პარ. აპრ 26th, 2024

ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა, მაგრამ 5 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე და წევრები მაინც აირჩიეს.სხდომაზე ხმაური რამდენჯერმე ატყდა.

პირველად ხმაური ხუთივე თავმჯდომარის ერთდროულად არჩევამ გამოიწვია. ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ვახტანგ დარცმელიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანიას წინა სხდომაზე ჩამორთმეული პირობა გაახსენა კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატურების ოპოზიციასთან კონსულტაციების გავლის შესახებ. დარჯანიას ოპოზიციონერ კოლეგას შეახსენა, რომ პირობა არა თავმჯდომარეებს, არამედ წევრებს ეხებოდა.

ის- ის იყო პირველ საკითხზე ხმაური მინელდა, რომ ყოფილი მერის, ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიასა და მისი ყოფილი თანაგუნდელის, ამჟამად პატრიოტთა ალიანსიდან საკრებულოში მოხვედრილი მაია ჩხარტიშვილის პოლემიკამ ხმაურის ახალი კერა წარმოშვა. ყოფილმა თანაგუნდელებმა ერთმანეთს ყოფილ სამსახურებში მუშაობა დაუწუნეს. ჩხარტიშვილმა კაკულიას მიერ გამოთქმული კრიტიკა არ მიიღო და პროტესტის ნიშნად სხდომის დარბაზი დატოვა.

მორიგი ხმაური უკვე ნაციონალ დარეჯან ცხვიტარიას განცხადებას მოყვა. მან როგორც ყოველთვის, დღევანდელი ხელისუფლება კორუმპირებულობაში დაადანაშაულა, რამაც სხვებთან ერთად სამსონ კუტალიაც გააღიაზიანა დაც ცხვიტარიას მისი პარტიის მმართველობის დანაშაულებრივი მოქმედებები შეახსენა. „დიახაც, რომ კორუმპირებულ ადამიანებს იჭერდნენ“- უკან არ დაიხია ცხვიტარიამ. მისმა კატეგორიულმა ნათქვამმა უკვე აკაკი დარჯანიაც აღაშფოთა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია წინა ხელისუფლების რეჯიმი. როგორც აღნიშნა: „დღემდე ვერ ამიხსნია ჩემი შვილებისა და ოჯახისათვის, რისთვის ვიჯექი 6 თვე ციხეში“.

ბოლოს ხმაური ლამის ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, როცა დავით ხომერიკის აკაკი დარჯანიას შეეკამათა თავისი პარტიის დასაცავად. აღშფოთებულმა დარჯანიამ სხდომათა დარბაზი რამდენიმე წუთით დატოვა, ხოლო მობრუნებისას მან კოლეგებს გაცხარებისათვის ბოდიში მოუხადა.

დარეჯან ცხვიტარიამ საკუთარი პარტიის დაცვას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი საქმეების ქება მოაყოლა და აღნიშნა: „ყველაფერი გაკეთებული დაგხვდათ და არაფერი გაგიკეთებიათ. რითი ამაყობთ, სანაპიროზე გაკეთებული ბილიკით? ასეთ ბილიკებს სააკაშვილი ტყეში აკეთებდა. ისე, სააკაშვილი მალე მოვა. თუმცა, ახლაც მოსულია და თუ ვინმე ხვდება რამეს“.

საბოლოოდ, საკრებულოს თავმჯდომარემ ყველას დაშოშმინებისკენ მოუწოდა. საკრებულომ ფარული კენჭისყრით ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით აირჩია საკრებულოს ხუთი მუდმივი კომისიის თავმჯდომარე.
1. იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ -ხვიჩა ცხვიტარია
2. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ- თორნიკე კირთაძე
3. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ -ბექა ვაჭარაძე
4. ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარედ-თორნიკე შონია
5. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ- ბაქარ ერაგია

საკრებულომ ახლადარჩეული კომისიების თავმჯდომარეების წარდგინებით მიიღო განკარგულება კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.