პარ. მარ 29th, 2024

ფოთის ბაღებში დასაქმებულებმა უკვე მიიღეს მომატებული ხელფასები. მართალია, მაისიდან უნდა მიეღოთ მომატებული ხელფასი,

მაგრამ ბაღების გაერთიანებაში შექმნილი ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზის გამო, რატომღაც ერთი თვით შეფერხდა და ბაღებში დასაქმებულების პროტესტიც გამოიწვია. მომატებული ხელფასების მიუღებლობით აღშფოთებულებმა ისევ მიმართეს ქალაქის ხელმძღვანელობას და მერს შეპირებულის შესრულება მოთხოვეს. როგორც შეხვედრისას გაირკვა, ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს და დაპირდნენ მათ საკითხის გარკვევასა და დარეგულირებას. მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ რამდენიმე დღე ითხოვა ამისთვის და სიტყვა შეასრულა კიდეც – ივნისის პირველივე რიცხვებში ბაღებში დასაქმებულებმა მიიღეს მაისის თვის დანამატიც. როგორც გავარკვიეთ, შემდეგ თვეებში დაბრკოლების გარეშე მიიღებენ მომატებულ ხელფასს.

ბაღებში დასაქმებულები ხელფასის მოუმატებლობის მიზეზად პროფკავშირებში ყოფნას ასახელებენ, რადგან ეჭვობენ, რომ მათი პროფკავშირებში გაწევრიანება გაერთიანების ხელმძღვანელობას არ მოსწონს. მათი განმარტებით, გაერთიანების წარმომადგენლები ხშირად ეუბნებიან მათ, რა უნდათ პროფკავშირებში და გამოვიდნენ ამ ორგანიზაციიდან.

შეგახსენებთ, რომ ფოთის ბაღებში დასაქმებულებს შრომითი ურთიერთობის დარეგულირების გარდა, პროფკავშირის მოთხოვნით გაიზარდა 2015 წლის სახელფასო ფონდი 160 ათასი ლარით. როგორც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა გვასალია ამბობს საბავშვო ბაღებში ძალიან რთული ვითარება გახლდათ, როგორც ხელშეკრულებებთან, ისე ხელფასებთან დაკავშირებითაც. „ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნით გამოსწორდა რამდენიმე პრობლემა, მაგალითად ხელშეკრულებების უქონლობა და, შესაბამისად, უხელფასობა.

2015 წლის ბიუჯეტის დაგეგვისას მოვითხოვე ბაღებში დასაქმებულების სახელფასო ფონდის გაზრდა, რაც იქნა გათვალისწინებული და ბაღების დაფინანსება 2015 წლისთვის გაიზარდა 200 000 ლარით, აქედან 160 ათასი ლარი დაემატება სახელფასო ფონდს, რაც აისახებოდა არა ყოველთვიურ ხელფასის გაზრდაზე, არამედ თვეთა რაოდენობაზე, თუ აქამდე 10 თვე ქონდათ ხელფასი, ახლა არც ერთი თვე არ მოუწევთ ხელფასის გარეშე მუშაობა, ამას დაემატება დეკემბრის თვის წახალისებაც. როგორც აღვნიშნე ეს 160 ათასი არ აისახებოდა ყოველთვიურ ხელფასზე, რამაც დასაქმებულებში უკმაყოფილება გამოიწვია, ამიტომ ისევ ზრუნვა დავიწყეთ ყოველთვიური ხელფასის გაზრდაზე. ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრის შემდეგ საკითხი დადებითად გადაწყდა“.