პარ. მარ 29th, 2024

დღეს ფოთში საქართველოს მთავრობის განკარგულებით კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება დაიწყო. 9 აპრილის ხეივანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე

კოღოს საწინააღმდეგო შეწამვლის პროცესს ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დაესწრნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ფოთში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, პირველად ხდება მწერებთან (კოღოსთან) ბრძოლის მასშტაბური სამუშაოების ჩატარება.

პროგრამის ფარგლებში, ფოთში განხორციელდება კოღოს საწინააღმდეგოდ შემდეგი პროცედურები. ღია სივრცეები და წყალსატევები შეიწამლება ბიოლოგიური საშუალებებით, ხოლო ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები სპეციალური საშუალებებით დამუშავდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის საფუძველზე სააგენტომ ბიოლოგიური პრეპარატით უკვე დაამუშავა წყალსატევები, დაჭაობებული ადგილები, სადაც მასიურად აღინიშნებოდა კოღოს მატლების გავრცელება, მათ შორის, ბათუმში – 16 ჰა, ფოთში – 40 ჰა. საქართველოში პირველად გამოყენებულია ამერიკული წარმოების ბიოინსექტიციდი „ვეკტობაკი“, რომელიც სპეციალურად შექმნილია კოღოს მატლების გასანადგურებლად წყლის ზედაპირზე, ის ეფექტურია 20-30 დღის განმავლობაში. პრეპარატი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და აბსოლუტურად უსაფრთხოა თბილსისხლიანებისათვის, თევზებისა და ჭიაყელებისთვის.

კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა შეწამვლითი სამუშაოების ორ ეტაპს მოიცავს, პირველი ეტაპი ივლისის პირველ დეკადაში განხორციელდება, მეორე ეტაპი კი სექტემბერში. პროგრამის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება მუნიციპალიტეტის სამსახურებს, ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობებს და მოქალაქეებს.
მარი ჯავახია, ფოთი