ხუთ. აპრ 25th, 2024

პირველ ხორგაში ონკანიდან გაურკვეველი შემცველობის წყალი წამოვიდა. სოფელს წყალი ადგილობრივი ჭაბურღილიდან გრაფიკით მიეწოდება.

თუჯის მილები რამდენიმე ადგილას დაზიანებულია, რის გამოც ბინძურდება სასმელი წყალი და ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. წყლის დაბინძურების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ ხობის წყალმომარაგების სამსახურში და როგორც გვითხრეს წყლის სინჯებს ყოველკვირეულად იღებენ და აგრეთვე სურსათის უვნებლობის სამსახურიც დადის თურმე სინჯებზე.

“როგორც ვიცი, წყალს არა უშავს. ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, მგონი ცუდი არაფერი ხდება. ამჟამად მიმდინარეობს მილების გამოცვლა. ხობში სასმელი წყლის მილების 80% იცვლება. სამუშაოებს გერმანული ფირმა ,,ფაიფერი’’ ახორციელებს. ზედამხეველებიც უცხოელები არიან, ძალიან კარგად მუშაობენ, ოდნავ გადაცდომას არ პატიობენ მუშებს და სათანადო კონტროლს უწევენ. მიმდებარე სოფლებში ჯერჯერობით არ იცვლება მილები. აღნიშნული პროექტი არასწორად იყო შედგენილი და დღემდე ხდება ცვლილებების შეტანა. სოფელ გურიფულში დარჩენილია 900 მეტრი, ვითხოვთ ამ მონაკვეთზე მილების ჩაყრას, რის შემდეგაც პირველი ხორგა და შუა ხორგა მიუერთდება ხობის მაგისტრალს, მაგრამ როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია”.

ჩვენს მიერ მიტანილი გაურკვეველი შემადგენლობის სითხის დათვალიერება განაგრძეს და გვირჩიეს მრიცხველის ფილტრით გვესარგებლა. რომელიც როგორც გავარკვიეთ მოსახლეობას უკვე აღარ უყენია, რადგან ფილტრი წყალს არ ატარებდა და ჯერ კიდევ მრიცხველის დალუქვამდე მოხსნეს. თუმცა, ფილტრმა ეს სიბინძურე რომც არ გაატაროს, წყალი ხომ უკვე დაბინძურებულია და მისი მოხმარება მაინც დაუშვებელია? “ეს წყალი არათუ დასალევად, ტექნიკურადაც არ ვარგა. დავრეკავ ლაბორატორიაში და გავარკვევ, როდის აიღეს პირველ ხორგაში წყალი. ვიცით, რომ იქ ქლორიდები დასაშვებ ზღვარზე ცოტათი მეტად არის აწეული, მაგრამ ეს უკვე ტალახია. მალე ხორგაც ხობს დაუერთდება და სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. როდესაც 24 სთ არ არის წყალი, მილი რაც უნდა კარგ მდგომარეობაში იყოს, თან იქ თუჯის მილებია, ხინჯი მაინც წამოყვება”.-აგვიხსნეს წყალმომარაგებაში.

ჩვენ მოსახლეობასაც გავესაუბრეთ. თუმცა, მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს ერთი ცნობილი მარტივი მიზეზის გამო – ,,მათი გადაკიდება არ მინდა“. თუმცა, ზოგიერთებმა საერთოდ არ ისურვეს კომენტარის გაკეთება. “ფულის გადახდის დაგვიანებას არავინ გაპატიებს. არადა, ხშირად ისეთი დაბინძურებული წყალი მოდის, დასალევად არ ვარგა და არც ოჯახში სახმარად. მოდიან სინჯებს იღებენ, ქლორსაც ვუკეთებთო, ამბობენ მაგრამ რა ეტყობა? არც მომსახურება აქვთ წესიერი, წყლის აღწერაზე რომ დადის ის ქალი, ხან მოვა ხან არა, ზერელედ ჩაწერს და მერე ხან 2 ლარი მოდის თვეში ხან 30, შეიძლება ასე? ჩემი სახელი არ ჩაწერო, იმ ქალის გადაკიდება არ მინდა.30 ლარი დაუწერია ჩემთვის. როცა გაირკვა, ,,მერე რა, შეცდომა ვის არ მოსვლიაო“ აქეთ დაგვადანაშაულა, ფული, რა თქმა უნდა, არ დამკარგვია, მაგრამ იქნებ მაშინ სულ არ მქონდა ამდენი თანხა გადასახდელად, სხვისი შეცდომის გამო მე რატო უნდა დავზარალდე?

ივეტა პაჭკორია