ოთხ. მაი 1st, 2024

სამეგრელოს რეგიონში თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პროცედურული დარღვევების გამო გამოწვეულ ხმაურს.

რაც შეეხება დარღვევებს, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში განმარტავდნენ, ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო, რომელსაც შედეგებზე  გავლენა არ მოუხდენია.  წინასწარი მონაცემებით, სამეგრელოს რეგიონში მე-2 ტური  ჩატარდება.

არჩევნების მეორე ტურს არ ელოდა ფოთის მართველი გუნდის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე. როგორც აღნიშნავს, მისთვის მნიშვნელოვანია საკრებულოში უმრავლესობით მოსვლა: “პირველ რიგში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოში გვეყოლება უმრავლესობა. მე ყველანაირი საფუძველი მქონდა მეფიქრა, რომ პირველ ტურში დავასრულებდი. მადლობა, მინდა მხარდაჭერისთვის გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს. მიუხედავად იმ არნახული მასშტაბის დეზინფორმაციისა, მე პირველ ადგილზე გავედი და საკმაოდ დამაჯერებელი შედეგი გვაქვს იმისათვის, რომ ვიფიქროთ – მეორე ტურში ღირსეულ გამარჯვებას მივაღწევთ!. ჩემი ოპონენტი საკმაოდ ბევრ რამეს იგონებდა, იგონებს და მოიგონებს მომავალშიც. მე ვიცი, რომ მას სინდისი არ გააჩნია. ჩვენ  ძალიან ღირსეული კამპანია ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოქმედებდა ის ჩვენს წინააღმდეგ და ასე გავაგრძელებთ მეორე ტურშიც და ასევე ღირსეულ გამარჯვებას მოვიპოვებთ”,- განაცხადა ვაჭარაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა კი  უკმაყოფილებას გამოთქვამს საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით: ,,ჩვენ ვნახეთ, რომ სრულიად სამარცხვინო ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაცია გვყავს. პრაქტიკულად, დილის რვა საათამდე ნახევრამდეც კი არ იყო დათვლილი ხმები. ეს ჭირვეულობა რაზეც მიუთითებს, ყველანი კარგად ვხვდებით. ეს იყო იმისთვის, რომ როგორმე სასურველამდე მიეყვანათ ეს შედეგი. რაც შეეხება ფოთს, თავიდანვე ვვარაუდობდით, რომ მეორე ტური იქნებოდა. რეალურად ხმების ეს განსხვავება არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება, რადგანაც დიდი ფული იხარჯებოდა, მაგრამ მაინც ვერ მოახერხეს ვერაფერი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ფოთელს, ვინც მხარი დამიჭირა, მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში და მე ვფიქრობ, რომ მეორე ტურში მეტი შანსი გვექნება!. ვეცდები მეტ ადამიანს შევხვდე, მეტ ადამიანს ავუხსნა რატომ არის დამღუპველი ფოთისთვის ოლიგარქია და მისი „ხელის ბიჭები“. დარწმუნებული ვარ, რომ ის გეგმები, რომელიც გვაქვს, ფოთს გამოიყვანს კრიზისიდან. საარჩევნო პროცესი გარეგნულად თითქოს იყო მშვიდი, მაგრამ გარშემო სულ რაღაც ხდებოდა: ეს არის ფულის დარიგება,  ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზაცია და გამოყენება და ა.შ. ასევე უნდა აღვნიშნო,  კარგი შედეგი მიიღო მესამე კანდიდატმა ბატონმა აბსარიძემ , 15 % დებიუტისთვის, ჩემის აზრით, ძალიან კარგია და მან დაამტკიცა, რომ ფოთში მხარდაჭერა აქვს“.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტიურობას, რეგიონში არჩევნებზე აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარტვილის #65 დაფიქსირდა, აქ  31775 ამომრჩევლიდან 20258  მოვიდა, რაც  63,75 % შეადგენს.  აბაშის # 63 საარჩევნო ოლქში  20435 ამომრჩევლიდან  12960  მოვიდა, რაც 63,42 % შეადგენს; ჩხოროწყუ #69 საარჩევნო ოლქში 21528 ამომრჩევლიდან  მოვიდა 13281, რაც 61,69 % შეადგენს.  ხობის #66 საარჩევნო ოლქში, 27265 ამომრჩევლიდან მოვიდა 16024, რაც 58,17 % შეადგენს; სენაკი #64 საარჩევნო ოლქში  39130 ამომრჩევლიდან მოვიდა 22024, რაც 56,8 % შეადგენს. ფოთის #70 საარჩევნო ოლქში, 41059 ამომრჩევლიდან 21 3 53 მოვიდა, რაც 52.4 % შეადგენს; წალენჯიხის #68 საარჩევნო ოლქში   28737 ამომრჩევლიდან მოვიდა 14687, რაც 51,11 % შეადგენს.

ამომრჩეველთა ყველაზე ნაკლები აქტიურობა ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, სადაც  119849 ამომრჩევლიდან მოვიდა 52615, რაც 43,9 % შეადგენს.

არჩევნების მიმდინარეობისას ხმაურით ზუგდიდი გამოირჩეოდა, აქ რამდენიმე უბანზე მოვლენების განსამუხტად პოლიციის ჩართულობა გახდა საჭირო.    

/ივეტა პაჭკორია, სამეგრელო/

სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში.

ავტორისვტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს

 ფონდ ღია საზოგადოებასაქართველოსპოზიციასშესაბამისადფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის 

შინაარსზე.