ხუთ. აპრ 25th, 2024

ფოთში 27 ოქტომბერს საზღვაო განათლება ოფიციალურად დაბრუნდა, გაიხსნა ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი, სასწავლებელი პირველ ეტაპზე მსურველებს მაღალი ხარისხის გადამზადებისა და მოკლევადიან სასერტიფიკაციო კურსებს შესთავაზებს. 2021 წლიდან კი სასწავლებელი 1000 სტუდენტს მიიღებს. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნისას განაცხადა.

თამარ იოსელიანის განმარტებით, ინდუსტრიასთან აქტიური თანამშრომლობით მოხერხდა და საქართველოში პირველად, შესაძლებელი გახდა სრულად აღჭურვილი მეთევზე-მეზღვაურთა გადამზადების თანამედროვე სიმულატორის გახსნა.

„ასევე, დამატებით აღვჭურვეთ 10 სასწავლო ლაბორატორია, რომელიც ეტაპობრივად განვითარდება. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენთან ერთად სასწავლებლის განვითარებასა და აღჭურვაში თავისი წვლილი შეიტანა საზღვაო ინდუსტრიის თითქმის ყველა სეგმენტის წარმომადგენლებმა. ფოთში სასწავლებლის გახსნა საზღვაო და ზოგადად ტრანსპორტის დარგის მიმართ ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ნაწილია, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს პროფესიონალი კადრების გადამზადებას და საზღვაო სექტორის სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენელთა რაოდენობის გაზრდას; რაც ავტომატურად გულისხმობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონიდან პროფესიონალი კადრების გადინების შეჩერებას“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

კულტურულ მემკვიდრეობად წოდებული შენობები, რომლებიც დიდ როლს ასრულებდნენ ქალაქის საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებაში, დანგრევის პირასაა. ერთ-ერთი ასეთი შენობა  გახლავთ ყოფილი ჰიდრო–ტექნიკუმი. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა თაობამ არ იცის სხვა და სხვა ისტორიის მატარებელი შენობების შესახებ. მართლაც მნიშვნელოვანია ასეთი შენობების მოვლა და შენაეჩუნება.

იგი აშენდა გასული საუკუნის ოდაათიანი წლების ბოლოს ფოთელი მშენებლის ლაღიძის მიერ. ჰიდრო ტექნიკუმის შენობის ისტორია ჯერ კიდევ თბილისში დაიწყო. ის დღვანდელ მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში იყო განთავსებული. როგორც გავარკვიეთ, ფოთში ანალოგიური ტექნიკუმის გაკეთება განაპირობა კოლხეთის დაბლობის ათვისების საჭიროებამ. იმ პერიოდისთვის ყოველ წლიურად 400–მდე მაღალკვალიფიციური სტუდენტი გამოდიოდა სამუშაო ასპარეზზე. უნდა ითქვას, რომ იქაური სწავლება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ჰიდრო ნაგებობებით, არამედ ზოგადი მშენებლობის პრაქტიკაც მიმდინარეობდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეს ბაზა გადაკეთდა ფოთის დამოუკიდებელ ინსტიტუტად, რომელმაც რაღაც პერიოდი შეინარჩუნა შენობა. 2005 წელს ფოთის დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა დაასრულა მოღვაწეობა, შენობა კი უპატრონოდ დარჩა, რამაც განაპირობა მისი ავარიულ მდგომარეობამდე მიყვანა.

ყოფილი ჰიდრო–ტექნიკუმის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ვესტუმრეთ ვიცე მერ კოტე თოფურიას, რომელმაც დაწვრილებით გვიამბო ამ შენობის შესახებ: „იდეა, რომ ეს შენობა აღდგენილიყო და მასში  ისევ განთავსებულიყო სსწავლებელი დიიდ ხანია გაგვიჩნდა. 2018 წელს, როცა ალეკო მოწერელია გახდა ჩვენი კუთხის გუბერნატორი, მისი პირველი ინიციატივა იყო ამ შენობისთვის ფუნქციის მოძებნა. 2019 წლის 5 მაისს ბათუმის საზღვაო აკადემიასთან გაფორმდა მემორანდუმი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფოთში განთავსდებოდა ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი. ეს მართლაც დიდი გამარჯვება იყო ქალაქისთვის. ყველაზე დიდი წვლილი ამ საქმეში სწორედ ალეკო მოწერელიას ეკუთვნის. ეს ძალიან კარგი იდეაა. ქალაქში გაჩნდება ახალგაზრდული მუხტი, ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ერთდროულად 1000– მდე სტუდენტი მიიღოს ქალაქმა. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელიც ქალაქიდან გადის, ანუ 15–20 წლამდე ასაკი ახალგაზრდები. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ფოთი არის ,,პენსიონერების ქალაქი“, ეს იმიტომ რომ აქ პერსპექტივა არ ჰქონდათ ახალგაზრდებს და მიდიოდნენ სხვა ქალაქებში. ეს პროექტი მთელი რეგიონისთვისაა გათვლილი. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სამეგრელოს სხვა რეგიონებიც შემოუერთდება“.

როგორც ქალაქის ვიცე მერმა გვითხრა, ქალაქმა შეისყიდა პროექტი, რაც 15000 ლარამდე დაჯდა. როგორც გავიგეთ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართულია მთელი სახელმწიფო, მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია, ასევე ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, პრემიერ მინისტრი და ბათუმის საზღვაო აკადემია. თაკო იოსელიანსაც დიდი როლი აქვს ამ საქმეში. სწორედ მათ მოიძიეს თანხები. დახლოებით 6 000 000–მდე იხარჯება მშენებლობაში, ინვენტარის შეძენაში კი დახლოებით 2 000 000. აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართული ბიზნესმენებიც.

კოტე თოფურია ხაზგასმით ამბობს, რომ ყოფილი ჰიდრო–ტექნიკუმის სასწავლებელი გამოირჩეოდა მაღალი მომზადების დონითა და კადრების კუთხით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ამ შენობისთვის პროფილის შენარჩუნება. მისი თქმითვე, საზღვაო აკადემიის მთავარი პლიუსი არის ის, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს და შესაბამისი კვალიფიკაციაც ეკუთვნის. ასევე, კმაყოფილებას გამოთქვა იმის გამო, რომ ისეთმა ძლიერმა უწყებამ ჩაიბარა ის, როგორიც არის საზღვაო აკადემია. კოტე თოფურიამ როგორც აღნიშნა, საზღვაო აკადემიის სტუდენტები პრაქტიკებს გაივლიან სხვა და სხვა ქვეყნებში.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ყოფილი ჰიდრო–ტექნიკუმის შენობა აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც აქვს საზღვაო აკადემიას. ასევე, გავარკვიეთ ისიც, რომ ქალაქის ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა, ყოფილი ჰიდრო–ტექნიკუმის შენობის გაცოცხლება, ორი პარალერული ქუჩისა და მათი შემაერთებელი ქუჩის კეთილმოწყობა კავშირშია ერთმანეთან. ამ ანსამბლის დასკვნითი ეტაპი კი იქნება საზღვაო აკადემიისთვის საერთო საცხოვრებლის მოწყობა.

,,ჩვენ კიდევ ერთი ძეგლად წოდებული შენობა დავუბრუნეთ ქალაქს. ეს არის ყოფილი სამხედრო ჰასპიტალი. სწორედ იქ განთავსდება საზღვაო აკადემიის საერთო საცხოვრებელი. დახლოებით 2 ჰექტარზეა საუბარი. აღნიშნული ტერიტორია იყო თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. ალეკო მოწერელიას ჩარევით დავიბრუნეთ ეს შენობაც. იქ განთავსდება ყველაფერი, რაც აკრედიტაციისთვისაა საჭირო – ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, მოსასვენებელი ადგილი, სპორტული კომპლექტები და სხვა’’.

2020 წლის ბოლოდან თებერვალ-მარტამდე ყოფილი ჰიდრო–ტექნიკუმის შენობაში იქნება ტრენინგ ცენტრი. მომავალი სასწავლო წლიდან კი დაიწყება სტუდენტების მიღება. როგორც კოტე თოფურია ვარაუდობს, დახლოებით 2–3 წელიწადში საზღვაო აკადემია გადაკეთდება უმაღლეს სასწავლებლად.

რაც შეეხება პროფესორ მასწავლებლებს, თოფურია მათ ფოთში წამოსვლას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, როგორც პროფესიის ასევე ბიზნესის კუთხით.