სამ. აპრ 23rd, 2024

ფოთში მაწანწალა ძაღლების სიმრავლით მოსახლება შეწუხებულია. უპატრონო ძაღლები მისდევენ ყველას – ველოსიპედიანი იქნება თუ ფეხით მოსიარულე.

ძაღლების სიმრავლით შეწუხებული მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლების თქმით ბავშვების გარეთ გაშვების ეშინიათ:

– “აღარ ვიცით, ვის მივმართოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. უპატრონო ძაღლებით სავსეა ეზოები, ქუჩები. სადაც უნდა გაიხედო, ყველგან შეგხვდებიან. ადრე ასე მოხშირებული არ იყო. ზაფხულში ცოფის ალბათობა უფრო მეტია. გვეშინია. გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა შესაბამის ორგანოებს, გაგვიწიონ დახმარება და როგორმე მოგვაშორონ ეს მაწანწალა ძაღლები, რომ შევძლოთ ქალაქში თუ ეზოში მშვიდად გავლა, დაჯდომა და დასვენება“, – გვითხრა ელისო კორტავამ.

MS-News ”ვეტერინარიის სამსახურის უფროსს ზაურ აბურჯანიას დაუკავშირდა, რომელმაც განგვიმარტა, რომ უკვე მათ სამსახურს ჩამოერთვა ქალაქში მაწანწალა ძაღლების დაჭერის ფუნქცია და ინფრასტრუქტურის სამსახურში სპეციალურად შექმნილ განყოფილებას გადაეცა. ქონდა თუ არა ადგილი ცოფის შემთხვევას, აბურჯანიამ დაგვაიმედა:

– „ამისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ საბედნირეოდ, ამ ეტაპისთვის ამის საშიშროება არ არსებობს. არც ერთი შემთხვევა ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა”.

მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის ემზარ კუპრაძის განმარტებით, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების იზოლაციას ტენდერში გამარჯვებული ოზურგეთელი მეწარმე გიორგი მაღლაფერიძე ახორციელებს, თუმცა შეფერხებით. რის მიზეზადაც კუპრაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოველთა დაცვის ფედერაციის” მხრიდან ძაღლების დაკავების აკრძალვა დაასახელა:

– „როცა ვიჭერთ ძაღლებს, წინააღმდეგობას ვაწყდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ვიცით, რომ საჭიროა ძაღლებისთვის ევროპის დონის თავშესაფარი, მაგრამ, სამწუხაროდ ჯერ ამ დონის სამსახურები არ არსებობს. ამ კუთხით დაიწყო ინდმეწარმემ ახალი, გაუმჯობესებული პირობებით თავშესაფრის აშენება. ვთვლით, რომ ამ ეტაპზე გაჩერება არ შეიძლება, ძაღლები გასაყვანია ქალაქიდან, აშკარად თვალში საცემია ძაღლების რაოდენობა. ორი თვეა დაიწყო ქალაქში მაწანწალა ძაღლების დაჭერა და მარტო ამ თვეში 27 ძაღლი ავიყვანეთ ქუჩიდან”.

როგორც კუპრაძემ გვითხრა ამ ეტაპისთვის საუბარი მიდის რეგიონული მნიშვნელობის თავშესაფრის აშენებაზე.

კუპრაძემ კერძო საუბარში ისიც გვითხრა, რომ ცხოველთა დამცველები სასამართლოთი დაემუქრნენ ძაღლების წამების პროცესში მონაწილეობისა და გულგრილობისთვის. კუპრაძე განმარტავს, რომ ეს არ გახლავთ არანაირი წამება, არამედ ჩვეულებრივი მეთოდია უპატრონო ძაღლების დაკავებისა.

არასამთავრობოები კი ითხოვენ აპრობირებული მეთოდით მოხდეს ცხოველებზე კონტროლი. ცხოველთა არაკანონიერად იზოლაციის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“ წერილობით უკვე მიმართა ფოთის მერს.

სადაც განმარტავენ, რომ მაღლაფერიძე არ ახორციელებს იზოლირებული ცხოველების გადაყვანას არანაირ თავშესაფარში, მეტიც – იგი ცხოველთა მასობრივ განადგურებას ახორციელებს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლის თანახმად დასჯადია და მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მუნიციპალიტეტმა ცხოველთა განადგურების დაფინანსება.

წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავენ სამართალდამცავ სტრუქტურებს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებზე რეაგირების მიღების მოთხოვნით.

[ავტორი: ეკა კაცია, ფოტო: ეკა კაცია]