმა ნაცნობი ჟურნალისტი, მაშინვე პრობლემების გუდას მოხსნეს თავი…. ფოტო აპარატის ერთი-ორი გაჩხაკუნება და …

“აქ რას უღებთ, ძალიან კარგად იცით, რაც გვაწუხებს და ხელისუფლებასთან გაარკვიეთ მაინც, როდის დამთავრდება ეს პრობლემებიო....

არადა, როგორც აღვნიშნე, ამ მზიან ლამაზ დღეს სულაც არ მინდოდა ისევ პრობლემებზე წერა. მინდოდა, დამეწერა, როგორი სწრაფი რეაგირება მოყვა ჩვენს არაერთგზის დაწერილს და მოგვარდა ამ ხალხის გასაჭირი… როგორი სიხარულით  და ბედნიერად ცხოვრობენ ამ ფერად-ფერად თვალისმომჭრელ კორპუსებში დევნილები და ავიწყდებათ წარსულში თავს გადახდენილი უბედურებანი. მაგრამ… არსებული პრობლემები დღესაც აქტუალურია ამ რაიონში.

აქ დევნილთა პრობლემები ულევია, განსაკუთრებით სხვა რეგიონებიდან ჩამოსახლებული დევნილებისთვის, რომლებსაც, ფაქტობრივად,  რამდენჯერმე მოუწიათ ცხოვრების თავიდან დაწყება….

„ადრე სადაც ვცხოვრობდით,  ვმუშაობდით ბაზრობაზე, პატარა მიწაც გვქონდა და თავი  გაგვქონდა, აქ კი ჰაერში გამოკიდებულებივით ვართ”- შემომჩივლა წყალტუბოდან ჩამოსახლებულმა ქალბატონმა ნარგიზა გეთიამ.

ახალ რაიონში არსებული თანამედროვე სტილის კორპუსების, მოწყობილი საბავშვო სკვერების და მოედნების, რეკრეაციული ადგილების მიუხედავად,  საერთო თავშეყრის ადგილებში ადამიანების სიმრავლე ცხადყოფს აქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა უმთავრეს  პრობლემას – უმუშევრობას. აქ მცხოვრებ დევნილთა უმეტესობა ბაზრობაზე ვაჭრობით ირჩენს თავს, ზოგის შემოსავალი კი მხოლოდ სოციალური დახმარება და დევნილობის შემწეობა გახლავთ.

მალთაყვის ახალ დასახლებაში ერთ -ერთი კორპუსის პირველ სართულზე სილამაზის სალონსაც წააწყდებით.  მის შორიახლოს სახელდახელოდ მოწყობილ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიასაც კი შეხვდებით  ბორბლებზე….

ოჩამჩირელ ირმა გითოლენდიას ბინის შესახებ პრეტენზია არ გამოუთქვამს, მაგრამ უმუშევარია და უჭირს თავის გატანა:

„აქ გადმოსვლამდე ჩხოროწყუში ვცხოვრობდით ბაღის შენობაში.  იქ თავი გაგვქონდა, საქონელი გვყავდა, მიწას ვამუშავებდით. აქეთ გადმოგვასახლეს და გაგვაყიდინეს საქონელი.  აქ ბინა კი მოგვცეს, მაგრამ ოთხ კედელში გამოკეტილებს  თავი როგორ უნდა გვერჩინა, ამაზე არავის უფიქრია. ავადმყოფი ვარ და  ხელმეორედ მომიწია ცხოვრების დაწყებამ“.

დევნილებთან საუბრისას გამოიკვეთა, როგორ გაუჭირდათ ხელმეორედ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც  და აქაურობასთან შეგუებაც. ამას ისიც დაემატა, რომ ვერ შოულობენ სამუშაოს, რის გამოც ახალი რაიონის დევნილთა უმეტესობამ უკვე გაყიდა, ან გააქირავა სახელმწიფოს მიერ მათთვის ნაჩუქარი ბინები.

როგორია დევნილთა განსახლების სახელმწიფო პოლიტიკა?  ამ საკითხზე სასაუბროდ ფოთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსს ირაკლი ლეჟავას მივმართეთ. როგორც მან გვითხრა, დევნილთა  თითოეულ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს პრობლემები ეტაპობრივად მოუგვარდებათ:

„ამ დროისათვის ჩვენს ქალაქში მცხოვრებ 11 ათასი დევნილიდან, მხოლოდ 5 ათასი გახლავთ საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილი და ეს საკითხიც მალე მოგვარდება. უახლოეს დღეებშივე გაკეთდება გასართობი ადგილები. სულ ახლახან გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა საბავშვო ბაღის ეზოში გასართობი სივრცე, რომლის მოწყობისთვის 11 ათასი ევრო ჩაიდო,  მოხდა 22 ათასი ევროს ღირებულების სტადიონის რეაბილიტაციაც. ამასთან ერთად, ვაკეთებთ მოსაცდელებს, ტრენაჟორებს და საბავშვო გასართობებს„.

იმის მიუხედავად, რომ იძულებით გადაადგილებულები ინტეგრირებულნი არიან ჩვენს ქალაქში, მათ მაინც თავიანთი მშობლიური აფხაზეთისკენ მიუწევთ გული…

აფხაზეთიდან დევნილი ბესო მატკავა წარსულზე გვიამბობს: 

„აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. 18 წლის ბიჭი ვიყავი, სახლიდან რომ გავიპარე და გადავწყვიტე სოხუმში ჩავსულიყავი საომარ ხაზზე. ჩემს დიდ ოჯახთან ერთად გალის რაიონის, სოფელ ჭუბურხინჯში ვცხოვრობდი. არავინ იცოდა, რომ სოხუმში მივდიოდი. მატარებლით ვიმგზავრე სოხუმამდე. რომ ჩავედი, სოხუმი იყო დაბომბილი, განადგურებული ქალაქი. 23-ე ბრიგადაში ჩავეწერე რიგით-მსროლელად და სოხუმის დაცემის შემდეგ დავბრუნდი ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში. ამ პერიოდში ჩემმა, როგორც სხვა დანარჩენმა ოჯახებმა, დატოვეს სოფელი და ზუგდიდში გადმოვიდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ფოთში გადმოვსახლდით. აქედან დაიწყო ჩვენი გაუსაძლისი მდგომარეობა, არ იყო ელემენტარული პირობები, არც წყალი, არც საკვები. „პურის რიგები“ მახსენდება ყველაზე მწვავედ. მარტივად რომ ვთქვა, ჩვენივე ქვეყანაში გავხდით მიგრაციის მსხვერპლნი. წლების შემდეგ ჩემმა ოჯახმა შეძლო დაბრუნება ჩვენს სახლში, მაგრამ  რადგან მე ომის მონაწილე ვარ, დღემდე ვერ შევდივარ ჩემს სოფელში.  რამდენიმეჯერ მოვახერხე შესვლა „შავი გზით“. დღეს უკვე შეცვლილია მდგომარეობა და წლებია, ვერ ვნახულობ ჩემს მშობლიურ კერას. მშობლები გადმოდიან ხოლმე „აქეთა საქართველოში“. გაგვიჩერდებიან, მოგვეფერებიან და ისევ დაუბრუნდებიან აფხაზეთს. ვიმედოვნებ, რომ  საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და ერთ მთლიანობაში ვიცხოვრებთ ქართველებიც და აფხაზებიც“.   

 

ინგა გვასალია, ფოთი