ოთხ. ოქტ 9th, 2024

ფოთში, ნანავას ქუჩის #1-ში არსებული საზღვაო ძალების ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში, წელიწადნახევარია 20 ადგილობრივი ოჯახი უკიდურესად შეჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობს.

აღნიშნული შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზეა, სადაც სოციალურად დაუცველი 20 ოჯახი თვითნებურად შეიჭრა. ორსართულიანი მიტოვებული შენობა ადგილობრივმა უსახლ-კაროებმა იპოვეს და დროებით თავი შეაფარეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ საცხოვრებელს ძნელია, სახლი უწოდო. გაუსაძლის პირობებს უკეთესის არარსებობის გამო უკვე თითქმის წელიწადნახევარია მოხუცები, ბავშვები და ავადმყოფები უძლებენ. შენობაში, სადაც სოციალურად დაუცველებმა დროებითი თავშესაფარი იპოვეს, უკვე თვეზე მეტია შუქი არ აქვთ.

აღნიშნულ შენობაში მცხოვრები ადგილობრივი ოჯახიდან ყველა სოციალურად დაუცველია. შენობა 2 სართულიანია და ავარიულ მდგომარეობაშია. სახურავიდან ჩამოსდით წყალი. შენობაში სრული ანტისანიტარიაა. დროებით ჩასახლებულები შენობაში საერთო საპირფარეშოთი სარგებლობენ. არ გააჩნიათ არანაირი სველი წერტილი და წყლის შემოტანა უწევთ ეზოებიდან. აღნიშნულ შენობაში შესვლის დღიდან არ აქვთ ელექტროენერგია. მხოლოდ ახალი წლის დღეებში ენერგო კომპანიამ ჩაურთო დროებით შუქი.

,,წინასაახაწლოდ შევაგროვეთ 200 ლარი და დეპოზიტზე შევიტანეთ, რიც შემდეგაც ენერგო კომპანიამ ჩაგვირთო შუქი, მაგრამ როგორც კი ამოიწურა თანხა ისევ გამოგვირთეს. ჩვენ კი ვიფიქრეთ პრობლემა უკვე მოგვარებული იყო და მრიცხველები დავაყენეთ. დღეს კი ისევ უშუქოთ ვართ უკვე 2 თვეზე მეტია”.

მათი თქმით უშუქობის და სიცივის გამო ბავშვები ნაცნობებთან დაჰყავთ ცოტა ხნით მაინც რომ გაათბონ და რაღაცით გაართონ. მოსწავლეებს კი ისევ სანთლის შუქზე უწევთ გაკვეთილების მომზადება. ბავშვები მუდმივად ცივდებიან, წამლის საყიდელი საშუალება კი არ აქვთ. როგორც ამბობენ, არაერთხელ მიმართეს ქალაქის მესვეურებს ამ პრობლემით, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიიღეს. კერძოდ, აქ მაცხოვრებლები ელექტროენერგიის ჩართვას ითხოვენ. იქ მცხოვრები ქალბატონის ლუარა მალანიას თქმით: „ასეთ პირობებში შეუძლებელია ცხოვრება, აუტანელია უშუქობა, უწყლობა. არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს ადგილობრივი მმართველობა”. მოსახლეობა თვითმმართველობას უმოქმედობაში, უყურადღებობასა და გულცივობაში ადანაშაულებს.

როგორც ამბობენ, რამდენჯერმე მიმართეს წერილებით მერია-საკრებულოს, მაჟორიტარ დეპუტატს, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიუღიათ. თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ სტატუსის გარეშე ენერგოკომპანია ვერ შეძლებს იქ დენის შეყვანას. ხოლო რაც შეეხება წყალმომარაგებას ეზოში მოდის წყალი და იქედან ეზიდებიან.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით მივმართეთ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროს ზვიად შუბითიძეს. მისი თქმით, ამ ადამიანების პრობლემები უცხო არ არის მათთვის და იმასაც ამბობს, რომ ეს ადამიანები წელიწადნახევრის წინ უნებართვოდ შეიჭრნენ ამ შენობაში. შენობა კი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სარგებლობის უფლება.