ხუთ. აპრ 25th, 2024

ფოთის საზღვაო სადგურის შენობას დანგრევის საფრთხე ემუქრება. ამასთან დაკავშირებით ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან გაიმართა აქცია.

საზღვაო სადგურის შესაძლო დანგრევის გარდა, ადგილობრივი მაცხოვრებლები პორტის გასხვისებისთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ და მიაჩნიათ, რომ მისი კანონიერებით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. აქციაზე თავი მოიყარა ფოთელმა მოსახლეობამ და სხვადასხვა ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

საზოგადოების აზრის დარბაზის წევრმა, თამაზ პაჭკორიამ ისაუბრა ქალაქში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ ფოთი განსაცდელშია, მას ართმევენ საზღვაო ქალაქის სახელს და ცდილობენ, რომ მხოლოდ ტერმინალის ფუნქცია დაუტოვონ: ,, ჩვენმა ყოფილმა უბადრუკმა მთავრობამ და მათმა მემკვიდრეებმა იპოვეს კომპანიები, რომლებიც ფოთელებს პორტში შესვლასა და გემთან მიახლოებას კი არა, ზღვისკენ გახედვასაც კი უკრძალავენ, ჩვენ ვითარების გაუმჯობესებას ველოდით, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, ეკონომიკის სამინისტრომ ზურგი აქცია ფოთელებსაც და ქვეყანასაც, მან ნავსადგურის ახალ მეპატრონესთან დადებული ხელშეკრულება გაასაიდუმლოა. დაგვიმალეს და გაასხვისეს ამიერკავკასიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი. ნავსადგურის ახალი მეპატრონე არ იმსახურებს ჩვენგან კეთილგანწყობას – ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ნავსადგურში დღეს სრული ქაოსი და უწესრიგობაა, მონურ მდგომარეობაშია მომსახურე პერსონალი, დარღვეულია ყოველგვარი ნორმები და პირობები, კვლავ გრძელდება ნავსადგურში მინერალის ალუმინის ოქსიდის ღიად დამუშავება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნებელია.

ნავსადგურის ამჟამინდელი ხელისუფლება არ მონაწილეობს ქალაქის განვითარებასა და კეთილმოწყობის პროექტებში, პირიქით, ზღუდავს და ქმნის პრობლემებს, ერთ-ერთი ამ პრობლემათაგანია ის, რომ აუკრძალეს ზღვაში გასვლა და ანკესით თევზაობა იმ მოყვარულ მეთევზეებს, რომლებიც ნავსადგურის დაარსებიდან თევზაობდნენ ბრიკვადორზე და ამით ირჩენდნენ თავს. ეს ყველაფერი ალბათ, იმის ბრალიცაა, რომ ფოთელები ინერტულები ვართ, თავის დროზე უნდა ამოგვეღო ხმა, საზოგადოება ვალდებულია აქტიურად ჩაებას ქალაქის ცხოვრებაში. ჩვენ პირობას ვიძლევით, რომ სამართლიანობის აღსადგენად ბოლომდე ვიბრძოლებთ”.

მოყვარულ მეთევზეთა ჯგუფი ავრცელებს წერილს, სადაც ითხოვენ სათევზაოდ გასვლის ნებართვას. წერილში წერია, რომ ქალაქში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ნაბადის ტერიტორიაზე მთლიანად გადაკეტილია ზღვის სეგმენტი და მოსახლეობას ზაფხულში საბანაოდაც კი არ უშვებენ. ადრე იქ ყანები და ბოსტნები ჰქონდა ხალხს, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს მიწები გაასაჩუქრეს, უცხოელებმა შემოღობეს იქაურობა და მიახლოებაც არ შეიძლება. რესურსებითა და შესაძლებლობებით ყველაზე მდიდარი ქალაქი დღეს უღარიბესი და გაპარტახებულია. ყველაფერი გაყიდულია, ქალაქი – გაძარცვული. პალმებიც კი ამოთხარეს – ანაკლიას უფრო დაამშვენებსო.

აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი დარბაზის წევრი გოჩა აბშილავამაც მიმართა: ,,უდავოა ის ფაქტი, რომ ფოთი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ნავსადგურია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ, შავი ზღვის აკვატორიაში, შესაბამისად, ქალაქი უნდა იყოს მოწყობილი და სარგებლობდეს იმ სიკეთით, რასაც მას აძლევს ზღვა და შესაბამისი ნავსადგური, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ქალაქი წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით ყველაზე ღარიბი, სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგომ ქალაქად, ეს ყველაფერი კი განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივმა ხელისუფლებამ და ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 8 აპრილს ერთპიროვნულად გაყიდეს ქალაქ ფოთის საზღვაო – სავაჭრო ნავსადგურის აქციათა პაკეტის 52% და მიყიდეს არაბულ ჯგუფს.

იმავე დღესვე ქონების მართვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკვე გაყიდული ნავსადგურის ქონებას დამატებოდა 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შესაბამისი ჰიდროტექნიკური ნაგებობებით, მათ შორის, საზღვაო ვაგზლის შენობაც. ყველაფერი ეს გადავიდა ერთი მფლობელის ხელში, შემდეგ რამდენჯერმე მოხდა ამ ყველაფრის ყიდვა-გაყიდვა და დღეს ნაცვლად იმისა, რომ განვითარდეს ქალაქი და არ დაეკარგოს სტატუსი, ჩამოსული ინვესტორი ჩვენთან შეუთანხმებლად მოქმედებს და გვინგრევს იმას, რაც აშენებულია და მოტანილია დღემდე.

დღევანდელ ინვესტორს ,,ეი-პი-ემ ტერმინალს“ ქალაქის განვითარებაში უნდა ჩაედო 65 მილიონი დოლარი, მაგრამ მსგავსი არაფერი მოხმდარა. უშუალოდ ნავსადგურთან დაკავშირებით კი, შარშან თვითონ ქალაქის მმართველობამ, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება პორტის შენობის დემონტაჟის შესახებ. ეს ბრძანება უნდა გაბათილდეს, ვინაიდან არ არსებობს მისი არც იურიდიული საფუძვლები და ზოგად-ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებიც დარღვეულია“.
მორვაგზალის შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებმა თავისი აზრი გამოთქვეს.

,,მოსახლეობისადმი არის უსულგულო მიდგომა. ეტაპობრივად იწყება ნავსადგურის ტერიტორიის გაფართოება, შემოღობვა, მიუხედავად ხალხის წინააღმდეგობისა, ნიკო ნიკოლაძის ძეგლი აქეთ გადმოიტანეს, ნაბადაში მთელი ტერიტორია გადაკეტილია და იქ მცხოვრებს არ აქვს საშუალება ზღვისკენ გასლისა. ახლა ამბობენ, რომ ნავსადგურის შენობას დემონტაჟი უნდა გაუკეთონ, მეზღვაურთა შენობა გაასხვისეს, ქალაქის საავადმყოფო წაგვართვეს, ქალთა კონსულტაციის შენობაც გაასხვისეს, სანაპირო ზოლი გაგვიყდეს, ჩვენს მეთევზეებს ზღვაში არ უშვებენ, მოსახლეობას წამლავენ, არავინ გვისმენს, ხელისუფლება იცვლება და მდგომარეობაც იცვლება მხოლოდ უარესობისკენ“.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ,,ეი-პი-ემ ტერმინალ ფოთის” ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს. კერძო საუბარში კი აცხადებენ, რომ კანონიერების ფარგლებში მოქმედებენ. ადგილობრვ ხელისუფლებაში გვპირდებიან, რომ შეეცდებიან არსებული ვითარების დარეგულირებასა და იმ პრობლემების მოგვარებას, რომელსაც ასე მწვავედ განიცდის ფოთელი მოსახლეობა.
ნინო გვასალია