შაბ. აპრ 20th, 2024

ფოთში არსებული 15 სააღმზრდელო დაწესებულებაში დასაქმებულების შრომითი უფლებები 2007 წლიდან ირღვეოდა. დაახლოებით 320 ადამიანს, წელიწადში ორჯერ უწევდა განცხადების დაწერა

თავიანთ სამსახურებში, რათა ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციას თავიდან მიეღო სამუშაოდ, რაც არსებული შრომის კოდექსის უხეში დარღვევა გახლავთ. ბაღებში დასაქმებულების შრომითი ურთიერთობის დარეგულირებისა და კანონის ფარგლებში მოქცევის თხოვნით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ფოთის საქალაქო ორგანიზაციამ რამდენჯერმე წერილით მიმართა ფოთის მერს, ირაკლი კაკულიას, საკრებულოს თავმჯდომარეებს (ყოფილსაც და ახლანდელსაც), სხვადასხვა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებს, მერის მოადგილესა და სხვა შესაბამის სტრუქტურებს.

ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ინგა გვასალიას განმარტებით მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის მთელ რიგ დებულებებს.Mმისსივე თქმით სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელობა ვალდებული გახლდათ, დასაქმებულებთან დაედო მინიმუმ ერთწლიანი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით.

გვასალია თავის წერილებში შრომითი ურთიერთობის დარეგულირების გარდა, ითხოვდა ხელფასების მომატებასაც. რამდენიმე თვეში პროფკავშირების ამ მოთხოვნამ შედეგიც გამოიღო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო რეაგირება აღნიშნულ საკითხზე და რამდენიმე დღის წინ სპმთპ-ის ფოთის საქალაქო ორგანიზაციამ უკვე წერილობით მიიღო გადაწყვეტილება. როგორც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა გვასალია ამბობს:

,, საბავშვო ბაღებში ძალიან რთული ვითარება გახლდათ, როგორც ხელშეკრულებებთან, ისე ხელფასებთან დაკავშირებითაც. წლების განმავლობაში საქმე გვქონდა შრომის კოდექსის უხეშ დარღვევასთან. როგორც გავარკვიე, 2007 წლიდან იყვნენ ბაღებში დასაქმებულები ხელშეკრულების გარეშე და წელიწადში ორჯერ ბრძანებით ინიშნებოდნენ, რაც კანონის უხეში დარღვევაა. უკვე მივიღეთ პასუხი ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, ბაღებში დასაქმებულებს უკვე აღარ მოუწევთ წელიწადში ორჯერ განცხადების დაწერა და 1 წლის ვადით გაუფორმდებათ ხელშეკრულება. ამავდროულად, როგორც წერილია მითითებული, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას უვადო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, რადგან შრომის კოდექსის მიხედვით, თუ ხუთ წელზე დიდხანს მუშაობს პიროვნება ერთსა და იმავე ორგანიზაციაში, 2014 წლის 12 ივლისიდან უვადო ხელშეკრულება ეკუთვნით.

აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაღებში დასაქმებულთა საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს არათუ ხუთწლიანი, არამედ 20 – 30 – 40 წლიანი სამუშაო სტაჟიც კი, მათ უკვე ეკუთვნით უვადო ხელშეკრულებები. როგორც გვპირდებიან, ეს ხარვეზიც გამოსწორდება. ასევე, როგორც წერილშია აღნიშნული, ის პიროვნებები, რომლებთანაც დაიდო ერთწლიანი შრომის ხელშეკრულება, ავტომატურად უკვე ითვლებიან უვადო ხელშეკრულებაში. გარდა ამისა, ვითხოვდი ბაღებში დასაქმებულების ხელფასების მომატებას, რადგან ბაღების დაფინანსება გაიზარდა 200 000 ლარით და 2015 წლის ბიუჯეტში გაჩნდა შესაძლებლობა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა. ამ საკითხშიც დამეთანხმა ადგილობრივი ხელისუფლება და ამ ეტაპისთვის ნაწილობრივ პრობლემა მოგვარებულია. 160 ათასი დაემატება სახელფასო ფონდს, რაც აისახება არა ყოველთვიურ ხელფასის გაზრდაზე, არამედ თვეთა რაოდენობაზე, თუ აქამდე 10 თვე ქონდათ ხელფასი, ახლა არცერთი თვე არ მოუწევთ ხელფასის გარეშე მუშაობა“.


როგორც ირკვევა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ძალისხმევით პრობლემა უკვე გადაიჭრა და ბაღებში დასაქმებულებს ექნებათ ერთწლიანი ხელშეკრულება. ამას გარდა, თუ მანამდე მხოლოდ ათი თვე ჰქონდათ ხელფასი და 15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე არც კი ირიცხებოდნენ აღნიშნული ორგანიზაციის თანამშრომლად, უკვე ეს პრობლემაც მოგვარებულია – ისინი პირველი აგვისტოდან 1 სექტემბრამდე იქნებიან შვებულებაში და 12 თვის განმავლობაში მიიღებენ ხელფასს. ასევე, მათ ექნებათ დამატებითი ხელფასი პრემიის სახით.
ნინო გვასალია