პარ. მარ 29th, 2024

რამდენიმე თვეა, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო შემოვლითი გზით უწევთ მგზავრობა.

მძღოლებისა და მგზავრების პრეტენზიებს ესოდენ გაჭიანურებული რემონტი იწვევს. ამას ისიც ემატება, რომ ფოთი-ჭალადიდის გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი კარგა ხანია აყრილია, კატასტროფულ მდგომარეობაშია და ჯერჯერობით არანაირი სამუშაოები არ შეინიშნება. თუმცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესცენტრი საპირისპიროს ამტკიცებს.

გზის ასეთი მდგომარეობა მძღოლების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მათი სატრანსპორტო საშუალებები დაზიანებული გზის გამო ფუჭდება და ეს მათთვის დამატებითი ხარჯებია.

ჩვენთან საუბარში ფრიად განერვიულებული სამაშრუტო ტრანსპორტის მძღოლები ჩაერთვნენ:

,, თუ ამ გზის გაკეთებას ამდენი ხანი არ აპირებდნენ, რა საჭირო იყო ძველი ასფალტის აყრა? მანქანებიც ზიანდება და ეს ჩვენთვის ზედმეტი ხარჯია ამ სიდუხჭირის დროს. ხალხზე არავინ ფიქრობს,,

სამუშაოებს საგზაო სამშენებლო სარემონტო კომპანია ,,არქეოპოლისი,, ასრულებს. პროექტი 13 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას და 1 ხიდის მშენებლობას მოიცავს. მისი ღირებულება 12 მილიონ 495 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში დასრულდება.

ინგა გვასალია,ფოთი